Items filtered by date: პარასკევი, 12 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

პეკინი, 11 აგვისტო (სინხუა) – მიმდინარე წლის ივლისში ჩინეთის ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამას მოწმობს დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები.

ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის მონაცემებით, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა გასულ თვეში დაახლოებით 290,000 ავტომობილის ექსპორტი განახორციელეს, რაც 67 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით და 16,5 პროცენტით მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისში. ენერგიის ახალი წყაროების მანქანების ექსპორტმა ივლისში 54000 ერთეული შეადგინა, რაც ყოველთვიურად თითქმის 90 პროცენტით მეტია.

2022 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთის ავტომობილების ექსპორტმა 1,51 მილიონ ერთეულს მიაღწია, საიდანაც ლომის წილი მსუბუქი ავტომობილებია. ასოციაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ შესაძლოა 2,4 მლნ ერთეულს გადააჭარბოს.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, წლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიცემული სარაკეტო სისტემების წარმატებით გამოყენების შემდეგ მიიღეს.

თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის სიტყვებზე დაყრდნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს "განაგრძონ დაცვა რუსული აგრესიისგან და შორი დისტანციური არტილერიის განურჩეველი გამოყენებისგან".

უოლესმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებენ ამ "არალეგალური ომის" წინააღმდეგობას და "(რუსეთის პრეზიდენტი) პუტინის მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ".

განცხადებაში აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს კიდევ მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს და აღნიშნული სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას მოამზადოს დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებსაც კანადა, დანია, შვედეთი, ფინეთი და ჰოლანდიაც დაუჭერს მხარს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება – ,,ძლევაი საკვირველი”, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.
„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.

მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პეკინი, 12 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მუდმივად უნდა შექმნას ძლიერი კონსენსუსი, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას, რათა შექმნას განვითარებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო, ენერგიულად აამოქმედოს განვითარების ახალი მამოძრავებელი ძალა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობის წარმოქმნას ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებში.

ჩინეთის პრეზიდენტმა ეს მოწოდება გააკეთა თავის მისალოც წერილში, რომელიც მან პარასკევს გაუგზავნა სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, რომლებიც მსჯელობენ გლობალური განვითარების ინიციატივის ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს აგრორუკაზე, რომელიც ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად შექმნეს, უკვე 50-ზე მეტი სოფელია დატანილი.

Google Maps-ის საფუძველზე შექმნილი ეს რუკა ინტერაქტიური საინფორმაციო სისტემაა. ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საწარმოების, აგრომომსახურების მიმწოდებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და სამეურნეო თუ კვების სექტორის სხვა დაწესებულებების შესახებ. კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რუკაზე ასევე იძებნება სამთავრობო პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.  

რუკის მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციის ადგილმდებარეობის ან საქმიანობის სფეროს მიხედვით შეუძლია. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს კომპანიებს და დაუსვას  ბიზნესთან დაკავშირებული კითხვები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნესთან კითხვა-პასუხის ეფექტიანობა.

აგრორუკა 2020 წელს საპილოტე ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა და ის თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. დღეისათვის რუკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილმდებარეობაა დატანილი. ის სოფლის მეურნეობის 24 სექტორში მომუშავე 500 კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.

„ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამას ეფუძნება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში 2,4 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ უკვე გაიარა სამხედრო მომზადება. ამის შესახებ, "ინტერფაქს-უკრაინა" იტყობინება. მათი ინფორმაციით, ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების ამდენივე მებრძოლი ბრიტანულ პოლიგონებზე წვრთნებს გადის, სამომავლოდ კი უკრაინიდან დამატებით 5000 სამხედრო მოსამზადებლად გაიგზავნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მომზადების პროგრამა დიდ ბრიტანეთში გასულ თვეში დაიწყო. მისი მიზანია 10 ათასამდე ახალწვეულის მომზადება, რათა აანაზღაუროს უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანი. ჯარისკაცებს ასწავლიან იარაღის მართვას, პირველადი დახმარების გაწევას ბრძოლის ველზე, შენიღბვასა და დაზვერვის ჩატარებას. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მებრძოლების წვრთნა არის დიდი ბრიტანეთის მიერ დამტკიცებული უკრაინის სამხედრო ტექნიკური დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ჯამში 2,3 მილიარდ ფუნტს (2,8 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება

თბილისი. 12 აგვისტო 2022 – განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად,  უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.

დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).

ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.

არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

2022 წელს, 18-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები  გაიხსნა.

ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.

ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.

“ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერმა.

„მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

„ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება,  რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“, - თქვა ახალგაზრდულმა მუშაკმა თამუნა ხალიჩაშვილმა.

სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.

ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური