კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტი, სახელწოდებით „აბრეშუმის გზის მელოდია“ გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 15:39

ჩინეთის ეროვნულ დღეს ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღნიშნავენ. ეს დღე აღინიშნება გრანდიოზულად არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

მიმდინარე წელს ეს დღესასწაული აღინიშნა თბილისში, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც კლასიკურ მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „აბრეშუმის გზის მელოდია“ გაიმართა ქართველი და ჩინელი შემსრულებლების მონაწილეობით. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ძი იენჩიმ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ჩინეთის ეროვნულ დღე და ყველას წინსვლა და ბედნიერება უსურვა. ჩინეთის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინელი შემსრულებლების მაღალი პროფესიონალიზმი და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. 

ჩინელი მევიოლინე Wang Kaiping და დირიჟორი Qiu Genghua წარსდეგნენ ქართველი მსმენელის წინაშე, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ეს დღე ყოველწლიურად  თბილისშიც აღინიშნება, რომლის ორგანიზატორები არიან : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, მედია-ჰოლდინგ GBTIMES Georgia-თან ერთად.

პირველი ოქტომბრის ღონისძიება მიეძღვნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავს, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინციატივის 5 წლისა და ჩინეთის გახსნილობის 40 წლისთავს.

ავთანდილ ოთინაშვილი

„საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 აგვისტო 2017 16:51

საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლი ‘იხუანი და  ჩინეთის ელჩი საქართველოში  ძი იენჩი.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; ასევე, სტრატეგიული პროექტის “აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნეს კომპანიის, ასევე საქმიანი წრეებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩინური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და 80-მდე ბიზნეს კომპანიის წარმოადგენლები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ჩვენ ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, - განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე  ძიანგსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგის წარდგენა მოეწყო. გაიმართა ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.

საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პირველი  სემინარი თბილისში გასული წლის 22 მარტს შედგა. საქართველოში მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გამართვის გადაწყვეტილება ამავე წელს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დიერქტორის დავით საგანელიძის  საქმიანი ვიზიტის დროს, ადგილობრივ მთავრობასა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გადაწყდა.

საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, „პაბსეკის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძრვანელობით სექტემბრის თვეში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.

ძიანგსის პოროვინციის შესახებ

ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნანჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც  ქართული ღვინის რეალიზაცია ხდება.

აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:22

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ როლს შეიძენს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებაში.

 მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ამ მიმართულებით დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის განხორციელებისთვის.

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე „სარტყელი და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და „სარტყელისა და გზის“ პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც მხარები შეთანხმდნენ, იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას გიორგი გახარიამ ინფორმაცია მიაწოდა 2017 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი თბილისის ფორუმის „სარტყელი და გზა“ შესახებ და ფონდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიიწვია.

აბრეშუმის გზის ფონდი პროექტის „სარტყელი და გზა“ ხელშეწყობისთვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი კაპიტალი 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 14 მაისს პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „სარტყელი და გზა“ ჩინური მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ფონდს კიდევ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაემატება.

ქართული დელეგაცია ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტს დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:04

საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით 5-8 სექტემბერს ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებას - ,,აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტი და აბრეშუმის გზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - 2016“ (2016 Silk Road Business Leadership Summit and Silk road chamber of International Commerce Annual Conference) დაესწრო. ღონისძიება აბრეშუმის გზის კომერციული პალატის, ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, შანსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს და სიანის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ყოველწლიური სამიტი აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში მდებარე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის გააქტიურებას და ერთობლივი ახალი პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი სამიტის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები ჩინური ჩაისა და ქართული ღვინის უძველეს ტრადიციებს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჩატარდა. ქალაქ სიანის აბრეშუმის გზის მუზეუმში (Tang West Market Silk Road Museum) აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში (Trade Fair of Classic Wine&Tea), ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის სამიტი, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი კონცეფციის - ერთი ეკონომიკური სარტყელი - ერთი გზა - ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.

აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტში 40 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამში დავით აფციაურის განცხადებით, ქალაქი სიანი წარმოადგენს აბრეშუმის გზის საწყის წერტილს. ჩინეთის რესპუბლიკაში შანსის პროვინცია, კერძოდ ქალქი სიანი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმების, კონფერენციების და სამიტების გამართვის სახით კუთხით გამორჩეულია. ბოლო წლების მანძილზე საქართველო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს.

 

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც საქართველო წარმოდგენილია სპეციალური სტუმრის სტატუსით და შეაბამისად შემუშავებულია სპეციალური პროგრამა საქართველოს მონაწილეობით. ყველა ამ ღონისძიების ცენტრალური თემა ქართული ღვინოა. ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე ძალიან ძლიერად მიაბიჯებს და იკვლევს გზას. ფორუმის ფარგლებში მოწყობლ ქართულ ექსპოზიციას არა მხოლოდ ბიზნესწრეების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის შესახებ ცობადობის ზრდას“, - აღნიშნა დავით აფციაურმა.

აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე აბრეშუმის გზის სავაჭრო კომერციული პალატის ვიცე-თავმჯდომარემ, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის საპატიო თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ადამ ჰუანგი წარმოადგენდნენ.

 

 

 

 

 

ვლადიმერ პუტინის ექსკლუზიური ინტერვიუ „სინხუას“ გენდირექტორთან: ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე - მსოფლიოში სტაბილურობის გარანტია

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
შაბათი, 25 ივნისი 2016 11:33

ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტო „სინხუას“ გენერალურ დირექტორს ცაი მინჩჟაოს. ვ. პუტინი ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ცზინპინის მიწვევით ჩადის. ვლადიმერ პუტინმა, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთნდობა უპრეცედენტო დონეზეა. ამჟამად მუშაობა მიდის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე სავაჭრო, ტექნოლოგიურ სფეროში, ასევე ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ვ. პუტინის აზრით, რუსეთმა და ჩინეთმა საერთაშორისო არენაზე სტაბილურობას და პროექტის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, განხორციელებას უნდა შეუწყონ ხელი.
ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ქვემოთ გთავაზობთ ამ ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.
ცაი მინჩჟაო: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. თქვენ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდით. თქვენი და სი ცზინპინის ძალიხსხმევით რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება. მიმდინარე წელს 15 წელი გადის ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანაშრომლობის შეთანხმების ხელმოწერიდან, ასევე 20 წელი გავიდა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის და უერთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან. თუ შეგიძლიათ, ჩამოგვითვალეთ ნიშანდობლივი მომენტები ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში და შეაფასეთ მათი განვითარების პერსპექტივები. რას ელით ჩინეთში თქვენი მომავალი ვიზიტისგან?
ვლადიმერ პუტინი: თქვენ ფაქტობრივად უკვე დაახასიათეთ ჩვენი ურთიერთობები, როდესაც განაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზეა.
მე თქვენი მკითხველის ყურადღებას ორ თარიღზე გავამახვილებდი. 20 წლის წინ ჩვენ ახალი ურთიერთობების მშენებლობის დაწყების შესახებ განვაცხადეთ, ხოლო 15 წლის წინ მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულია უდიდესი სამუშაო, რომელმაც ჩვენი ურთიერთნდობები უპრეცედენტო დონეზე აიყვანა. ის ჩვენს ურთიერთობას საფუძვლად უდევს.
ვინაიდან მსგავსი დონის ურთიერთობები ჩვენ ადრე არ გვქონდა, ექსპერტებს მიმდინარე საერთო საქმეების შეფასებაც კი უჭირდათ. თურმე იმის თქმა, რომ ეს უბრალოდ სტრატეგიული ურთიერთობაა, არ ყოფილა საკმარისი. ამიტომ ჩვენ ყოვლისმომცველ პარტნიორობასა და სტრატეგიულ ურთოერთობაზე დავიწყეთ საუბარი. ყოვლისმომცველი - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე ვმუშაობთ. სტრატეგიული კი იმას ნიშნავს, რომ ამას უდიდეს სახელმწიფოთაშორის მნიშვნელობას ვანიჭებთ.
თქვენ ახსენეთ ჩვენი ურთიერთქმედება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ცზინპინთან. ეს მართლაც ასეა. ჩვენი საერთო მუშაობა, მუშაობა ასეთ დონეზე არის ჩვენი ურთიერთობების წინსვლა. ჩვენს უმაღლეს დონეზე ურთიერთქმედების სტრატეგიის საკითხებს განვიხილავთ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ის ძალიან კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორია.
მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ იქნებოდა საკმარისი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის მუშაობის მექანიზმების დალაგება. მთავრობის მეთაურების დონეზე რეგულარული შეხვედრები ხდება. შექმნილია ოცზე მეტი სამთავრობათაშორისო კომისია, ქვეკომისია, სადაც ჩვენი მეგობრები ძალიან ეფექტურად და დაძაბულად მუშაობენ. რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ხშირად არც თუ ისე მარტივია. თუმცა ყველა საკითხი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ის, ერთ მიზანს ემსახურება - ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიზანს და ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს.
მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ცნობილი სირთულეების გათვალისწინებით, ეს ჩვენს ურთიერთობაზეც აისახა, ოდნავ შემცირდა ტვირთბრუნვა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რაც ზოგიერთი საქონლის მიმდინარე კონიუნქტურას და ვალუტის კურსს უკავშირდება. ამასთანავე ჩვენ მთავარს მივაღწიეთ - ჩვენი სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურას უფრო კეთილშობილურს ვხდით.
ახლა შესაძლოა შევცდე, მაგრამ როგორც მახსოვს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში ექსპორტირებული ჩვენი სამანქანო-ტექნიკური პროდუქცია 44 პროცენტით გაიზარდა. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ამ პრობლემას მრავალი წლის განმავლობაში განვიხილავდით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება ასე ავაგეთ და დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. ეს ჩვენი საერთო მიზნები იყო. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და სწორი მიმართულებით მივდივართ.
ამ მხრივ, უდავოდ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირება,მისთვის უფრო მეტი კეთილშობილურობის პრინციპის მინიჭება. მე ვგულისხმობ ჩვენს ურთიერთობებში მაღალტექნოლოგიურ სფეროზე მეტი ყურადღების გამახვილება.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ კოსმოსურ პროგრამებზე, ავიაციის სფეროში, ამჟამად მიმდინარეობს ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავის და მძიმე ვერტმფრენის შექმნაზე მუშაობა. ერთობლივად ვმუშაობთ ეკოლოგიის საკითხებზე, ვაგრძელებთ ძალზე მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შროის ატომურ ენერგეტიკაში.
ცაი მინჩჟაო: რუსულ მხარეს ამ სფეროში კარგი კონკურენტული შესაძლებლობები და უპირატესობები გააჩნია.
ვლადიმერ პუტინი: ასეც არის. „როსატომს“ ძალზე ბევრი შეკვეთა აქვს. „ტიანვანის“ ატომურ ელექტროსადგურზე ორი ბლოკი უკვე რვა წელია მუშაობს და ის ძალზე სანდოა. ჩვენ კიდევ ორ ბლოკზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. ჩვენი ურთიერთობა უნდა განვითარდეს არა მარტო ჩინეთში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობის გაზრდის, არამედ ამ სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხითაც.
ჩინეთი ზრდის თავის მონაწილეობას ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე. ის არის აქციათა ძირითადი პაკეტის მფლობელი პროექტში „იამალ თბგ“, ასევე შეიძინა ქიმიური ჰოლდინგ „სიბურის“ აქციათა პაკეტის 10 პროცენტი. ჩვენ მივესალმებით ამ ჩინურ ინვესტიციებს არა მარტო ფინანსური რესურესების მოზიდვის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხითაც.
არსებობს ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ცნობილი პროექტი „მოსკოვი - ყაზანი“. მუშაობა ძალზე აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთ მონაკვეთზე მატარებელი საათში 400 კილომეტრს განავითარებს. ჩვენ ამ პერსპექტივებს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, ეს ინფრასტრუქტურის სფეროში დიდი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში. ეს არის ჩინეთის დღეეები რუსეთში და რუსეთის დღეები ჩინეთში, ახალგაზრდების გაცვლის წლები, რუსულის და, შესაბამისად, ჩინური ენის წლები, არის ტურისტული გაცვლები და ა.შ. ამ ღონისძიებების ნაწილი ჩინურის, ნაწილი კი რუსული მხარის მიერ იყო ინიცირებული. ყველა ღონისძიება წარმატებით ჩატარდა, რაც ჩვენს ხალხებს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას ხელს შეუწყობს. ასეთი პროექტები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკა და მისი უზარმაზარი პროექტი „ციმბირის ძალა“. საუბარია ჩინეთში რუსული გაზის მიწოდებაზე ახლადაშანებული აღმოსავლეთის გაზსადენით - წელიწადში 38 მლრდ კუბური მეტრი. ამას უნდა დაუმატოთ დიპლომატიური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.
როგორც წესი, ასეთ საკითხებს ჩვენ ერთობლივ შეხვედრებზე განვიხილავთ. როგორც ხედავთ, დღის წესრიგი უზარმაზარია, უფრო სწორად კოლოსალური. ამიტომ მე ველი, რომ ჩვენ ძალზე შინაარსობრივი მოლაპარაკება გვექნება და ის მეგობრობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროში გაიმართება.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის განვითარება და მრავალი მსხვილი პროექტი ჩვენი შთაგონების წყარო ხდება. თქვენ ხშირად საუბრობთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ჩინური ინიციატივის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, ერთმანეთთან დაკავშირების აუცილებლობის შესახებ. ჩინელი ბიზნესმენები ამ თემაზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის? და როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობის გზით ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონის ამაღლება?
ვლადიმერ პუტინი: თქვენ ძალზე საინტერესო და მასშტაბურ თემას შეეხეთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის თავმჯდომარე სი ცზინპინი „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეის აღდგენის ინიციატივით გამოდის. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა ძალზე დროული, საინტერესო და პერსპექტიულია. ეს პროექტი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან და, პირველ რიგში, მეზობლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის მიმართული . ამიტომ საითაც არ უნდა წავიდეს ეს გზა, ის, პირველ რიგში, მეზობლებზე უნდა გადიოდეს.
ჩვენი მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს - ორმხრივ საფუძველზე - რუსეთი და ჩინეთი და ჩინეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართულებით.
სულ ცოტა ხნის წინ ასტანაში ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კოლეგებთან ერთად, რომელშიც ამჟამად ხუთი ქვეყანა შედის, ამ შესაძლებლობას განვიხილავდით. ყველამ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას, „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების იდეის ფარგლებში მხარი დაუჭირა. ესეც სი ცზინპინის ინიციატივა გახლავთ.
მე თქვენთან ძალზე გულახდილი ვიქნები. ეს საკითხები, ბუნებრივია, საექსპერტო შეფასებებს საჭიროებს. ჩვენ, ბუნებრივია, ადგილობრივი მწარმოებლის ინტერესებს ვიცავთ. მაგრამ საერთო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების, ჩინეთთან ურთიერთქმედების გენერალური გეგმა, ერთობლივი მუშაობის დაწყება და ყველა ბარიერის ეტაპობრივი მოხსნა საჭირო. საწყის ეტაპზე ამას, შესაძლოა, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა მოჰყვეს.
ჩვენ რეალისტები ვართ და გვესმის, რომ საწყის ეტაპზე ეს გარკვეულ შეფერხებებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ჩვენ მუშაობის სხვა მიმართულებაც უნდა ვაჩვენოთ. ამ მიზნისკენ სვლის პროცესში ჩვენ ევრაზიის ფარგლებში თანამშრომლობის წინაპირობებს შევქმნით, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით რეგიონის სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ინტერესდება. ჩვენ შევეცდებით, რომ არ შეიქმნას დახურული სავაჭრო-ეკონომიკური დაჯგუფებები.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. ძალზე მალე ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაიის მორიგი სამიტი იმართება. ის 15 წლის წინ იყო შექმნილი. ჩინეთი და რუსეთი შანხაის ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უსაფრთხოების და რეგიონული განვითარების სტიმულირების საკითხში. რას ელით თქვენ მომავალი სამიტისგან? ამ მექანიზმს როგორ აფასებთ?
ვლადიმერ პუტინი: როდესაც ეს ორგანიზაცია იქმნებოდა, ის საკმაოდ მოკრძალებული, თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას ემსახურებოდა. ეს სასაზღვრო თანამშრომლობის ზოგირთი საკითხის მოგვარება იყო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი საკითხები კეთილი ნების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება ათწლეულობით იყოს გამოკიდული ჰაერში, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, შესაძლებალია ამ პრობლემების გადაჭრა. ეს, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა ადამიანი მონდომებული მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, ასევე იმ ფილოსოფიაზე, რომელსაც ესა თუ ის სახელმწიფო საგარეო სფეროში ემსახურება.
რუსეთმაც, ჩინეთმაც და შანხაის ორგანიზაციის სხვა წევრებმაც ამ სფეროში არსებული ყველა საკითხი კეთილი ნების არსებობის დახმარებით მოაგვარეს. გასაგები გახდა, რომ ამ მექანიზმის დაკარგვა არ შეიძლება - ძალზე ცოდო იყო იმ დამუშავებული მასალის და ჩვენს სახელმწიფოებს შორის მიღწეული ურთიერთობების ხარისხის დაკარგვა. ამიტომ ჩვენ უკვე შექმნილი მქანიზმი სხვა საკითხების გადასაჭრელად გამოვიყენეთ, პირველ რიგში, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
ეს პოლიტიკურ თანამშრომლობასაც ეხება, ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, დავიწყეთ უსაფრთხოების საკითხების განხილვა, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხების გადაჭრა და ა.შ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაცა ფანტასტიურ შედეგებს მივაღწიეთ და რაღაცა საჩვენებელი აქციებით თავი გამოვიჩინეთ, მაგრამ ეს ორგანიზაცია რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა, ის მიმზიდველია და მასში გაწევრიანების სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა.
რუსეთის ქალაქ უფაში შარშან გამართულ სამიტზე ჩვენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში კიდევ ორი ქვეყნის - ინდოეთისა და პაკისტანის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ. ტაშკენტის სამიტზე ჩვენ ეს გადაწვეტილება უნდა გავამყაროთ. განვიხილავთ შანხაის ორგანიზაციაში სხვა წევრების მიღების საკითხსაც.
იმ სფეროების გაფართოება, რომლითაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაკავებული, ისეთი ძლიერი ქვეყნების ხარჯზე, რაც მე წეღან ვახსენე, მისი წევრების რაოდენობის გაზრდა, ამ ორგანიზაციას ძლიერ საერთაშორისო გაერთიანებად ქმნის და ის ძალზე მოთხოვნადი და ავტორიტეტული ხდება როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.
საერთაშორისო სიტუაცია საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. ჩვენს ორგანიზაციაში სხვადასხვა შეხედულების მქონე ქვეყნების მიღება საერთაშორისო პრობლემებს არ ჭრის, მაგრამ მათი გადაჭრის პირობებს ქმნის. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. დღეს მსოფლიოს წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. ეს არის გლობალური ეკონომიკის აღდგენის არასათანადო ტემპები, ზოგიერთი რეგიონის არასტაბილურობა, ტერირიზმის მზარდი საფრთხე, დედამიწის კლიმატის შეცვლა და გარემოს დაცვის სხვა პრობლემები. ასეთ რთულ საერთაშორისო სიტუაციაში ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც პასუხისმგებლობით აღსავსე და გავლენიანი სახელმწიფოებია, დედამიწაზე მშვიდობის და სტაბილურობის დაცვის საკითხში ძლიერ ძალას წარმოადგენენ. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ძალისხმევა შეუძლიათ განახორციელონ ჩვენმა ქვეყნებმა მშვიდობის დამყარების და გლობალური მართვის სრულყოფის კუთხით?
ვლადიმერ პუტინი: იცით რა, ჩინეთსა და რუსეთს შორის საერთაშორისო არენაზე თავად ურთიერთობის ფაქტი არის მსოფლიოში სტაბილურობის ფაქტორი.
მოდით გავიხსენოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის გამოსვლა გაეროს 70 წლის იუბილეზე. ეს გამოსვლა ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით გადაჭრის აუცილებლობას ეხებოდა. სხვათა შორის თავმჯდიმარე - ერთ-ერთია, ვინც გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის ინიციატივით გამოვიდა და ეს საკითხი დააკონკრეტა კიდეც. სწორედ ეს მიდგომები გვაერთიანებს საერთაშორისო საქმეებში და არა მარტო ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ერთობლივი მუშაობის გარდა, ჩვენ ერთად ვმუშაობთ BRICS-ის ფარგლებში, რომელიც ასევე ერთობლივად დავაფუძნეთ, ასევე გაეროს მოედანზე.
მინდა გავიხსენო,რომ თავის დროზე სწორედ ჩვენმა ქვეყანამ, მაშინ საბჭოთა კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გამხდარიყო.
ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჩინეთმა ამ ორგანიზაციაში ღირსეული ადგილი დაიკავა. დღესაც ძალზე მოხარულები ვართ, რომ ეს მოხდა, ვინაიდან ჩვენი შეხედულებები საერთაშორისო საკითხებზე ან ახლოს არის ერთმანეთთთან, ან სრულ თანხვედრაშია. ეს კონკრეტული საქმიანობითაც არის გამყარებული, მუშაობით ტექნიკურ დონეზე. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით ერთმანეთთან და გლობალურ პრობლემებზე და რეგიონულ საკითხებზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ. ვინაიდან ერთმანეთს ახლო მოკავშირეებად მივიჩნევთ, ყოველთვის ვიზიარებთ პარტნიორების აზრებს, მათ ინტერესებს ვითვალისწინებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა სწორედ ასეთ ჭრილში იქნება ორგანიზებული.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს ჩინეთში. მინდა გისურვოთ წარმატება მომავალი ვიზიტის ფარგლებში. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ ჩინეთში თქვენი ვიზიტის დროს ჩინეთის სააგენტო „სინხუა“ და რუსეთის სააგენტო „ტასი“ თანამშრომლობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
ვლადიმერ პუტინი: დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით ამ საკითხში. თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო უზრუნველყოფა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომატების სუბსტანტიური მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 17:46

20 მაისს,10:00საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში'' გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგენს.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

 

 

პრემიერი აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 11:14

საქართველოს პრემიერმინისტრი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. 

მხარეებმა „აბრეშუმის გზის“ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიურად ჩართვის პერსპექტივები განიხილეს. 

აღინიშნა, რომ „აბრეშუმის გზა“ საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. 

გამოითქვა იმედი, რომ „აბრეშუმის გზის“ აღდგენით, საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას – იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი.

გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 16:29

გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა განიხილეს.

მარგველაშვილის განცხადებით ,  საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აუდიენციაზე საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზეც იმსჯელეს.  ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისთვის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმზიდველობაზე,  დაბალ გადასახადებზე და  ბიზნესის კეთების შესაძლებლობების მაღალ პოტენციალზე.

ხაზგასმით აღინიშნა ჰუალინგ ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი დელეგაციასთან ერთად, თბილისს 3 აპრილს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის მიზანი აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

ქუმსიშვილი საერთაშორისო ვაჭრობის "აბრეშუმის გზის" პალატის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 12:52

საერთაშორისო ვაჭრობის "აბრეშუმის გზის" პალატის წევრებს ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი  შეხვდა. 

მოეწყო ახალი პროექტების -‘ ’ელექტრონული აბრეშუმის’ გზა" და ‘’აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება’’ პრეზენტაცია. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,რომ ახალი პროექტები კერძო ბისზნესს საქმიანობის გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენებს და მეწარმეებს საშუალება ექნებათ გაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში. 

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოსა და ჩინეთის სავარო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 13:18

თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“-ს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატის მრჩეველმა, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტებმა ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ.
ფორუმის მიზანი იყო: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. მონაწილეებმა დისკუსიის დროს განიხილეს შემდეგი საკითხები: ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; "დიდი აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული პროექტის ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები. დისკუსიების შედეგები შემაჯამებელ შეხვედრაზე გააცნეს დამსწრე აუდიტრიას,  მოგვიანებით შედეგების შეჯამება გადაიგზავნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში და საქართველოს საელჩოში ჩინეთში, ასევე ყველა მონაწილეს და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო უწყებაში.
ფორუმს ასევე ესწრებოდა ჩინეთის სიამენის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ბატონი ლიაო შაოლიაენი.

ფორუმის დასასრულს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა სტუმრებთან ერთად დაარსების 5 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი

ანა გოგუაძე

 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური