Items filtered by date: პარასკევი, 19 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მანამ, სანამ მისი ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადებები, გუშინ ლვოვში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ერდოღანის და გენერალურ მდივან გუტერეშის მასპინძლობა. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გუტერეშს და ბატონ ერდოღანს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, ჯერ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, შემდგომ ვნახოთ“, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მწვანე და ინტელექტუალური პროდუქტების მრავალფეროვანი ექსპონატებია წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის“ მე-6 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების განვითარებას „სარტყელისა და გზის“ პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქ. სიანში „აბრეშუმის გზის“ მე-6 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში დგას „სარტყელი და გზის“ პროექტში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების განხილვა.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო.

„მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებსა და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!,“- განაცხადა პრემიერმა.

ახალი საავტომობილო ხიდის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას, ასევე სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! მოხარული ვარ, მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი, მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.
პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს, ჩვენ უფრო განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს რეალური ნაბიჯები გადავდგათ არა მხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფის მიმართულებით სხვა საკვანძო ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ სხვა მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა კანონიერი გადაყვანა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ.
„საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროებში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ,“- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო. ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
ღონისძიებას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე მეორე მატჩი მასპინძელ, საბერძნეთთან გამართა და 67:80 დამარცხდა (სტატისტიკა) თავდაპირველად თამაში საკმაოდ დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირისა და ზოგადად, მომავალი ევრობასკეტის ფავორიტ ბერძნებთან პირველ ნახევარში მშვენივრად ითამაშა.

პირველ მეოთხედში ქართველები 21:16 ლიდერობდნენ, მეორე პერიოდი მხოლოდ 2 ქულით, 16:18 დავთმეთ. მე-3 მეოთხედში, მსგავსად წინა შეხვედრისა, ბერძნებმა 12 ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და პერიოდი 10:22 მოიგეს. ბოლო მეოთხედი ქართველებმა 4 ქულით, 20:24 წააგეს და ბერძნებმა საბოლოოდ 13 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა ნაკრების წევრებს პირველ ნახევარში გამოჩენილი გარჯა შეუწყო, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მხოლოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არაა. გუნდმა უნდა ისწავლოს ბოლომდე, თამაშის მთელს მანძილზე ბრძოლა. ამის პოტენციალი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად გააჩნია და საჭიროა მეტი მონდომება და საქმისადმი მთელი გულით მიდგომა. 

ქართველებს შორის უნდა აღინიშნოს სანდრო მამუკელაშვილის თამაში, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა და 9-9 მოხსნაა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ანგარიშზე.  

შეგახსენებთ რომ აკროპოლისის თასი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმართება და იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უკვე ტრადიციად ქცეული ამხანაგური ტურნირია. ათენი აკროპოლისის თასს 31-ედ მასპინძლობს და წელს მასში მონაწილობას საქართველოს, თურქეთის, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები იღებენ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს და თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.

ილიას ზუროსის კომენტარი მატჩის შემდეგ, რომელიც მან პრეს-კონფერენციაზე გააკეთა:

„საბერძნეთის ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენთვის სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში. განსაკუთრებით მესამე პერიოდში. მეორე ტაიმში გუნდურად ვერ ვითამაშეთ. 

მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა პირვლ ტაიმში კარგ გამოსვლას. ტემპსაც ვაკონტროლებდით, სწრაფადაც გავრბოდით, სივრცეებსაც კარგად ვიყენებდით. ყველაფერი კარგად იყო. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. ჩვენი უკანახაზელები მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ.

იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

რაც შეეხება, აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს პოლონეთთან, ვიტყვი, რომ მოსამზადებელი თამაშია. მას ვიყენებთ გაუმჯობესებისთვის. გუნდის შეკვრა იოლი არ არის, მითუმეტეს, რომ გვყავს ახალი სახეები. როცა საკონტროლო მატჩებში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ და თამაშის დახვეწას ნაკლებ ყურადღებას უთმობ, ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ერთი-ერთზე დაცვის გაუმჯობესება და შეტევაში ბურთის მეტად მოძრაობაა. ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი პოლონეთთან მატჩის წინ“.

 კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია სპორტი

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პარასკევს, „ცინცინმა“, მდედრობითი სქესის გიგანტურმა პანდამ, მეშვიდე დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ ჩინეთის სააგენტო "სინხუა“ იტყობინება.

პანდა „ცინცინი“ ქ. ჩუნცინის /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრში ცხოვრობს და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.

პანდა „სინსინ“-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩუნცინის პანდების ცენტრში სადღესასწაულო საღამო მოეწყო და ცენტრის ადმინისტრაციამ პანდას დიდი ტორტი და უგემრიელესი კერძი მოუმზადა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური