Items filtered by date: ოთხშაბათი, 08 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

გამოქვეყნებულია სამართალი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "„აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას -  ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“  რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში!

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს!   

რუსეთის მონებო,  დაუყოვნებლივ  გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი!

ყველანი მშვიდობიან პროტესტზე!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონაც. მე ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს ის სიმბოლოა, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა და რისთვისაც დღემდე მოვედით.

მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს! ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს  ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს, ყველას! ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.

მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე, მაგრამ ასევე, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა დაცული იყოს. და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპას. 

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ან აქ, ამერიკაში: ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?!

ჩვენ ყველა ერთად: თქვენ, ახალგაზრდები, ვინც თბილისში ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს [და მექნება ძალიან მნიშვენელოვანი შეხვედრები], ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ და ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, მისი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. 

ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე, დიდი ხნის წინ", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი თავის მიმართვაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.

„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები, გარკვეულ შემთხვევაში, იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და როგორ არის შეშფოთებული აშშ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს.

„საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა. ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.

ნედ პრაისს ბრიფინგზე ასევე კითხვა დაუსვეს, არის რამე, რაც ხელს უშლის აშშ-ის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“.

„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა დამტკიცებაც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხისგებაში მივცეთ მსოფლიოში ყველა და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყურადღებით ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების კუთხით“, – განაცხადა პრაისმა.

წყარო: https://1tv.ge/news/ned-praisi-vkhedavt-kanonproeqts-romelic-iqneba-didi-ukusvla-saqartvelos-mosakhleobis-miswrafebebisa-da-ashsh-is-shesadzleblobistvis-gaagrdzelos-saqartvelos-mosakhleobistvis-partnioroba/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს.

როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია.

თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროეტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა , საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე, საუბარი იყო სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე , რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე , რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით, თუმცა თქვენ ხედავთ რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული სიცრუეზე აგებული კამპანია, იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ბუნებრივია საზოგადოებას.

სინამდვილეში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით . ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ , რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.

ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრვია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაჯავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.

ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო, კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ.

კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში.

ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.

დასასარულს, მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.

დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია , თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენს მიერ, სინამდვილეში მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას , ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს.

ასევე მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ , ჩვენ ვხედავთ რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან , იქ არის რა თქმა უნდა გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართადამცავების მიმართ , არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში ,რა თქმა უნდა , ნებისმიერი კანონდამრღვევი , კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების , არა მარტო ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივია ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები , რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი.

მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას , რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს.

„სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.

ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სამშვიდობო მანიფესტაციას მართავდნენ. აქციის მონაწილეები მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა მანამ, სანამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ე.წ. მომწამვლელი ნივთიერება ე.წ. "წიწაკის სპრეი"

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაშლისკენ და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შეთხვევაში, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო, მშვიდობიან მანიფესტაციას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური