Items filtered by date: პარასკევი, 20 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი. „ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ასეთი გამორჩეული პროგრამა და გვყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი. ცენტრის გახსნით ჩვენ ვეხმიანებით აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“- განაცხადა რექტორმა.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები იმუშავებენ საკვლევ თემებზე, იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.

2004 წელს თამარ შიოშვილი  გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში გაიხსნა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც. 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. 

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.  

ამის დაშვება დაუშვებელია! 

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. 

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ემზადება ამ თვის ბოლოს ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. ახალი მთვარის კალენდრის დაწყება ნიშნავს გასული 12 თვის ფურცლის გადაშლას და საინტერესო ახალი წლის კარის გაღებას. 2023 წელს, ზეიმი მთელს მსოფლიოში ისეთივე აქტიური იქნება, როგორც ყოველთვის, სავსე ბევრი უცვლელი ტრადიციით, ჩვეულებითა და ძალიან გემრიელი საკვებით.

როდის აღინიშნება ჩინური ახალი წელი 2023 წელს?

ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, გაზაფხულის ფესტივალი. იგი აღნიშნავს პირველ დღეს მთვარის კალენდარში, რომელიც იწყება პირველი ახალი მთვარის გამოჩენის შემდეგ 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს ახალი წელი კვირას, 22 იანვარს მოდის. მისი აღნიშვნა აღნიშვნა წინა საღამოს დაიწყება, ახალი წლის პირველ დღეს (21 იანვარს) და გაგრძელდება 9 თებერვლამდე, ტრადიციულად დაგვირგვინდება ფარნების ფესტივალით.

სად აღინიშნება ჩინური ახალი წელი?

ჩინური ახალი წელი მთელი ჩინეთის მასშტაბით აღინიშნება. უპირველესად იგი ეროვნული სახალხო დღესასწაულია, თუმცა მთვარის ახალ წელს ასევე აღნიშნავენ ბევრ სხვა რეგიონსა და ქვეყანაში, რომლებიც ან იყენებენ მთვარის კალენდარს, ან ჰყავთ დიდი ჩინელი ან ჩინურენოვანი მოსახლეობა. ეს მოიცავს მალაიზიას, ვიეტნამს, კორეას, მიანმარს, ტაილანდს, კამბოჯას, სინგაპურს და ფილიპინებს, ჩინურ თემებთან ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში.

როგორ აღინიშნება ჩინური ახალი წელი?

საახალწლო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. წელს შეიძლება ველოდოთ აღლუმებსა და სპექტაკლებს, დახვეწილი დრაკონებითა და ლომებით, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებით და უამრავი ფეიერვერკითა და საახალწლო ასაფეთქებლით, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბოროტ სულებს აფრთხობს.

2023 წელს თქვენ ნახავთ ყველანაირი კაშკაშა საახალწლო ჩვენებებს ჩინურ ქალაქებსა და მსოფლიოს სხვა საკულტო ადგილებზე. ბევრი ასევე აღნიშნავს ყოველწლიურ დღესასწაულს ოჯახთან ერთად. მოგეხსენებათ, გაზაფხულის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ოჯახთან ერთად ვახშამია.

ოჯახები, როგორც წესი, საახალწლოდ ასუფთავებენ სახლებს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი უბედურება და დაამშვენონ ფანჯრები და კარები წითელი ქაღალდის დეკორაციებითა და ფარნებით. გასცემენ და იღებენ წითელ კონვერტებს, რომელშიც ფულია მოთავსებული.

რისი წელი აღინიშნება 2023 წლისთვის?

2023 წელს კურდღლის წელი იქნება, რაც სიმამაცის, სიკეთისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

რა კერძებისგან შედგება ტრადიციული ჩინური საახალწლო სუფრა?

გაზაფხულის ფესტივალზე ოჯახის წევრებს მაგიდის გარშემო აერთიანებთ ე.წ. „ჰოთფოთი“, არაჩვეულებრივი ხორცისა და ზღვის პროდუქტების კერძები.

მაგალითად, ბევრი ჰონგ-კონგელი მიირთმევს ფენ ცაის (ტრადიციული კანტონური ზღვის პროდუქტების ასორტიმენტით სავსე თასი). სინგაპურში ხშირად შეექცევიან უშენგს (უმი თევზის სალათას), რომელიც ჩვეულებრივ სტარტერია, ხოლო დესერტად, ანანასის ტორტი და ნიენგაო (წებოვანი ბრინჯის ნამცხვარი) პოპულარული არჩევანია.

სხვა გავრცელებული ტრადიციული საკვები მატერიკზე ჩინეთში მოიცავს ნუდლის სუპებს, პელმენებს, სპრინგ როლონებს და დესერტად თანგიუენს (ტკბილი ბრინჯის ბურთულები).

წყარო: https://www.timeout.com/things-to-do/chinese-new-year-dates-animals-traditions-celebrations

მასალა მოამზადა: მარი გიორგობიანმა

www.sinomedia.ge

გამოქვეყნებულია ჩინეთი

21 იანვარი ოთხფეხა მეგობართან ჩახუტების დღეა. ამ დღეს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ განსაკუთრებულ მასპინძლობას გაგიწევთ. ესტუმრეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან ერთად, შეიძინეთ „დოგი ბეგი“ - სპეციალური საკვები „ძაღლების მენიუდან“ და მის სანაცვლოდ საჩუქრად თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად შექმნილ სამახსოვრო კარიკატურას მიიღებთ.
მნიშვნელოვანია, რომ კარიკატურისტი ლევან მირონიძე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ 16:00 საათიდან დაგხვდებათ. შეძენილი „დოგი ბეგი“ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ძაღლისთვის ან მოათავსოთ სპეციალურ სკივრში, რომლითაც ჩვენ მიერ შეფარებულ ძაღლებს გამოვკვებავთ. „დოგი ბეგის“ გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მოხმარდება ცხოველებზე ზრუნვას (მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენაზე ზრუნვა, იურიდიული მხარდაჭერა და სხვა)
„მიუსაფარი ცხოველებისთვის უკვე მოხდა საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ. „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოსული სტუმრები ზრუნავენ ჩვენს მიერ შეფარებულ ცხოველებზე, ისინი სპეციალური მენიუდან ყიდულობენ „დოგი ბეგებს“ და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით უმასპინძლდებიან, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარებიან იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება, 21 იანვარს კი, კიდევ გვეძლევა შესაძლებლობა ერთად აღვნიშნოთ ჩახუტების დღე და კიდევე რთხელ დავეხმაროთ მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, “ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრუდლება საღამოს 18:00 საათიდან დიჯეი და პროდიუსერი GOGIGUNIA წარმოგდიგენთ ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს.
დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე +995599142411
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბრიდან, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას, ვისაც მათთვის დახმარების სურვილი აქვს შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 3 კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აღნიშნა დეპუტატებს ჰქონდათ შინაარსობრივი და პროდუქტიული შეხვედრები.
„ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, და, რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას, ჩვენს დიპლომატებს, ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე კომიტეტის წევრები ჰერმან საბო და ალექსანდრე ელისაშვილი. 
გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია  21-28 იანვარს  უმასპინძლებს და მასში  სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ფრიული, ვენეცია, ჯულია. იტალია. 2023 წლის 21-28 იანვარი) მონაწილე საქართველოს დელეგაციის  შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ხუთშაბათს ძიანგსუს პროვინციის მე-14 რეგიონული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე ერთხმად აირჩიეს მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატად.

სი ჩინეთის მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის დეპუტატობის კანდიდატად კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა წარადგინა. კენჭისყრა რეგიონულ კონგრესზე ჩატარდა.

სის ერთხმად არჩევის შესახებ განცხადებამ სესიაზე მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

სი იყო იმ 144 დეპუტატს შორის, რომლებიც აირჩიეს ახალ ეროვნულ სახალხო კონგრესზე.

დეპუტატების თქმით, რეგიონული სახალხო კონგრესის 800-ზე მეტი დეპუტატის მიერ სის ერთსულოვნად არჩევა წარმოადგენს ძიანგსუს პროვინციაში მცხოვრები 85 მილიონზე მეტი ადამიანის გულწრფელ სურვილს.

ეროვნული სახალხო კონგრესი არის ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მე-14 კონგრესი თავის პირველ ყოველწლიურ სესიას პეკინში 5 მარტს გახსნის.

ძიანგსუ

2014 წლის დეკემბერში, ძიანგსუს პროვინციაში საინსპექციო ტურის დროს, სიმ პირველად გამოიყენა ტერმინი „პარტიის სრული და მკაცრი თვითმმართველობა“ და მას უპრეცენდენტო მნიშვნელობა მიანიჭა.

ზოგიერთმა დეპუტატმა თქვა, რომ სის არჩევა პროვინციაში ხუთშაბათს იყო სწორედ სრული და მკაცრი პარტიული თვითმმართველობის უცვლელი წინსვლის, შიდაპარტიული პოლიტიკური აქტივობების გაძლიერებისა და რეგულირების და ამ პროცესში სახალხო დემოკრატიის განვითარების ნათელი მაგალითი.

„თანამშრომლობა კადრებსა და მასებს შორის უფრო მჭირდროა და პარტიული ორგანიზაციების ავტორიტეტი უფრო გაიზარდა“, – თქვა ჭოუ ჭონგიანმა, პარტიის მდივანმა პროვინციის ერთ-ერთ სოფელში. „პარტიამ მიგვიყვანა სიღარიბის აღმოფხვრასა და სოფლის გაძლიერებამდე. ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო აყვავებული ხდება.“

ძიანგსუს პროვინცია მდინარე იანგწის ქვედა ნაწილში მდებარეობს. იგი “იანგწის ეკონომიკური სარტყლის ინიციატივის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პროექტი ჩინეთმა დაიწყო 2016 წლის დასაწყისში. პროექტის მიზანია რეგიონის გადაქცევა ოქროს ეკონომიკურ სარტყლად, უკეთესი ეკოლოგიით, ტრანსპორტით, კოორდინირებული ეკონომიკით, უკეთ ინტეგრირებული ბაზრითა და მეტი სამეცნიერო მექანიზმებით.

სხვა დეპუტატების თქმით, სის ძიანგსუს პროვინციაში არჩევამ ასევე აჩვენა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთგულება მდინარე იანგწის ეკონომიკური სარტყლის წინსვლისა და იანგწის დელტის ინტეგრაციისკენ. ეს პროცესი მოიცავს რეფორმების გაგრძელებასა და განვითარების ახალი ნიმუშის შექმნისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

„აღფრთოვანებული ვარ იმის მოსმენით, რომ გენერალური მდივანი ერთხმად იქნა არჩეული“, – თქვა ლიუ ლეიმ, ტექნიკოსმა პენგჩენგში, ძიანგსუს პროვინციის ქალაქში.

2017 წლის დეკემბერში ქალაქში ორდღიანი ინსპექტირების ტურის დროს, სიმ მოითხოვა მეტი ინოვაცია აღჭურვილობის წარმოების სექტორში, რათა გაძლიერებულიყო ეკონომიკა და დაჩქარებულიყო ჩინეთის სწრაფვა წარმოების ცენტრად გადაქცევისკენ.

ლიმ გაიხსენა სის ვიზიტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესის შემდეგ. მან თქვა, რომ ისინი ბევრს იმუშავებენ ინოვაციებზე, რათა მოახდინონ ტექნოლოგიური გარღვევა და წვლილი შეიტანონ ჩინეთის წარმოების სექტორში.

სი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ასევე დიდი არხის კულტურული სარტყლის მშენებლობას, რომელიც გადაჭიმულია პეკინიდან ხანგჭოუმდე, ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქამდე აღმოსავლეთ ჩინეთში. ძიანგსუს პროვინციის ქალაქი იანგჭოუც ამ პროექტის ერთ-ერთი სექციაა.

ლი ჭენჩენგმა, ასევე ძიანგსუს პროვინციის მე-14 რეგიონალური სახალხო კონგრესის დეპუტატმა, თქვა, რომ ისინი მეტს გააკეთებენ კულტურული მემკვიდრეობის წინსვლისა და წყლის დასაცავად, რათა დიდი არხი სუფთა, მწვანე და ცოცხალი გახადონ.

მასალა მოამზადა: აკაკი ბალანჩივაძემ

წყარო: https://sinomedia.ge/მე-14-ეროვნული-კონგრესი/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

დიდი მადლობა ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და, მე მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომლებიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა, – შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი, გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით, და რატომ ვაკეთებთ ამას. მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 ათასი ბათუმში. ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,”- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენს, როგორც ამბიციურ პროექტს და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა.
„მესამე ინიციატივაც მინდა ვახსენო აქ. აზერბაიჯანთან ერთად ვავითარებთ სხვადასხვა ინიციატივას. მაგალითად, მინდა ვახსენო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. ესეც ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში,  მაქსიმუმ 20 დღეში,  45 დღე თუ სჭირდება ზღვით. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას. ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, – ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა, ისევე როგორც სხვა მონაწილეებმა, პანელურ დისკუსიაზე მოდერატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის მირეკ დუშეკის კითხვებს უპასუხა.
პრემიერის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციას. ამას გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე.
„ჩვენ გვაქვს გზატკეცილები და რკინიგზა. ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რაც 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ამის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს  სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია.
აქვე მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება,“-აღნიშნა პრემიერმა. 
 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საგარეჯოში დღეს დილას მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური