Items filtered by date: ორშაბათი, 23 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. 

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და  მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების  ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”. დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად  2000 ლარით  განისაზღვრა.
ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.  
საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში” ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული” შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ წელს განსხვავებულ დროს აღინიშნება (21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში) და გაზაფხულის ფესტივალის სახელით მოიხსენიება, თუმცა დასავლური ახალი წლის აღნიშვნასაც სათანადო ყურადღება ექცევა.

გრიგორიანული კალენდრის ახალი წელი სახალხო დღესასწაულია. ჩვეულებრივ 3 დღიანი დასვენებაა, სკოლები და ბიზნესის უმეტესობა დაკეტილია. სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა სადღესასწაულოდაა მორთული, მრავალი აქცია და ფასდაკლებაა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ისტორიის სწორ მხარეს დგას“. ასევე, აღნიშნა, რომ პეკინი “მტკიცედ დაუჭერს მხარს მშვიდობასა და განვითარებას”.
უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა ქვეყნის „ნულოვანი-COVID“ პოლიტიკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი COVID-19 პანდემიის მართვის „ახალ ფაზაში“ გადადის.

2023 წელი განსაკუთრებულად აღინიშნა უხანში, ქალაქში სადაც სამი წლის წინ პანდემია დაიწყო. ახალი წლის აღსანიშნავად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ცხადია, უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით. უხანის მოსახლეობამ 2023 წლის დადგომა ჰაერში ფერადი საჰაერო ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ამავდროულად, სპეციალური საახალწლო ღონისძიებები მოეწყო პეკინში, შანხაიში, ჰონგ-კონგში, ხარპინსა და ჩინეთის თითქმის ყველა სხვა მნიშვნელოვან ქალაქში.

მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

წყარო: https://sinomedia.ge/როგორ-აღინიშნა-დასავლური/?fbclid=IwAR13tR8sbQYL5y2BaYpmcH_tuWFrAjsmGOoFHEg5FwV1gs6wbHfqf_JnO24

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ქართულ დელეგაციასა და თურქეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა გულთბილი და საქმიანი შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთის და მისი უწყების სრული მხარდაჭერა.

„ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით საამაყო იყო თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობის და ნდობის ხაზგასმა მისი ქართველი კოლეგის, მინისტრ ბურჭულაძის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ქართულმა დელეგაციამ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ევროკავშირმა 2023 წელს გასაწევი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის საწყისი წლიური ბიუჯეტი დაამტკიცა.
ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება ბუნებრივი კატასტროფებით და სამხედრო კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის არიან იძულებით ადგილნაცვალი პირები, გადაადგილებაშეზღუდული მოსახლეობები და ლტოლვილთა მასპინძელი საზოგადოებები. დახმარება, ძირითადად, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით ხორციელდება.
დადგენილი ბიუჯეტიდან 207.8 მილიონი ევრო მოხმარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და ევროპულ სამეზობლოს. ეს, ძირითადად, მოიცავს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე რეაგირებას და, ასევე, კავკასიის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაფინანსებას. 
დარჩენილი თანხიდან 141.5 მილიონი ევრო გამოიყოფა საგანგებო ვითარებებისთვის, 122 მილიონი ევრო — გაუთვალისწინებელი ჰუმანიტარული კრიზისებისთვის, ხოლო 108.2 მილიონი ევრო — ინოვაციური პროექტებისა თუ სამოქმედო გეგმებისთვის.
„ჰუმანიტარული საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ცუდი მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სიცოცხლის  გადამრჩენი დახმარება ესაჭიროება, აშშ-ის მოსახლეობას აღემატება“, — აღნიშნა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ევროკომისიის დაფინანსება 2023 წელსაც უზრუნველყოფს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელი მიუწვდებოდეს ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ვინც ან სადაც უნდა იყვნენ ისინი“.
გარდა ამისა, ლენარჩიჩმა გლობალურ საზოგადოებას საზიარო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების 80%-ზე მეტს მხოლოდ 10 უმსხვილესი დონორი უზრუნველყოფს.
 
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიური ჰაბები გახსნა. ეს სივრცეები 280 სტუდენტს უზრუნველყოფს ტრენინგით, რომელიც მათ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას გაუადვილებს. 
პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას. საქართველოს შემთხვევაში კი ინიციატივა, ამასთან, ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირებსა და უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება.
EBRD ამ პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საკოორდინაციო და ანალიტიკურ ცენტრთან ერთად ახორციელებს.
 
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ჩინეთისთვის ნაცნობ და საყვარელ არქიტექტორთა რიცხვს მიეკუთვნება. ზაჰას დიზაინის ფირმა „Zaha Hadid Architects (ZHA)“ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორედ ამ უკანასკნელის მიერაა აშენებული 2019 წელს ცნობილი პეკინის ტასინგის საერთაშორისო აეროპორტი.
2021 წელს ფირმამ ითანამშრომლა შანხაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ფართომასშტაბიანი გამოფენის მოსაწყობად. შედეგად მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ ჰადიდის საკულტო დიზაინის ასობით მოდელი, ფოტო და აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები.
რევოლუციური, კრეატიული, ინოვაციური – ამ და კიდევ სხვა მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ ჰადიდის შემოქმედებას. ჩინეთში თავის პირველ რეტროსპექტივაში, Zaha Hadid Architects-მა ნათელი მოჰფინა მისი გამომგონებლობის ბრწყინვალებასა და სიღრმეს, უნიკალურ არქიტექტურულ ენასა და შეუპოვარ სამუშაო ეთიკას.
გამოფენის მეორე სართული ჰადიდის არქიტექტურული დიზაინის მიმოხილვას მიეძღვნა, რაც მოიცავდა შენობების მოდელებსა და ფოტოებს, რომელიც ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნა. გარდა სავაჭრო კომპლექსებისა, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და ცათამბჯენებისა, ZHA-მ შექმნა მაღალი დონის საჯარო პროექტების სერია, როგორიცაა ხიდები, მეტროს სადგურები და ფეხბურთის სტადიონები.
მესამე სართული იმ ფილოსოფიასა და ტექნოლოგიებში მოგზაურობას დაეთმო, რომლებიც ჰადიდს მისი ხედვის რეალიზებაში დაეხმარა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ყოველ ნაბიჯზე. ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც ზაჰა ჰადიდის დიზაინს (ZHD) მიეძღვნა, როგორიცაა ავეჯი, განათება, სამკაულები და მოდა.
საერთო ჯამში, გამოფენა ცოტათი ZHA-ს დიდ სარეკლამო კამპანიას ჰგავდა, რომელიც ჰადიდის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობისა და კვლევის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

წყარო: https://sinomedia.ge/ზაჰა-ჰადიდის-არქიტექტურუ/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური