მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 15:51

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

ნოემბერში საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 16:23

28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ძირითად თემას  საქართველოში დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

"აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და  გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

"ბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

ქუმსიშვილი საერთაშორისო ვაჭრობის "აბრეშუმის გზის" პალატის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 12:52

საერთაშორისო ვაჭრობის "აბრეშუმის გზის" პალატის წევრებს ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი  შეხვდა. 

მოეწყო ახალი პროექტების -‘ ’ელექტრონული აბრეშუმის’ გზა" და ‘’აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება’’ პრეზენტაცია. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,რომ ახალი პროექტები კერძო ბისზნესს საქმიანობის გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენებს და მეწარმეებს საშუალება ექნებათ გაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში. 

აბრეშუმის გზის ახალი პერსპექტივები "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 15:03

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პერსპექტივები. იქცევა თუ არა საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვაძო ქვეყანად. რა ინვესტიციების განხორციელებაა მოსალოდნელი და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ახალ გლობალურ პროექტში ჩართვა. „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი, მისი ეკონომიკური მრჩეველი ლიუ ბო, აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები და ეკონომისტი პაატა შეშელიძე პასუხობენ. პროგნოზები და ანალიზი ჩვენს ეთერში. უყურეთ „ სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე".

აბრეშუმის გზის ფორუმი "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:59

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პერსპექტივები. იქცევა თუ არა საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვაძო ქვეყანად. რა ინვესტიციების განხორციელებაა მოსალოდნელი და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ახალ გლობალურ პროექტში ჩართვა. „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი, მისი ეკონომიკური მრჩეველი ლიუ ბო და აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები პასუხობენ. პროგნოზები და ანალიზი ჩვენს ეთერში. უყურეთ „ სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე". 

პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე CNN-ის ეთერში ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-ის ეთერში აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საუკეთესო ხიდია, და ეს ყოველთვის საქართველოს ისტორიული როლი იყო და საქართველოს, ამ ორი კონტინენტის დაკავშირებისა და დაახლოების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

 „ჩვენს ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რისი წყალობითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უმოკლესი მარშრუტი ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,აბრეშუმის გზის ფორუმს“ საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:59

15-16 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია მონაწილეობს.
ღონისძიების მეორე დღეს, რომელიც აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციისგამოფენას მიეძღვნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, ფრაქციის ,,თბილისელები’’ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი და უმრავლესობის წევრი დავით უთმელიძე დაესწრნენ.
დღესვე ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე იმსჯელეს და კონკრეტული საპროექტო წინადადებები განიხილეს.
,,აბრეშუმის გზის ფორუმს'', რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლიღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და რომლის ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთიქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ესწრება.

"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 14:03

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში - რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებულ თანამშრომლობისა და ვაჭრობის პოტენციალზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში ჩინეთის 200 ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

· ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

o საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის.

o საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს საერთაშორისო მეწილეებს.

· ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

· კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

· კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:


· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში:

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან.

· ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

· მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში.

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან თქვენი ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება, შეგხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი იქნება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და მაგალითად დაასახელა „ჰუალინგ ჯგუფი“, რომლის ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება.

· „ტატა ჯგუფმა“ (ინდოეთი), Clean Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში.

· კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთ მილიარდიან ინვესტიციას ნენსკრაჰესის მშენებლობაში.

· საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი.

· კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში.

პრემიერი ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს.

„შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი. პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ აქ იმყოფებით. საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას“, - მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:56

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მუშაობას აგრძელებს. დღეს იმართება პანელი სახელწოდებით „საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები“. პანელის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ისინი ფორუმის მონაწილე უცხოელ სტუმრებს გააცნობენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც ვრცლად ისაუბრა ფორუმის და კონკრეტულად ამ პანელის მნიშვნელობაზე:

„დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, გვექნება დისკუსია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, შესაბამისად, ფორუმზე ჩამოსულ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ გავუზიარებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო „ბიზნესის კეთების რეიტინგში“ 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა, აღმოსავლეთ ევროპაში კი პირველ ადგილზე. რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის - იმას, რომ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ძალიან მარტვივად შეუძლიათ კომპანიის დარეგისტრირება და საბანკო ანგარიშის გახსნა. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ასე არ ხდება ყველა ქვეყანაში და ჩვენ ამ მიმართუელბით ნამდვილად წარმატებულები ვართ ჩვენს რეგიონში და არამარტო აქ. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არ ხორციელდება კონტროლი სავალუტო გადარიცხვებზე, არ არის შეზღუდვა კაპიტალის შემოტანაზე და გატანაზე, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ის სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან, რეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ  ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს, ადამიანებს ჰქონდეთ მაღალი და დამსახურებული ხელფასები. სწორედ ეს არის ის ბაზარი, სადაც უნდა იქნას გატანილი საქართველოში შექმნილი მომსახურებები და საქონელი. შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს ვაჩვენოთ, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია - ამისი მაგალითი შარშანდელი წელია, როცა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უპრეცედენტო მაღალი შემოდინება გვქონდა. ამ წლის პირველ ორ კვარტალში ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასევე ძალიან მაღალი შემოდინება გვქონდა - 530 მილიონი დოლარი და ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტრენდი ასევე გაგრძელდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ კარგი  რეიტინგები აქვს სხვა მიმართულებებითაც - საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, აქ პრაქტიკულად არ არის კრიმინალი და ეს ყველაფერი ის ფონია, რომლის დროსაც ინვესტორს ქვეყანაში შემოსვლა და ახალი ბიზნესის დაწყება სურს.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება, მათ შორის ხელი მოეწერება ტყიბულში 100 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტის განხორციელებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სატრანზიტო პოტენციალზე და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომელშიც ჯამურად რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის პორტი თავისთავად განმხოლოებული სუბიექტი არაა - პორტის უკან 600 ჰექტარ ფართობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ, მას, რა თქმა უნდა, დახვეწა სჭირდება, მაგრამ დღეს კანონი ადგილზეა და  იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოში მოხდეს პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი ევროპაში შეტანა.

„თბილისისაბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართულ ბიზნესსაც ძალიან გამოადგება - ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ბიზნესთან კავშირი. ფორუმები შესაძლებლობაა, სადაც ინტერესთა კონცენტრაცია ხდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, როდესაც კეთდება ორი მხრიდან დაინტერესებული პირების შეხვედრის ორგანიზება. შესაბამისად, ეს ფორუმი ბიზნესებისთვის ახალი კავშირების  დამყარების და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაა, რომლებიც ხვალ-ზეგ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური