საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:14

2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულვებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის  მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების  სისტემას.
რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.
კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.
განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.
ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობა, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროება. 
არსებული გამოწვევების პასუხად, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების დაზიანებას, საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულმა მხარემ მიიღო რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რუსეთის შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
ქართული მხარე დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა წარმართოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად,  კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.  
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
 

მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:07

საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

"ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

„ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 დეკემბერი 2018 16:49

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.

„ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველომ მათი უფლებები დაარღვია და მიუთითებდნენ სიცოცხლის, საკუთრების უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის დარღვევაზე. სასამართლოს პასუხი არის, რომ ეს ჩივილები არის დაუსაბუთებელი და საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე თქმით, ამ საქმის მიმართ იყო დიდი მოლოდინი.

„ევროპის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველო - რუსეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელობა აქვს სხვა საქმეებზეც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება. ეს საქმეები ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ცესკოს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 17:10

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელმა პირებმა, კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ცესკოს თავმჯდომარემ მედიასთან იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

„10 წელი გავიდა ომიდან. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია. ჩვენ, ცენტრალური  საარჩევნო კომისია დღეს აქ ვართ, რომ პატივი მივაგოთ აგვისტოს ომის გმირებს. ის ღირებულებები, რომლისთვისაც ჩვენი მეომრები იბრძოდნენ ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა ქვეყნის გმირები იბრძოდნენ ძალიან დიდი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს მათი თავდადება. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მოქალაქემ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იბრძოლონ იმ ღირებულებებისთვის, რაც არის საქართველოს ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:29

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 18:45

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„შინდისი ის ადგილია, სადაც 9 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო. ამ ბიჭებმა სამშობლოს სიყვარულისა და გმირობის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენეს. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და მათ ოჯახებს მადლობას ვეუბნებით ასეთი გმირების აღზრდისთვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პირობით მსჯავრდებულებმა მარნეულსა და ბათუმშიც მიაგეს პატივი.

მთელ საქართველოს გულში უნთია აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის სანთელი - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:23

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიაგო. 

პრემიერი ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად გამოჩნდა და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ომის შედეგებს - პრემიერის თქმით, ქვეყნის გაერთინებისთვის მუშაობენ.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.

რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის. ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:14

2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით. რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა. მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილ ძირძველ ქართველ მოსახლეობას თავის მიწა-წყალზე, როგორც უცხოელებს, ისე ექცევა. გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება. ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან.
რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კონსტრუქციული ჩართულობით ცდილობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევას. მეტიც, იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატიურად ეწევა ძალის გამოყენებას, საქართველომ არაერთხელ, მათ შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას.
სწორედ მსგავსი რაციონალური და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ზემოხსენებული ურთულესი გამოწვევების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე  და წინსვლა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
ქართული მხარე დიდად აფასებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მათ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად დარეგულირებას. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:05

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

„9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო. პირველ რიგში, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და გავიხსენოთ ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ - ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური