ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში ახალი, თანამედროვე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ასტანაში, „ნოვრუზ ბაირამის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.
სააგენტო „ყაზინფორმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ წარადგინა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყაზახეთის ყველა სფეროს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას. „ხალხმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ყველაფერი. რეფერენდუმის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ქვეყნის კონსტიტუციაში. გადაიდგა სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები ხელისუფლების სისტემის განახლებისთვის“, - აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.
მისივე თქმით, „გუშინ ჩატარდა მეჟლისისა და მასლიხატის არჩევნები, რაც სერიოზული ნაბიჯია ჩვენი ყველა რეფორმის ხელშეწყობისთვის. ეს არჩევნები გახდა ფართომასშტაბიანი ცვლილებების ღირსეული გაგრძელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაიწყო ახალი ეტაპი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მომენტი დაემთხვა „ნოვრიზის“ დღესასწაულს“, - დასძინა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ირაკლი ღარიბაშვილი – წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს
წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.