ჩავუშოღლუ: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
„ამ დროისათვის, ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციის დროს, კითხვაზე, თურქეთი და უნგრეთი გახლავთ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც არ ეთანხმებიან შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჩავუშოღლუმ ასე უპასუხა: „ჩვენ, როგორც უნგრეთი, მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ ერთის მხრივ, ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების საზრუნავის გვედრით, მიუღებელია, რომ თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავი არ დაკმაყოფილდეს, რაც ტერორიზმთან ბრძოლაა. სამწუხაროდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს FETÖ-ს, PKK-ს და PYD-ს აქვთ ძლიერი ყოფნა ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთში. ამ ქვეყნებში ხდება მათი დაფინანსება, ტერორისტების გადამზადება და შემდეგ სირიასა და ერაყში გაგზავნა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთსა და ფინეთში წმინდა ყურანის დაწვა, მიუღებელი ქმედებაა. თურქეთ-შვედეთ და ფინეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი, ამდაგვარი ქმედებების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნათელი და ცალსახაა. ჩვენ არც მეტი არც ნაკლები გვინდა ამ მემორანდუმის ვალდებულებების შესრულება. ჩვენი რწმენით, ანტისემიტიზმი ისევე არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტიანობა და ანტიისლამი. ქმედებებს, რომლებიც არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ შეიძლება ეწოდოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ შვედეთი ერთ დღეს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. ამ პირობებში კი საკითხთან მიმართებაში ჩვენი მხრიდან, „დიახ“ თქმა შეუძლებელია“.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა პრე-აქსელერატორი
Impact Hub Tbilisi, „ეფეს საქართველოს“ მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას პრე-აქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს/კომპანიებს, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.
პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: shorturl.at/abI02
7 თებერვალს, 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად შემოგვიერთდით ბმულზე: shorturl.at/EGIN4
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (მარტი - ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFES Georgia, Startup Büro.
,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს.
რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში მიმდინარე მესამე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ ქვემო ქართლის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.
RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
"ლიბერთი რეგიონებში, ახალგაზრდების ფინანსური განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარების საქმიანობაში. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია ახალგაზრდებს დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხსიმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის და ლიბერთის სახელით მონაწილეებს ვულოცავთ ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებას. ვფიქრობთ, ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული მონაწილეებს დაეხმარებათ პროექტების წარმატებით განხორცილებაში. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეების მხარდაჭერას - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი.
“რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია სექტორთაშორისი თანამშრომლობა. კერძო სექტორის მონაწილეობა და რესურსების კონსოლიდაცია ყოველთვის ზრდის ინტერვენციის ხარისხს. პროექტის განხორციელების პროცესმაც ცხადყო, რომ სინერგიაზე დაფუძნებული მიდგომებით იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა და მდგრადი შედეგები.” - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
,,მერსი ქორფსის“ შესახებ
,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
კახა ოქრიაშვილი: „ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს გამოქვეყნდა მსოფლიოში „კორუფციის აღქმის“ განახლებული ინდექსი. საქართველო 41-ე ადგილზეა და უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ინდექსი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა და მისი უცვლელი მაჩვენებელი, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ჩვენი ეკონომიკის ავადმყოფობა-სტაგნაციაზე მიუთითებს.
2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ შარშან, 10 %-ით, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის. ეკონომიკის ამგვარი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია, არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული ხელფასი.
ეკონომიკის რეალური ზრდისთვის საჭიროა, საქართველო ლიდერობდეს ქვეყნების ტოპ-სამეულში, ისეთ წამყვან ინდექსებში, როგორიცაა:
- კორუფციის აღქმის ინდექსი - 1-3 ადგილი.
- უსაფრთხოების (კრიმინალის აღქმის) ინდექსი - 1-3 ადგილი.
- მართლმსაჯულების სისტემის შემფასებელი მთავარი ინდექსები - 1-3 ადგილი.
- ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდექსები და ა.შ.
10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალება ჰქონდა, ამ მაჩვენებლებისთვის მიეღწია. შედეგად, მივიღებდით ეკონომიკის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების უსწრაფეს ზრდას. სამწუხაროდ, ათი წელი დაიკარგა და იმედია, კიდევ ბევრ დროს არ დავკარგავთ!"- ნათქვამია განცხადებაში.
მნიშნელოვანი აქცენტები სი ძინფინგის 2023 წლის მიმართვიდან
20 იანვარს ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალურმა კომიტეტმა და სახელმწიფო საბჭომ გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით დიდ სახალხო დარბაზში კრება გამართა. სადაც, CPC ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჩინეთის პრეზიდენტმა და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ, სი ძინფინგმა გაზაფხულის ფესტივალის მისალოცი სიტყვა წარმოთქვა. იგი, CPC ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს სახელით, გულთბილად მიესალმა ჩინეთში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, საზღვარგარეთ მყოფ ჩინელებს და თანამემამულეებს ჰონგ-კონგში, მაკაოსა და თაივანში.
ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 (ვეფხვის წელი) პარტიისა და ქვეყნის განვითარების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ჩინეთი არაპროგნოზირებადი საერთაშორისო სიტუაციისა და რთული საშინაო ამოცანების წინაშე იდგა. რეფორმების, განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კვალდაკვალ ქვეყანას მრავალ გამოწვევასთან გამკლავება მოუხდა. მთელი პარტიის, სამხედროებისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის ჩინელი ხალხის ერთობლივი მუშაობის, ენერგიის, გამბედაობისა და შეუპოვრობის წყალობით ჩინეთის სოციალისტური მოდერნიზაციის განვითარების ისტორიაში ახალი თავი დაიწერა.
სი ძინფინგმა 2022 წლის მიღწევებზე ისაუბრა:
„ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესი და შევადგინეთ გრანდიოზული გეგმა თანამედროვე სოციალისტური ქვეყნის ყოვლისმომცველი აღმშენებლობისთვის. შევასრულეთ ყველა მოთხოვნა ეპიდემიის თავიდან აცილების, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და უსაფრთხო განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შევუწყვეთ განვითარების ახალი მოდელის ჩამოყალიბებასა და მაღალი ხარისხის სწრაფ განვითარებისთვის. შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა, მივიღეთ მარცვლეულის მაღალი მოსავალი, სტაბილურად შევინარჩუნეთ დასაქმება და ფასები, მტკიცედ უზრუნველვყავით ხალხის კეთილდღეობა. ხელი შევუწყვეთ სიღარიბის აღმოფხვრას, სახეზეა ახალი მიღწევები სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების სფეროებში, განვაგრძეთ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გადავდგით მყარი ნაბიჯები ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის და შევინარჩუნეთ საერთო სოციალური სტაბილურობა“.
ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა COVID-19-თან ბრძოლის პროცესებზეც:
„ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ადამიანებს და მათ სიცოცხლეს და ვაგრძელებთ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ოპტიმიზაციას ვირუსის მუტაციისა და ანტიეპიდემიური სიტუაციის მიხედვით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შევამციროთ ეპიდემიის ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“.
თავის განცხადებაში სი ძინფინგმა 2022 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენ წარმატებით ვუმასპინძლეთ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, ასევე, გავმართეთ გრანდიოზული ზეიმი ჰონგ-კონგის დაბრუნების 25 წლისთავთან დაკავშირებით. ჰონგ-კონგი და მაკაო სტაბილურად ვითარდებიან. ჩვენ მტკიცედ ვიბრძოდით სეპარატიზმისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ, შევინარჩუნეთ ინიციატივა სრუტეს შორის ურთიერთობების მართვისთვის.“
სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ 2023 პირველი წელია, როდესაც სრულად განხორციელდება CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესის სახელმძღვანელო პრინციპები:
„ჩვენ სტაბილურობის შენარჩუნებას მთავარ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რისთვისაც ვეძიებთ პროგრესს. 2023 წელს უკეთ დავაბალანსებთ როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო სიტუაციებს, კოორდინაციას გავუწევთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან და უსაფრთხოებასთან ერთად. გავაღრმავებთ რეფორმებს, შევეცდებით მივაღწიოთ ეკონომიკური მაჩვენებლების საერთო აღმავლობას და გავაგრძელოთ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება.“
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა 2023 წლის ხედვაც გააცნო საზოგადოებას.
„შრომისმოყვარეობით შევქმენით დიდებული წარსული და უკეთეს მომავალსაც ასე შევქმნით. ტრადიციულ ჩინურ კულტურაში, კურდღელი სისწრაფეს, ჭკუას, სიწმინდეს, სიკეთეს, მშვიდობასა და სილამაზეს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ კურდღლის წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კურდღლის მსგავსად მთელი სისწრაფით ამოძრავდებიან და ნებისმიერ საქმეში თავიანთ უნარსა და ელეგანტურობას გამოავლენენ. ახლაც უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ სამსახურშია. ისინი ცდილობენ თავიანთი ბრწყინვალე კვალი დატოვონ ჩინეთის განვითარებაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ამ თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის“ – განაცხადა სი ძინფინგმა.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა, სინომედია
წყარო: https://english.news.cn/20230121/b2fa64c6d0c64cecb7b9b680646c18e5/c.html
ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა
ფიგურულ ციგურაობაში ესპოოს (ფინეთი) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.27-ქულიანი შეფასება მიიღო და 20 ფინალისტს შორის მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად დაგროვილი 175.82 ქულით მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ერთეულებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია ანასტასია გუბანოვამ - ეს საქართველოს ნაკრებისთვის ამ რანგის ასპარეზობათა ისტორიაში პირველი ასეთი წარმატებაა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორს, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის წევრს, რონან ლე გლეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებს.
სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ.
ლიბერთის 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები.
გარდა ამისა, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია - თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია - უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.
Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ. გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია.
ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას:
„თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია.
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული.
როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე.
2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
პრეზიდენტი - ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი, ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.
შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე.
თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნება
პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა $12.5 მილიონია
31 იანვარს, 17:00 ზე, თბილისში, საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari (მის.: ლაგოდეხის ქ. #4) გაიხსნება. პროექტი, რომლის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა.
ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი, ქალაქ თბილისის ვიცე მერი - ანდრია ბასილაია, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალიკ მურზალინი, ასევე თბილისის მერიის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რაც სტუმრების მაქსიმალური რაოდენობის, 250--მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული. არსებული ნომრები მორგებული იქნება, როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე.
სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებებისთვის.
სასტუმროში 50-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, რათა სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის სრულიად უსაფრთხო სივრცე შეიქმნას.
Holiday Inn Express საერთაშორისო კომპანია InterContinental Hotels Group (IHG)-ის ერთ-ერთი ბრენდია. საქართველოში მის მართვას კი Hotel Collection International (HCI) განახორციელებს. „გვჯერა, რომ მოგზაურობა მარტივი და სასიამოვნო უნდა იყოს. ამიტომაც, სასტუმროში Holiday Inn Express Tbilisi Avlabari წინასწარ კარგად ნაფიქრი გადაწყვეტებით სტუმრებს ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. სასტუმრო ტურისტებისთვის მიმზიდველ, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბრის ცენტრშია. იქ, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას“. - Hotel Collection International-ის რეგიონული დირექტორი - ქეთი მიქაშავიძე„სიმეტრიას“ მიერ Holiday Inn Express Tbilisi Avlabari-ის განვითარებით შეიქმნა სივრცე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მიიღონ მარტივი, კომფორტული მომსახურება შედარებით ბიუჯეტურად. ვთვლით, რომ ეს სასტუმრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისათვის, რადგან ჩვენს ქალაქში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები ძირითადად პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი. საშუალო სეგმენტი კი მეტ-ნაკლებად აუთვისებელი იყო. ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სრულიად უცხოეთიდან, ყაზახეთიდან მოზიდული პირდაპირი ინვესტიციებით არის განხორციელებული, რაც თავის მხრივ მაგალითის მიმცემი იქნება სხვა უცხოელი ინვესტორებისათვის. „სიმეტრიაში“ გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას დაამშვენებს, ტურიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ყველასათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება ,“ - განმარტავს კომპანია „სიმეტრიას“ დირექტორი ტარიელ გაბუნია.
კომპანია „სიმეტრიას" შესახებ:
„სიმეტრია“ არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შევქმნათ ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს. დღეისათვის „სიმეტრიას“ პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია. მაგალითად: Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში. სამომავლო გეგმები მოიცავს: ორ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, სასტუმროებს სამთო კურორტებზე. კომპანიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანაა რაჭის ისტორიული კურორტის, შოვის, რეაბილიტაცია და განვითარება.