"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 14:03

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში - რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებულ თანამშრომლობისა და ვაჭრობის პოტენციალზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ბიზნესი იქნება აბრეშუმის გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში ჩინეთის 200 ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

· ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

o საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის.

o საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს საერთაშორისო მეწილეებს.

· ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

· კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

· კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:


· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში:

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან.

· ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

· მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის ვაჭრობის გულში.

„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელებით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო მარშრუტზე ბევრად უფრო სწრაფად. თავისუფალი სავაჭრო კავშირები კი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ერთ-ერთი მთავარი უტარიფო რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის ინვესტირება საქართველოში ისევე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან თქვენი ხარჯები და გადასახადები უფრო დაბალი იქნება, შეგხვდებათ ნაკლებ მარეგულირებელი დაბრკოლება, ხოლო ამონაგები ბევრად დიდი იქნება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და მაგალითად დაასახელა „ჰუალინგ ჯგუფი“, რომლის ინვესტიციების ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარს აღემატება.

· „ტატა ჯგუფმა“ (ინდოეთი), Clean Energy Invest-მა (ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ სულ ახლახან განახორციელეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის პროექტში.

· კორეის წყლის რესურსების კორპორაცია და საქართველოს საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ ერთ მილიარდიან ინვესტიციას ნენსკრაჰესის მშენებლობაში.

· საქართველოში ფუნქციონირებს ტოიოტას (იაპონია) კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი და დისტრიბუციის ცენტრი.

· კომპანიები Dhabi Group და RAKIA (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სასტუმროების, უძრავი ქონებისა და სხვა პროექტებში.

პრემიერი ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 18-ჯერ გაიზარდა, 310 ათასიდან 2003 წელს 5,5 მილიონამდე 2014 წელს.

„შარშან და შარშანწინ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ, ხსენებული ინიციატივების მსგავსად, დღევანდელი ღონისძიებაც გაუხსნის გზას ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და გააღრმავებს თქვენს დაინტერესებას საქართველოთი. პირადად მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა უცხოელ ინვესტორს სრულ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაარსებისა და ამოქმედებისა საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ აქ იმყოფებით. საქართველო არის სტაბილური, ძლიერი და ღია სახელმწიფო. ჩვენი თანამშრომლობა შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას“, - მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს.

„საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:14

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღეს პრემიერმა  საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

„საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ნამდვილად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რასაც აბრეშუმის გზა ქვია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ინვესტიცია მიმართულია იმაზე, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.

„ძალიან ბევრი ინვესტორია ამ თვალსაზრისით დაინტერესებული. ბოლო 11 წლის განმავლობაში 18-ჯერ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მათი რაოდენობა 2014 წელს იყო 5 მილიონ 500 ათასი. გასული წელი იყო მეორე, რომელის განმავლობაშიც შემოსული ტურისტების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა სრულად დაგიჭერთ მხარს თქვენს ინიციატივებში, ვიქნებით თქვენი ეფექტური პარტნიორი.

საქართველო არის ღია, სტაბილური ერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ფორუმის მეორე დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებია. 

პრემიერმა აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი რანგის სტურებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:21

დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ აბრეშუმის გზა გახდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ღონისძიების ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, მთავრობის ადმინისტრაციას. 

„დღეს ჩვენ მოვუსმინეთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებმაც აღწერეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია ეს გამოსვლები. ვიმედოვნებ, თქვენზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს, თქვენც დარწმუნდით, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი გყავთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განსაკუთრებით მიესალმა ლიდერებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან - ავღანეთიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, კორეიდან, ქუვეითიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, ყატარიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, შვეიცარიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აშშ-იდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან.

პრემიერის თქმით, საოცარია, რომ თვითმყოფადი, მაგრამ ხშირად ურთიერთდაკავშირებული ისტორიული წარსულის მქონე ამდენი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც განმსჭვალული არიან მშვიდობის, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, დღეს ერთად უსხედან ქართულ სუფრას.

პრემიერ-მინისტრმა და მაღალი რანგის სტუმრებმა ერთად შესვეს აბრეშუმის გზის - კეთილდღეობის ისტორიული დერეფნის აღორძინების სადღეგრძელო.

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 16:16

32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი, - თბილისში დღეს აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს სტუმრობენ - ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანია; "ეკონომისტის" წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.

პრემიერ-მინისტრი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 15:00

ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს,-ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

საპატიო სტუმარს საქართველოს მთავრობის მეთურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალზე იმსჯელეს. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გაგრძელდა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობას და საქართველოს წინაშე მდგარ ახალ შესაძლებლობებს.

„ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი,"-აღნიშნა შეიხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მანვე ნაყოფიერი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

 

„ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 14:42

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ბრიუს ენდრიუსი საქართველოში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე იმყოფება. ჟურნალისტებთან საუბრისას, ენდრიუსმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სთვის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორია და ამერიკას სურს, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს.

ენდრიუსის თქმით, საქართველო ამერიკული ბიზნესკომპანიების დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე ამ ფორუმზე ელჩ კელისთან და მის გუნდთან ერთად. საქართველო არის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორი აშშ-სთვის. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები. ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველო მთელი რიგი მიზეზების გამო გამოიწვევს. მათ შორის გახლავთ ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორუფციასთან აგრესიული ბრძოლა. ამერიკული კომპანიებისთვის საქართველო ასევე საინტერსეო იქნება იმით, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო წარმოაჩენს თავის თავს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრი. ჩვენ გვსურს, რომ ამერიკული კომპანიები მეტად იყვნენ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი“, - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა.

 „რეგიონში არის ეკონომიკური განვითარების შენელება. იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, მნიშვნელოვანია რეგიონის გაჯანსაღება ეკონომიკურად. იმისთვის, რომ მოხდეს კაპიტალის მოზიდვა, უმჯობესია კლიმატის შემდგომი განვითარება, შესაძლებლობების შეთავაზება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს ბაზარი ყველასთვის ღიაა“, - აღნიშნა ენდრიუსმა.

"ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 12:53

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით“.

"მისასალმებელ სიტყვებში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს, მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომელიც განხორციელდება ფორუმის ფარგლებში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"თქვენ იცით, რომ ვართ საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების და შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში", - განაცხადა მინისტრმა.

ქუმსიშვილის თქმით, ინვესტიციების განხორციელება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება.

"ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსირებისთვის. მათ შორის ეს არის აბრეშუმის გზის ფონდი, ეს არის აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანაორგანიზებისთვის ჩინეთის მთავრობას და ასევე აზიის განვითარების გზას, რომელიც მისი თქმით, ძირითადი სპონსორი იყო.

„აბრეშუმის გზა, ეს არის ეკონომიკური ინიციატივა“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 12:08

ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი შოხრატ ზაკირი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზა, ეს ისტორიული გზაა.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ თბილისში, რათა განვიხილოთ აბრეშუმის გზის პოტენციალის მაქსიმალური ათვისების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მე წარმოვადგენ ჩინეთის მხარეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უპირველეს ყოვლისა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის ასევე მთავრობას, ასევე ჩემს ჩინელ კოლეგებს, მათი დიდი მუშაობისთვის, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარებულიყო. როგორც მოგეხსენებათ, აბრეშუმის გზა ეს არის ისტორიული გზა. კაცობრიობის ისტორიაში ეს ძალიან დიდი ხანია არსებობს. დღევანდელ სამყაროში ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყველამ ვისარგებლოთ და ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის პოტენციალის გაძლიერება. სწორედ ამიტომაც ვართ აქ შეკრებილები. აბრეშუმის გზა, ეს არის ეკონომიკური ინიციატივა, ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას უმქნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ. რაც შეეხება ჩვენს ოლქს, სინძიანის ოლქი ძალიან ახლოს მდებარეობს ევრაზიის კონტინენტთან. ეს არის პროვინცია ჩინეთში, რომელიც ყველაზე დიდია, ტერიტორიის მიხედვით და ის ესაზღვრება მთელ რიგ ქვეყნებს. სინძიანის საზღვარი ეს არის 560 ათასი კილომეტრი და ამ საზღვრით სხავდასხვა ქვეყანას ესაზღვრება. ეს არის პროვინცია, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან. ოთხი საათია პეკინიდან თბილისამდე. რაც შეეხება სინძიანს, ეს არის დაახლოებით 2 საათის საფრენზე. რაც შეეხება სახმელეთო გზას, ეს არის დაახლოებით ნახევარი მოცულობის, ვიდრე არის პეკინამდე", - აღნიშნა შოხრატ ზაკირმა.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობას გავაფართოვებთ. ჩინეთი, როგორც იცით, ეს არის ძირითადი მამოძრავებელი აბრეშუმის პროექტის განხორციელებაში და შესაბამისად, ჩვენი ოლქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სინძიანს ძალიან ბევრი რესურსი აქვს. ეს არის ქვანახშირი, ნავთობი, გაზი და მოხარულები ვართ, რომ კულტუურული თვალსაზრისითაც საკმაოდ მაღალ ინტერესს წარმოვადგენთ და დაინტერესებულები ვართ, რომ აქტიურად ვიღებდეთ მონაწილეობას აბრეშუმის გზის პროექტში. ეს არის უპრეცენდენტო, ისტორიული შესაძლებლობა და ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის რომ ვაჭრობას შეეწყოს ხელი, ლოჯისტიკა იყოს, კარგად ფუნქციონირებადი, არ იყოს დაბრკოლებები და ყველაფერი ამ ერთობლიობის შედეგად, აბრეშუმის გზა გახდება მეცნიერების, ვაჭრობის კერა, გარდა ამისა ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მაქსიმალურად უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს და ჩინეთი მზად არის გაუზიაროს ქვეყნებს თავისი შესაძლებლობები", - განაცხადა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.  

დავით ბაქრაძე: ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 11:32

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, „აბრეშუმის გზა“ და სტაბილურობა ამ გზაზე, მნიშვნელოვანია პროექტში ჩართულია ყველა მხარისთვის.

„ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. ეს ქმნის შესაძლებლობას ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და რა თქმა უნდა, ჩინელი პარტნიორებისთვის. ზოგადად, „აბრეშუმის გზა“ და სტაბილურობა ამ გზაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია პროექტში ჩართულია ყველა მხარისთვის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 11:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას.“

"ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე: ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს დღეს შედეგი მოაქვს, ხოლო ცივილიზაციის ჩვენი ისტორიული გზაჯვარედინი მზად არის, დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი როგორც გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ.

ეს არის ჩვენი პირველი ფორუმი. ჩემი მიზანია, ყველამ შევიმუშაოთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა, რათა მომავალ წელს წარვადგინოთ ანგარიშები ამ გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლის შესახებ.

ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. წინ დიდი სამუშაო გველის. იმედით შევყურებ შემდგომ ფორუმებს, რომლებზეც ხაზგასმული იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლა ნათელი მომავლისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, "არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თუმცა მინდა გამოვყო ერთი საკითხი.

დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა ხორციელდება ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და აგრეთვე ჩვენი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. მოვუწოდებ ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ და ჩვენი პოტენციალის ხორცშესასხმელად ახალი გზების მოძიებისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში ველი თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს აბრეშუმის გზის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს.

"განსაკუთრებით მინდა მივესალმო აქ მყოფ ყველა ბიზნესლიდერს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ზოგი თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ დისკუსიებში და, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნის მიზანია საინვესტიციო შესაძლებლობების მოსინჯვა. სულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1 000 ადამიანი, რაც ძალიან შთამბეჭდავია ამ ტიპის პირველი ღონისძიებისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის.

ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას.

თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას.

გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური