პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96 ხმით დაუჭირა.
რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა განხილვის გარეშე გაიმართა. მას სახალხო დამცველად არჩევა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ლევან იოსელიანმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, 2021 წლიდან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999-2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000-2001 წლებში – „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008-2016 წლებში იყო „ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018-2020 წლებში – ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.
გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
„უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“ - ასე წარადგენს თავს საქართველო ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე (ITB ბერლინი 2023)
7 მარტს ბერლინის 2023 წლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა დაიწყო, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. წელს მისი სლოგანია „უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“, რაც საქართველოს ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობასთან არის დაკავშირებული.
„ITB ბერლინი“ 1966 წლიდან ტურიზმის სფეროს წამყვანი გამოფენაა მსოფლიოში. პანდემიისგან გამოწვეული წყვეტის შემდეგ წელს იგი კვლავ ჩვეული ფორმით იმართება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9 მარტის ჩათვლით ბერლინის საგამოფენო სივრცეში მრავალი აქტივობითა და ღონისძიებით ქვეყნის ტურისტულ მრავალფეროვნებას წარადგენს.
გახსნის ოფიციალური შოუ 6 მარტს გაიმართა და გერმანიის ვიცე-კანცლერის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. ღონისძიების ლაიტმოტივი იყო „უსაზღვრო ქართული კულტურა - მეღვინეობის საწყისიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ქართული სასცენო ხელოვნების შედევრები, მათ შორის ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, მრავალხმიანი სიმღერა და ქართული ეროვნული ბალეტი.
საგამოფენო სივრცეში საქართველოს დათმობილი აქვს 705 მ² ფართობი, სადაც ყოველ დღე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, სახელოვნებო ვორკშოპები, კალიგრაფიული მასტერკლასები და რა თქმა უნდა ქართული ღვინის დაგემოვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 80 კომპანია საქართველოს ტურისტული, სასტუმრო და საჰაერო მიმოსვლის სფეროებიდან.
„ITB ბერლინის“ გახსნითი დათვალიერების ცერემონია გაიმართა გამოფენის პირველ დღეს საქართველოს (როგორც მასპინძელი ქვეყნის) სტენდთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.
ფოტო: © GNTA
ვინც ხმას მისცემს ბატონ იოსელიანს, მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!
პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის
ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი ამერიკის შეერთებულ შტატებში F-16-ის ჩათვლით სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
სააგენტო „ანადოლუ“-სთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ორი უკრაინელი მფრინავი სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ტრენინგს არიზონას შტატში, ტუსონის რეგიონში გადის.
მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშს წყალობით, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ მუშაობენ აშშ-ს საჰაერო ძალები და ჯარისკაცები, მათ წვლილი შეიტანეს უკრაინელი მფრინავების განვითარებაში და შეძლეს უკეთესი რჩევების მიცემა, თუ როგორ გააუმჯობესონ მათი უნარები.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები არ იფრენენ, მაგრამ ტრენინგების ფარგლებში გამოიყენებენ სიმულატორებს.
მან აღნიშნა, რომ მათ პირველად მოაწყვეს ასეთი ღონისძიება უკრაინელ მფრინავებთან ერთად და რომ საბრძოლო სარდლობის მიერ დაფინანსებული წვრთნები მსგავსია სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების თანამშრომლობისა, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის წვრთნების ფარგლებში.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სწავლება არ ჩატარებულა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ან აშშ-ს მიერ საკუთარი ინვენტარიდან გაწეული დახმარების ფარგლებში. მისივე თქმით, ჯერ არ იგეგმება ტუსონში გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავების რაოდენობის გაზრდა და დაამატა: „თუმცა, ჩვენ არ ვკეტავთ კარს მომავალი შესაძლებლობებისთვის“.
სამხედრო მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციაში უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებასთან დაკავშირებით სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება!
გიორგი დიასამიძეს შეცდომაში შეყავდა შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები და არ აწვდიდა მათ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში. მას გამიზნულად შეყავდა შეცდომაში შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები და არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე, რაც გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად აღმოვაჩინეთ. გიორგი დიასამიძე მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც ინარჩუნებს რადიკალურ პოზიციას. ამის დასტურია დღევანდელი აქცია თბილისში, ყურადღების მიქცევის მიზნით, სწორედ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების ფონზე დაგეგმა.
„დიასამიძე კვლავინდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გაფიცულ თანამშრომლებს არწმუნებს, რომ სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგია იანვრის ხელფასის დაფარვა, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასების გაცემავერ ხერხდებოდა სწორედ იმ ფინანსური კრიზისის გამო, რაც გიორგი დიასამიძისა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა განაპირობა. ის რომ დღეს ჩვენ ხელფასების გადახდა შევძელით, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერის შედეგი და ჩვენი კეთილი ნება. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა გაფიცულებისთვის არ მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიის შეთავაზებებზე, რაც თავის დროზე მოლაპარაკებების საწყის ეტაპზევე იყო. ვფიქრობ, ეტაპობრივად გაფიცულებისთვისაც თვალსაჩინო ხდება, რომ მისთვის მთავარია პირადი ინტერესები და არა მათი პოზიციების დაცვა,“ - აცხადებენ კომპანიაში.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადგილობრივი ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობდა მოლაპარაკებებს გაფიცულ თანაშრომლებთან, გიორგი დიასამიძესა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელმძრანელობა მომავალშიც გამოთქვამს მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.