Items filtered by date: ორშაბათი, 12 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები შეაჯამეს.

ალექსანდრე დარახველიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები, ასევე, მათ საპასუხოდ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები.
"ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს იმ წესებს, რაც დადგენილია ამ შეთანხმებით, თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება გარკვეულ შემთხვევაში ვადების დარღვევა, ასევე, ადგილი აქვს უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებს. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო შეხვედრის დროს საუბარი. ჩვენ დავსახეთ გეგმები თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ასევე გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები ევროპის 19 ქვეყანაში ახორციელებენ თავიანთ მანდატს, ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციებს. ასევე, საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზე შემოწმებას და დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში.
უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. აღნიშნული პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გაათმაგდა საქართველოში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები.
ჩვენ სრულად განვაახლეთ საქართველოს კანონმდებლობა და იგი დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს.
შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონ სახელმწიფო მდივანთან დავსახეთ გეგმები, რა მიმართულებით შეიძლება ვითანამშრომლოთ ორივე სახელმწიფომ იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე, თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნის რაოდენობა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
გამოქვეყნებულია სამართალი

მთვარის ნამცხვრის ჭამა აუცილებელი ნაწილია ტრადიციული ჩინური შუა შემოდგომის ფესტივალის გასატარებლად.

უყურეთ ვიდეოს, რათა გაიგოთ მეტი ჩინეთის ტიანძინში მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომლებიც სიამოვნებით მიყვებიან მთვარის ნამცხვრების დამზადების ისტორიულ ტარადიციას.

ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა.

ცვლილებების მიხედვით, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით, ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე ვრცელდება.

საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე განმარტება გააკეთა და პროექტი მუხლობრივად წარადგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დოჭვირმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს და გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო მათსავე ქვეყანაში

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება - ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს.    

კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

კონკურსის ჟიურის ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს.

„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ინგლისისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს.

ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აცხადებს სარა ებოტი.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. მათ შორის, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.

IWSC-ის შესახებ:

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში. 

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.  

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შსს-ში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე.
თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობა ე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერებს არსებულ ინფრასტრუქტურას.
გამოქვეყნებულია სამართალი

პეკინი, (სინხუა) -- პარასკევს, ჩინეთში ახალი სატელევიზიო დოკუმენტური სერიალის მეორე სეზონის გადაღებები დაიწყო. ფილმი ასახავს ჩინეთის მიღწევებს მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიებში და ასევე მიღწევებს მათ უკან მდგარი მეცნიერებისა და ინჟინრების შესახებ.

ჩინეთის საერთაშორისო კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა China International Publishing Group-თან, რომელიც ფილმის თანაპროდიუსერია, პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ დაიწყება სამსერიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც აჩვენებს ჩინეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

ახალი სერიალის რეჟისორი, ბრიტანელი დოკუმენტური პროდიუსერი მაიკლ ლაჩმანი იქნება. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოში სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა“, - განაცხადა მ.ლაჩმანმა.

„დასავლეთში, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ჩინეთის თანამედროვე მიღწევების შესახებ, ამიტომ ამ დოკუმენტური ფილმის გადაღებაში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რომ ჭეშმარიტად გვეჩვენებინა ჩინეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების წარმოუდგენელი გარემოებები და ჩაგვეწერა ჩინელი მეცნიერების საოცარი ისტორიები, რომლებიც იკვლევდნენ ამოუცნობ სამყაროს".

დოკუმენტური სერიალის პირველი სეზონი, სახელწოდებით „ფანტასტიკური მომავალი: ჩინეთის სამეცნიერო რევოლუცია“, 2021 წელს Discovery Channel-ზე გავიდა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული პირველი მედლებიდან ერთ მედალს საქართველოს ნაკრებიც დაეუფლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა უმსუბუქესი - 55 კილოგრამ წონითი კატეგორია - ნუგზარ წურწუმიამ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველივე შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იორდანელი მოსტაფა სულთან რაიექ ალქადი. მეოთხედფინალში ქულებით მოუგო უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევს (5-2), ნახევარფინალში კი ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი დაამარცხა (5-3).

წურწუმიას გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან მოუწია ორთაბრძოლა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და 0-8 დამარცხდა.

ხვალ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეშაჟის ნახევარფინალშია გელა ბოლქვაძე (82 კგ). ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მასაც აქვს.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას.
ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო, 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, გაემგზავრება კავკასიის რეგიონში, სადაც იგი შეხვდება ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ბიზნეს-პარტნიორებს.

ოდილ რენო-ბასო ჯერ აზერბაიჯანში ჩავა, შემდეგ საქართველოს ეწვევა, და ოფიციალურ ტურნეს სომხეთში დაასრულებს.

ეს მისი პირველი ვიზიტია კავკასიის რეგიონში, მას შემდეგ რაც 2020 წლის ბოლოს იგი ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.

გამგზავრებამდე EBRD-ის პრეზიდენტმა ვირტუალური შეხვედრები გამართა აზერბაიჯანული, ქართველი და სომხური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვან ჯგუფთან.

საქართველოში ვიზიტის განმავლობაში ოდილ რენო-ბასო სხვადასხვა შეხვედრებს გამართავს და ხელს მოაწერს სასესხო ხელშეკრულებებს ფინანსურ და ჯანდაცვის სექტორის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორებთან.

Press release

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის, იაპონიის და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასის და ასევე საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა.

საუბრის დროს ხაზი გაესვა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროპისთვის გაზის იაფი და მდგრადი მიწოდების საკითხიც.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური