ლიბერთი განათლებისთვის - ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროგრამა გრძელდება
ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).
პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და 704-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.
ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია. ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერებია ლიბერთი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:
ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის შესახებ
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
,,მერსი ქორფსის“ შესახებ
,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის შესახებ
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.
ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენით, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ დღეს, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მიწისძვრამ, გავლენა იქონია ნავთობის ტრანსპორტირებისა და სხვა სამუშაო გრაფიკის საკითხებზე.
„ყაზახეთი გეგმავს ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გავლით. სამწუხაროდ, თურქეთში ტრაგიკული მიწისძვრა მოხდა, რამაც ჯეიჰანის ტერმინალი დააზიანა. ნავთობის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე ჯერ არ განახლებულა, თუმცა სულ მალე ისევ დაიწყება. ამ მარშრუტით ჩვენ 3-3,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის სამ ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. 1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ახალი ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა.
მისი სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.
მილსადენი მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული. უმაღლეს წერტილში, სადაც იგი კავკასიის მთებს კვეთს მილსადენი ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მას დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია და აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოს სრული განვითარების საექსპორტო მოთხოვნებს პასუხობს.
BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს - მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.
კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა
2023 წლის 16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.