Items filtered by date: შაბათი, 10 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მიულოცა ჩინური შუა შემოდგომის დღესასწაულის დადგომა და ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და წინსვლა უსურვა მთელს ქვეყანას.

„ჭუნგციუ ძიე“ - იგივე შემოდგომის დღესასწაული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით, ყოველი მერვე თვის 15 რიცხვში აღინიშნება.

ეს დღე არის ერთმანეთს მონატრებული ოჯახის წევრების გაერთიანების დღე. ამ დღეს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ახლობლები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ დღესასწაულის სიხარულს. სავსე მთვარე და მრგვალი ფორმის მთვარის ნამცხვარი (ფუ პინგი) დღესასწაულის განუყოფელი ნაწილებია. მთვარის ნამცხვარი ოჯახის ერთიანობისა და იღბლის სიმბოლოა. გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, წელს „ჭუნგციუ ძიე“ 10 სექტემბერს აღინიშნება.

„ჭუნგციუ ძიე“-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრადიცია მოიცავს მთვარის ნამცხვრების დამზადებას და ჭამას: მთვარის ნამცხვრები ტკბილი მრგვალი ნამცხვრებია და მისი ასობით სახეობა არსებობს. როგორც წესი, მათ აქვთ თხილის, ნესვის, ლოტოსის, ჩინური ფინიკის, ნუშის შიგთავსი.

ეს მდიდარი შიგთავსი ინახება ოქროსფერ-ყავისფერ საკონდიტრო ქერქში და მოხარშული კვერცხის გული დეკორატიულად მოთავსებულია ზუსტად ცენტრში. ქერქი ხშირად მორთულია სიმბოლოებით, რომლებიც დაკავშირებულია შუა შემოდგომის ფესტივალთან.

ტრადიციულია ცამეტი მთვარის ნამცხვრის დაწყობა პირამიდაში, რაც სიმბოლოა სრული მთვარის ციკლის!

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება. 

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.

ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს  ჩართულობით. 

ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.    დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ფორუმის ფარგლებში ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის,  რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.

ფორუმს  დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური