"ნიუს დეი საქართველოს" განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ივნისი 2019 11:15

საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" უერთდება და სრულად უჭერს მხარს „პალიტრა მედიის“ განცხადებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

აქვე უცვლელად გთავაზობთ მედია-ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. 

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 250-მდე ადამიანი, მათ შორის 33 ჟურნალისტი,რომელთაც დაზიანებები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების რეპორტიორებთან ერთად, დაშავებულები არიან „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს ძირითადად, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ, რომელსაც შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებდა საპროტესტო აქციის დაშლისას.

დაზიანებების ხასიათი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ჟურნალისტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა, დამდგარიყო უფრო მძიმე შედეგიც.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჟურნალისტები ნებისმიერი მწვავე და სახიფათო სიტუაციის გაშუქებისას იმყოფებიან მოვლენების ეპიცენტრში, რათა ზუსტად და შეუფერხებლად ასახონ და საზოგადოებას მიაწოდონ მათ წინაშე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, მათ მუშაობა უწევთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.

მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ნორმების დაცვა თავად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ხელისუფლების დეკლარირებული დამოკიდებულება დემოკრატიის ნორმებისადმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური