Items filtered by date: ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

„აბსოლუტურად ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ყველა მათგანს სურს, იყოს თანაბარი უფლებების მატარებელი, განურჩევლად დედაქალაქისა, განურჩევლად რეგიონისა. ყველას აქვს სიცოცხლის უფლება”, — ქეთი ვარსიმაშვილი, “მრავლობითი სკლეროზის” საქართველოს ფონდის დირექტორი.
25-30 წლით გადავადებული გართულებები და მოგებული დრო, როცა შესაძლოა შენი დაავადების სრული განკურნებისთვის მედიკამენტი შეიქმნას. ესაა შანსი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის მქონე ასობით პაციენტი ელოდება და რომელიც ახლა ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირების ხელშია. ბოლო წლებში პირველად, გაჩნდა ყველაზე რეალისტური იმედი, რომ ამ რთული დაავადების მკურნალობის დაფინანსების მიზნით ცენტრალიზებული პროგრამა ამოქმედდება. ეს კი, პირველ რიგში, თავად პაციენტებისა და ექიმების ბრძოლის შედეგია.
არ არის გამორიცხული, პროგრამა უკვე წელს ამოქმედდეს, თუმცა ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ის, რომ საკითხი ჯანდაცვის უწყებებსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტში აქტუალურია, jandacva.ge-სთან საუბარში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ დაადასტურა. მართალია, 2022 წელს ამ პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობაზე მან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ცენტრალიზებული დაფინანსების პროგრამა. „საკითხის განხილვა ახალი ბიუჯეტის განხილვის დროს მოხდება“ - მისი ეს განცხადება იძლევა იმედის საფუძველს, რომ 2023 წელი იქნება წელი, როდესაც პაციენტების გეოგრაფიული დისკრიმინაცია დასრულდება და დაფინანსებას არა მხოლოდ თბილისსა და აჭარაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა და ქალაქში მცხოვრები ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ დასმული.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობა წინა წლის აგვისტოში იწყება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსგან აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტში ჩადებას მოითხოვს, ასობით ადამიანის ურთულესი პრობლემა მოგვარდება. განხილვის პროცესში, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება პარლამენტიც, რომელსაც, ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია ამ პაციენტების ბედი სასიკეთოდ შემოაბრუნოს და ჯანდაცვის სამინისტროს მათი მკურნალობის დაფინანსება მოსთხოვოს.
ცნობისათვის: პროცედურულად, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნისა და ბიუჯეტის რესურსის არსებობის პირობებში შესაძლოა, ცვლილებები უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის დარჩენილ ნაწილში შევიდეს, მაგალითად, დაკორექტირდეს უკვე არსებული პროექტი. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი პროექტის დამატებასაც. მართალია, ეს შედარებით იშვიათი პრაქტიკა, თუმცა შესაბამისი ნების არსებობის პირობებში სავსებით შესაძლებელია. მიმდინარე ბიუჯეტის ფარგლებში ახალი პროგრამის ამოქმედება დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროზე, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს უნდა მიმართოს. რაც შეეხება პარლამენტს, შესაბამის კომიტეტს ასევე აქვს პრეროგატივა, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს კონკრეტული პროგრამის ბიუჯეტში ჩადების თხოვნით. ცვლილების დასამტკიცებლად პარლამენტს არდადეგების პერიოდში რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოუწევს.
„დაავადება პროგრესირებს, ხოლო ჩვენი მთავარი მოთხოვნა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, პაციენტები კი საჭიროებენ მკურნალობაზე დროულ წვდომას. დაავადება არ გვირჩევს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თქვენც ნუ გამოგვარჩევთ ერთმანეთისგან - თბილისსა და აჭარის რეგიონში მცხოვრები პაციენტების მსგავსად, რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც იმსახურებენ მკურნალობას და ხარისხიანი სიცოცხლის უფლებას!“ - ასეთი შინაარსის განცხადებით პაციენტებმა უკვე მიმართეს სამინისტროს და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. ამ საკმაოდ რთულ დაავადებას დრამატიზმს მატებს ის, რომ პირველი სიმპტომები უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებში, 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს ან შეეზღუდოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა. ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერისა და ოჯახის დაგეგმვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ძირითადად იმაზე უწევთ ზრუნვა, როგორ მოიპოვონ მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, რათა დაავადება არ პროგრესირდეთ. პაციენტებმა იციან, რომ დროული მკურნალობის ფონზე მათ მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. თუმცა, სამწუხაროდ, ეს სიკეთე მხოლოდ აჭარასა და თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას 2019 წლიდან წლიდან უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც.
ნევროლოგი მარინე ჯანელიძე, რომელიც გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს არა მხოლოდ მკურნალობს, არამედ მათთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობაში მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამბობს, რომ არსებობს იმედი, რომ პროგრამა უკვე წელს ამოქმედდეს.
ის განმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი, ისევ არ დაიკარგოს დრო და პაციენტებმა დროულ დიაგნოსტირებასთან ერთად დროული მკურნალობის მიღებაც შეძლონ.
მარინა ჯანელიძის თქმით, დაავადების დროული გამოვლენის შემდეგ დროული თერაპია იძლევა რეალურ საფუძველს (მედიცინაში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს), პაციენტების უნარშეზღუდვა ან არ განვითარდეს, ან მნიშვნელოვნად გადავადდეს.
ამასთან, მუდმივად ხდება თერაპიის დახვეწა და ფაქტობრივად 2-3 წელიწადში ახალი პრეპარატები იქმნება. მკურნალობის დროული დაწყება მნიშვნელოვანია, რომ იმუნური სისტემის გაუკუღმართებული აქტიურობა ან დაითრგუნოს ან პროგრესირება ბევრი წლით გადავადდეს. „მარტივად რომ ავხსნა, მკურნალობის გარეშე უნარშეზღუდულობა შესაძლოა განვითარდეს 5-10 წელიწადში, ხოლო მკურნალობის დროულ დაწყება კი საშუალებას იძლევა, ეს გართულება 25-30 წლით გადავადდეს,“ - ამბობს ნებროლოგი და აღნიშნავს, რომ გარდა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის პრობლემისა, ფსიქოლოგიურად უარყოფითი მომენტია, როცა სამეგრელოში, კახეთში ან შიდა ქართლში მცხოვრებმა პაციენტმა იცის, რომ თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ, იგივე დაავადების მქონე მოქალაქეს აქვს მკურნალობის საშუალება, რადგან თბილისის მერმა და აჭარის მთავრობამ გაიგეს პრობლემის არსი, მათ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა და მხოლოდ იმიტომ ვერ იღებენ დახმარებას, რომ თბილისსა და აჭარაში არ ცხოვრობენ. „ყველა ქვეყანაში, რამდენადაც მე ვიცი, ამ დაავადების მკურნალობას ფედერალური ბიუჯეტი ან დაზღვევა ანაზღაურებს, საქართველოში კი მივიღეთ სიტუაცია, როცა ადამიანების მკურნალობა გეოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს მარინა ჯანელიძე.
მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე აუცილებლად უნდა მივიდეს ამ ადამიანის პრობლემები. ახლა მათზეა დამოკიდებული პაციენტების ცხოვრების ხარისხი მომდევნო წლების განმავლობაში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

პეკინი, 16 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთმა გამოაქვეყნა კულტურის განვითარების პროგრამა მე-14 ხუთწლიანი გეგმისთვის (2021-2025). პროგრამა შექმნილია სოციალისტური კულტურის განვითარების ხელშეწყობისა და ჩინეთის მყარ კულტურულ საფუძვლის მქონე ქვეყნად გადაქცევისთვის.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ კულტურა არის ქვეყნისა და ერის სახე, ასევე ეროვნული ხელისუფლების სული. სოციალისტური კულტურის აყვავებისა და განვითარების გარეშე სოციალისტური მოდერნიზაცია შეუძლებელია.

როგორც აღნიშნულია პროგრამის მიზნებსა და ამოცანებში, ჩინეთი მოწოდებულია გააუმჯობესოს და შექმნას უფრო აყვავებული კულტურული ბიზნესი და კულტურული ინდუსტრია, განაგრძოს ჩინური კულტურის მიმზიდველობის გაზრდა და კულტურული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება.

პროგრამა ერთობლივად გამოაქვეყნეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფისმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფისმა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა "ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მე-14 ხუთწლიანი გეგმის ძირითადი დებულებების /2021-2025/ და ჩინეთის გრძელვადიანი განვითარების მიზნების /2035 წლამდე/ საფუძველზე".

გამოქვეყნებულია ჩინეთი

რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში დროებით შენახული საბრძოლო მასალა აფეთქდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად, ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო ნაწილის კუთვნილი საბრძოლო მასალა დროებით ინახებოდა.

იქვე ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად საბრძოლო მასალა აფეთქდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მაისკოიეს მახლობლად ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი - დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

PSP-ს მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე.

წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ამ მოსაზრებით ჯერ კიდევ 2000 წელს PSP-მ შექმნა პირველი ქართული საერთაშორისო სტანდარტის საწარმო GM Pharma, რომლის წარმოებული მედიკამენტები 15 წელზე მეტია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

ფარმაცევტული სტანდარტებით წამლის ახალი ფორმების (ამპულები, მალამოები, ხსნარები და ა.შ.) ქართული წარმოების გაფართოება და R&D ლაბორატორიის შექმნა ხელს შეუწყოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღო PSP-ს მფლობელობაში არსებული სს „ქართული ლუდის კომპანიის“  12,39%-იანი წილის (7001000 აქცია) გასხვისების შესახებ. სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთ-ერთი ძლიერი ქართული წარმოებაა, რომელიც წლებია ფართოდ ითვისებს საექსპორტო პოტენციალს სხვადასხვა წარმატებული ბრენდებით („ზედაზენი“, „რაგნარი“, „რავი“, „სვიანი“; ამერიკული ლიცენზიის საფუძველზე: „მილერი“, „ბავარია“, „ჰარპი“, „ჰოლსტენი“ და ა.შ. და არაალკოჰოლური სასმელების ფართო ჩამონათვალით: ლიმონათი „ზედაზენი“, ნატურალური წვენი „ჩერო“, ცივი ჩაი გურიელი, RC Cola, RC ლაიმი, RC მანგო, წყალი „ზენი“ და სხვ.) და ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ 20%-იან წილს.

„კომპანია PSP-ს ორიენტაცია საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ფართოდ ათვისებითვის განპირობებულია მოსაზრებით, რომ ქევყნის ეკონომიკის ყველაზე მყარი განვითარების პერსპექტივა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდება. თანამედროვე საერთაშორისო ფარმაცევტული წარმოების მოთხოვნების GMP-ის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ამპულირებული, საინექციო ხსნარების, მალამოების და ა.შ. წარმოება ამჟამად არ ხდება; ამ მიმართულებით ქართული საწარმოს განვითარება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სწორედ ფარმაცევტული წარმოების გაფართოვებისთვის საჭირო ინვესტიციის განსახორციელებლად გადავწყვიტეთ ჩვენი არაპროფილური ბიზნესის ქართული ლუდის კომპანიის აქციების გასხვისება“ - აცხადებენ PSP-ში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბოლო პერიოდში ექსპერტები და სადაზღვევო კომპანიები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის გაზრდისა და პროგრამის ფინანსების ეფექტიანად განკარგვისთვის აუცილებელია ამ პროგრამის დიზაინის შეცვლა და უნივერსალური საბაზისო სადაზღვევო სტანდარტის შემოღება. ეს იქნება მინიმალური პაკეტი, რომელზე უარესი პირობების შეთავაზებაც სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალებათ. მართალია, ექსპერტებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა „შეუშვას“ თუ არა სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სადაზღვევო კომპანიები, თუმცა, ამ საკითხში სხვადასხვა აზრის მქონე სპეციალისტებიც კი თანხმდებიან, რომ უნივერსალური, სტანდარტიზებული პაკეტის შემოღება აუცილებელია, რათა ადამიანებს ყველაზე აუცილებელი და კრიტიკული სერვისები დაუფინანსდეს.
იმის მაგალითი, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა უნივერსალური არ არის, ონკოლოგიური სფეროა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაინც სახეზეა ორი ტიპის პრობლემა: პირველი შეეხება პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მათთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტი (20-23 ათასი ლარი) არ არის საკმარისი და მთელი რიგი სიმსივნეების დროს ისინი იძულებული არიან შეწყვიტონ მკურნალობა ან თავიდანვე აირჩიონ ნაკლებეფექტური, მაგრამ ფინანსურად დამზოგველი რეჟიმები. შედეგად მკურნალობაც და სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებიც არაეფექტურია. მეორე პრობლემა შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით, სადაც მცირე გამონაკლისების გარდა, პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა მედიკამენტოზური მკურნალობის იმ მოცულობაზეც კი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი ფარავს.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ერთ-ერთია, რომელიც დიდი ხანია საუბრობს, რომ აუცილებელია არსებობდეს მინიმალური სტანდარტული პაკეტი, რაც ჯანმრთელობაზე ყველა მოქალაქის უფლებას აუცილებელ სტანდარტზე აიყვანს და ამ კუთხით მათ უფლებებს „გაათანაბრებს“. თუმცა ამაზე მუშაობაა საჭირო, რომ პაკეტები არ გაძვირდეს, ასევე მოსაფიქრებელია ხარისხზე კონტროლის სისტემა.
კითხვაზე, თუ რატომ არ დაიძრა ეს თემა დღემდე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას გულისხმობს, ზოიძე ამბობს, რომ „ყველგან ყველაფერი წერია,“ თუმცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გადაიდგა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები - პოლიტიკური ნების არარსებობის თუ სხვა რამის გამო - მას პასუხი არ აქვს.
ზოიძე ამბობს, რომ უნივერსალური პაკეტის შემოღების მიზანი უნდა იყოს საჭირო სერვისების დაფარვა და კატასტროფული ხარჯების თავიდან აცილება. “2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა და ახლა გაჩერება არ გამოვა. ამ პაკეტით, პირველ რიგში, უნდა დაიფაროს ქრონიკული მედიკამენტების ღირებულება, რადგან ჯიბიდან გადახდები საქართველოში არის ძალიან მაღალი და 40%-მდეა,“ - აცხადებს ზოიძე. მისი თქმით, დღეს მოქმედი სისტემით, სახელმწიფო არის პასიური გადამხდელი, რომელიც არ აკონტროლებს, რას ყიდულობს პაციენტისთვის.
„ჩვენ უნდა ვყიდულობდეთ ჯანმრთელობას, პრევენციას, ჩვენ კი დღეს არაფერს არ ვყიდულობთ. ჩვენ უბრალოდ ვიხდით. წარუდგენენ ანგარიშს, შემდეგ სახელმწიფო იხდის და ა.შ. ამას ჰქვია აქტიური შემსყიდველი, სტრატეგიული შესყიდვა კი ჩვენს სისტემაში არ ხდება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უტილიზაციის მართვა ანუ რაციონალური მოხმარების უზრუნველყოფა იმ მომსახურების, რაც ადამიანს სჭირდება და არა - რაც გინდა, რომ შენ მიყიდო. დღეს თითქოს დაზღვეულები ვართ და ვიხდით საკმაო თანხას სადაზღვევო პაკეტში, მაგრამ ჩათვალეთ, რომ მაგალითად მე პირველადი ჯანდაცვა არ მაქვს. სახელმწიფომ რომ დააწესოს დაზღვევის სტანდარტული პროდუქტი და სავალდებულო დაზღვევის ელემენტები შემოიტანოს, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი,“- აცხადებს აკაკი ზოიძე.
უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს დაზღვევის კიდევ ერთი ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც აღნიშნული პაკეტის არსს ასე განმარტავს: მილიონერია ადამიანი თუ სოცდაუცველი, ამის მიუხედავად ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული სტანდარტიზებული პაკეტით. ქართული რეალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა, კარგი ჩარჩოს შემთხვცევაში, ამ სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საოპერაციო ტვირთს მოაცილებს და ეს მას უფრო ეფექტიანს გახდის. რაც შეეხება სადაზღვევო პრემიას, მასში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახით „შეხიდებით“. კერძოდ, იქნებიან ჯგუფები, რომლებსაც პრემიას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, გარკვეული კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში კი პრემია საშემოსავლო გადასახადიდან გაიქვითება. ამასთან, პაკეტში ჩადებული უნდა იყოს ოჯახის არასწრულწლოვანი წევრების დაზღვევის ვალდებულება და ასეთი პაკეტი უნდა იყოს გრძელვადიანი, 2-3-წლიანი.
„ამ სისტემის არსი იმაშია, რომ სახელმწიფო პაკეტში კი არ ეუბნება ადამიანებს, შენ ეს ანალიზი გეკუთვნის და შენ - სხვაო. სამედიცინო სერვისების ჩამონათვლით კი არ არეგულირებს სოციალურ ჯგუფებს, არამედ სადაზღვევო პრემიებში შეხიდებით,“ - აცხადებს შერგელაშვილი.
იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სულ უფრო მეტ თანხებს მოითხოვს, სტატისტიკაც ადასტურებს: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, რომლის ყველაზე ახალი მონაცემი 2020 წელს ასახავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ანაზღაურებული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. 2020-ში ამ თანხამ 41 მილიონ ლარამდე შეადგინა, წინა წელს ეს მონაცემი 24 მილიონამდე იყო, მანამდე კი 21 მილიონამდე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ ისეთი კრიტიკული დაავადებების მართვა, როგორიც მაგალითად ონკოლოგიაა, მოითხოვს გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე სახელმწიფოს რესურსია. აქედან გამომდინარე, სისტემის სტრუქტურული ცვლილების აუცილებლობა სულ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს. მთავარი სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომელმაც ამ თემაზე ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს, რათა ადამიანებს, მძიმე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, მთავარ საზრუნავად თანხების მოძიება არ ექცეთ და სახელმწიფო პროგრამების ხარვეზები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არ „დააბალანსონ.“
რაც შეეხება უშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს, მუდმივად გვესმის მოთხოვნა, რომ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის დაფინანსება არაა საკმარისი და ჯიბიდან გადახდები ისევ ძალიან მაღალი და კატასტროფულია. მაგალითისთვის ავიღოთ ონკოლოგია და კარდიოქირურგია, რომლის მკურნალობაზე სახელმწიფო დიდ თანხებს გამოყოფს, თუმცა, როგორც პაციენტები ამბობენ, ეს მაინც არასაკმარისია და ისინი მთელი რიგი სერვისების მიღმა რჩებიან. შეძლებს სახელმწიფო ამ ტვირთის „ზიდვას“. ამ კითხვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დავით სერგეენკოს ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხი ასეთია:
„კატასტროფული დანახარჯები ნიშნავს, როდესაც ადამიანს ან ოჯახს დაუგეგმავად დაუდგება ისეთი საჭიროება, რომელიც მოითხოვს მისი წლიური შემოსავლის 25%-ზე მეტის დახარჯვას. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ლოგიკაში თავიდანვე ჩაიდო პრინციპი, რომ თუ ეს არის პოტენციურად ძვირი სერვისები – მაგალითად, ონკოლოგია, კარდიოქირურგია, იქ ლიმიტები უფრო მაღალია და დაფინანსებაც უფრო დიდია. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე კატასტროფული დანახარჯები ადამიანს შესაძლოა დადგომოდა ტრამვის დროს – მაგალითად ავარიაში ხელის მოტეხვა მისთვის უკვე კატასტროფული დანახარჯი იყო, და არა მაინცდამაინც რთული კომპლექსური მკურნალობა. ამკითხვაზე პასუხად ასეთ სტატისტიკას მოვიყვან: სამი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიკვლევდით ქვეყნიდან გასულ და შემოსულ პაციენტთა ნაკადებს, სტატისტიკით გაირკვა, რომ საქართველოში სამედიცინო სერვისებისთვის წელიწადში 10 ათასი ადამიანი შემოდიოდა და მათ უმრავლესობას მოთხოვნა ჰქონდა კარდიოლოგია-კარდიოქირურგიასა და რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაზე. ხოლო გადიოდა 500 ადამიანი და ამ შემთხვევების 90% იყო ონკოლოგია. ასე რომ ონკოლოგია არის დარგი, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება როგორც ორგანიზაციული, ისე ფინანსური კუთხით“.
არის თუ არა გამოსავალი ისევ სახელმწიფო თანხების ზრდა, სერგეენკოს ასეთი მოსაზრება აქვს: „ბოლო წლებში ტრენდულია, რომ ჯანდაცვაში ბევრი ფული იხარჯება და მაინც რაღაცა გვაკლია. ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, ვერ ანსხვავებს სამინისტროს ბიუჯეტს და იმას, რომ მისი უდიდესი ნაწილი სოციალური ხარჯებია – პენსიები და სოციალური გასაცემლები. ამიტომ სამინისტროს ბიუჯეტს უყურებენ, როგორც ჯანდაცვის ბიუჯეტს. რეალური ვითარება კი შემდეგია: ყველა ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯები იზომება მთლიანი შიდა პროდუქტიდან პროცენტის მიხედვით. ახლა საქართველო ჯანდაცვაზე მშპ-ს 3%-ს ხარჯავს. 2012 წლამდე, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე, ხარჯავდა 1%-ს. რომ შევადაროთ, 1%-ს ხარჯავენ ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა და მსგავსი ქვეყნები. 3%-ს ხარჯავენ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, აღმოსავლეთ ევროპა ხარჯავს 5%-ს, დასავლეთ ევროპა 8-12%-ს, ხოლო ამერიკა 17%-ს. ასე რომ, გამოსავალი ისაა, რომ სტაბილური ჯანდაცვა იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან. ჩვენ ბოლო წლებში გავასამმაგეთ, მაგრამ ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 3%. გამოსავალი არის უკეთეს ორგანიზაციასა და მეტ დაფინანსებაში“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

სიანი, 17 აგვისტო (სინხუა) - ჩინეთის ქ. სიანში მიმდინარე აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც „სარტყელი და გზის“ პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ნაკრებმა 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები რაშინის (პოლონეთი) კონტინენტის პირველობაზე 13 სპორტსმენით წარსდგა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა. მათ შორის, ორჭიდში 6 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია მოპოვებული. გაცილებით შთამბეჭდავი შედეგებია ატაცში და აკვრაში მოპოვებული მედლების რაოდენობის გათვალისწინებით.

დღეს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩემპიონობა მოიპოვეს ირაკლი ვეკუამ, გერვასი თაბაგარმა და მარიამ მურღვლიანმა.

გამოქვეყნებულია სპორტი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება – 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ევროკავშირმა საქართველოზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში მიაღწია. ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2022 წლის 6 სექტემბერს დანიშნული სხდომის წინ გამოქვეყნდა. 

„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა — COVID-19-ის პანდემიის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე“,  — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, — „თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ უკუსვლა ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. მაშინ, როცა საქართველო, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“.

ძირითადი დასკვნები

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რჩება რეფორმების მამოძრავებელ ძალად. ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაშიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობების შესრულებაც შედის, მთლიანობაში წარმატებით მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ნაწილად რჩება. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა ქვეყნისთვის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული დახმარების გაწევა და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.

„თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნიდა და კანონის უზენაესობის კუთხითაც უკუსვლა აღინიშნა. ეს ცხადყოფს, რომ აუცილებელია განახლებული და სერიოზული ვალდებულებების აღება დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, სასამართლო რეფორმების გასატარებლად, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. სწორედ ესენია ის არსებითი პრიორიტეტები, რომელიც საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის უნდა დაისახოს“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.

„ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების,  კანონის უზენაესობის გაძლიერების და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სერიოზული ვალდებულებების აღება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“, — აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, სრულად ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ის პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და საერთო ღირებულებების პატივისცემას უწყობს ხელს. შეთანხმება, ამასთან, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოზე გამოქვეყნებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების 2021 წლის ანგარიში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური