ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა. სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ლიბერთიმ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ორი პროექტი შეარჩია და დააფინანსა. სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „შეიყვარე წიგნი“ მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი „მეტი ინკლუზია ბიზნესში“ ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს. ,, ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები“ - მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი. ,, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება.
ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ პროექტზე შევაჩერეთ: „შეიყვარე წიგნი“ და „მეტი ინკლუზია ბიზნესში“. მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს. ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.
პროგრამა, განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სამოქალაქო სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობასა და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს. პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, 650 საჯარო სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ხორციელდება. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
2022 წლის მონაცემებით, ჩინეთში ბუნებრივი აირის წარმოება სტაბილურად გაიზარდა
პეკინი, 25 იანვარი (სინხუა) – ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ჩინეთის ბუნებრივი აირის წარმოება სტაბილურად გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში.
ამ მონაცემების მიხედვით, დეკემბერში ქვეყანამ 20,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 6,5 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ინდიკატორის ზრდის ტემპი 2,1 პროცენტით დაბალია ნოემბერთან შედარებით.
2022 წელს ჩინეთში ბუნებრივი აირის წარმოება 6,4 პროცენტით გაიზარდა და წლიურად 217,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.
გასულ წელს ქვეყანამ 109,25 მლნ ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც 9,9 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს.
მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა
მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
აკაბას პორტის ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გემი, რომელზეც დაახლოებით 370 მოხალისეა სხვადასხვა ქვეყნიდან, პორტში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე შევიდა.
მსოფლიოს უდიდესი მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს თითქმის 4000 წიგნის ნახევარ მილიონ ეგზემპლარს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება, ლიტერატურა და აზროვნება, მოსახლეობისთვის ღია იქნება ხვალიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.
მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ლიბანის ბეირუთის პორტში იყო განთავსებული, 4-დან 23 იანვრამდე ეგვიპტეში, პორტ საიდში იყო გახსნილი მოსახლეობისთვის.
ამჟამად გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "Good Books For All"-ის კუთვნილი გემი "Logos Hope" 1973 წელს ააგეს.
საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით-ფინანსთა მინისტრი
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება.
ჩინეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის მეშვიდე სამიტში
პეკინი, 25 იანვარი (სინხუა) -- ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის (CELAC) მეშვიდე სამიტი გაიმართა სამშაბათს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის მიწვევით, სამიტში ვიდეო-კავშირის დახმარებით მონაწილეობა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა.
ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის (LAC) ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ისინი ასევე იღებენ აქტიურ მონაწილეობას გლობალურ მმართველობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასში. CELAC, რომელიც გახდა შეუცვლელი მამოძრავებელი ძალა გლობალური თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაში, საერთო განვითარების ხელშეწყობაში და რეგიონული ინტეგრაციის განვითარებაში.
სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ინტეგრაციის პროცესს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას CELAC-თან და მივიჩნევთ მას, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორს განვითარებად ქვეყნებს შორის სოლიდარობის განმტკიცებაში და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის წინსვლაში. სწორედ ამიტომ, ჩინეთი მუშაობს LAC ქვეყნებთან, რათა ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, რომელსაც ახასიათებს თანასწორობა, ორმხრივი სარგებელი, ინოვაცია, გახსნილობა და ხალხისთვის სარგებლის მოტანა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
კონსტანტინე სუპატაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველო სამთო თხილამურობაში, სნოუბორდში და ფიგურულ ციგურაობაში იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.
გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დისკვალიფიკაციით გამოეთიშა ასპარეზობას ნინო ენუქიძე.
მოციგურავე კოსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა, მსაჯებისგან 65.12 დაიმსახურა და ფინალში ასპარეზობის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა (ფინალში გასასვლელად 16 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).
სნოუბორდში (სლოუპსტაილი) საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა ნიკოლოზ გაბულდანს, რომელმაც 22 ქულით და მე-20 ადგილით დაასრულა გამოსვლა.
ერთი დღით ადრე სამთო მოთხილამურეები - ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი და ლუკა ბურდული სლალომში გამოვიდნენ. ნაზღაიძემ და წულეისკირმა ორი დაშვების ჯამში, შესაბამისად, 68-ე და 69-ე ადგილები დაიკავეს, ლუკა ბურდულმა კი ასპარეზობა ვერ დაასრულა.
Covid-19-ით 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ბოლო 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
გებრეისუსმა ჯანდაცვის გლობალური მდგომარეობის შესახებ შეფასებები გააკეთა.
მან გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან Covid-19-ით ყოველკვირეული სიკვდილიანობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ბოლო 8 კვირაში კოვიდ-19-ით 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მხოლოდ აღრიცხული დაღუპულთა რიცხვია, რეალური რიცხვი ამაზე მეტია“.
გებრეისუსმა განაცხადა, რომ 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმომ გამოაცხადა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა" და რომ ამ კვირაში Covid-19-ის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს თუ არა გლობალური დონის საგანგებო მდგომრეობას.
„წინასწარ არ მივიღებ საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რჩევებს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 3 წლის წინ, როდესაც ეპიდემია დაიწყო, გლობალური კოლექტიური რეაქცია ეპიდემიაზე კვლავ ზეწოლის ქვეშ არის“. - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
მანვე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, განსაკუთრებით მოხუცები, არიან ადეკვატურად ვაქცინირებული და რომ ბევრი ადამიანი არ იღებს „შეხსენების“ დოზებს.
გებრეისუსმა განაცხადა, რომ მყიფე ჯანდაცვის სისტემებს გრიპთან და სხვა დაავადებებთან გამკლავება კოვიდ 19-ის ტვირთთან ერთად უჭირთ და დაამატა: ”ჩემი გზავნილი ნათელია, ნუ დააკნინებთ ამ ვირუსს, მან გაგვაოცა და აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ვირუსი გააგრძელებს მოკვლას, თუ ჩვენ არ მივაწვდით ჯანდაცვის ინსტრუმენტებს მათ, ვისაც ეს სჭირდება და მეტს არ გავაკეთებთ დეზინფორმაციასთან მასშტაბურად საბრძოლველად“.
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ენრიკე მორას შორის, რომელიც ქ. თბილისს 25 იანვარს დაგეგმილი უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია, შედგა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ რისკებზე, რომელიც დღეს არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით მწვავე პრობლემად დგას რეგიონში. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზაობა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთიანი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.