ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად ახლახან წარედგინა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-რელიზში.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა-შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის, ამასთან, არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი: კერძოდ, მე-7 პრიორიტეტის, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება და მე-10 პრიორიტეტის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მისწრაფებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება როგორც ამ მისწრაფებებთან, ისე ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
კახა ოქრიაშვილი: „ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა, გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა.
ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო გამეზარდა შეგრძნება, რომ დაგვავიწყდა, რა გამოვიარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ. არც კი მსურს ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს - რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში და საბოლოოდ დაინგრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და საინტერესოც კი არ არის, რატომ.
ჩვენ, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ყელაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო ომი, რომელსაც ქართველ ხალხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი სთავაზობენ, თავიდან ავირიდოთ.
2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
ჯინ შაჰინი: ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვეს
„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
"ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის." - სენატორი შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
სენატორ შაჰინის ინტერვიუ ამერიკის ხმასთან: https://www.amerikiskhma.com/a/6989549.html
შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შპს „საირმე მინერალ ვოთერსიმ“ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად იანვრის სახელფასო დავალიანება დაფარა. კომპანიამ ეს შეძლო შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე, რაც საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების მცირე ნაწილი ახორცილებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, კეტავდნენ გზებს და ხელს უშლიდნენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, რაც პირდაპირ აისახებოდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, შედეგად დროულად ვერ ხერხდებოდა პროდუქციის რეალიზაცია, რასაც ემატებოდა მათი მხრიდან დაშინების, შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.
ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გაფიცულებთან მოლაპარაკებას მუდმივად ახორციელებდა და კვლავ გამოთქვამს მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.
მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში. ქარხნის გაჩერებით ზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ის თანამშრომლებიც, რომლებიც საწარმოში არიან დასაქმებული.
დიასამიძე ლიდერის პოზიციის შენარჩნების მიზნით, კვლავინდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზეზად მასთან მოლაპარაკებას ასახელებს, თითქოს შედეგი სწორედ ამ ფორმით იქნა მიღწეული, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელფასო დავალიანების დაფარვა მოხერხდა, მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით. ფინანსური კრიზისიც სწორედ გიორგი დიასამიძისა და გაფიცულების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად იყო განპირობებული.
ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება და მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო.