Items filtered by date: ორშაბათი, 04 ივლისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტისას, ამ ქვეყანას მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" BBC-ზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.

BBC-ის ცნობით, ალბანესი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას „რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი“ და დაჰპირდა დამატებით სამხედრო დახმარებას. ალბანესმა ასევე განაცხადა, რომ 16 რუს მინისტრს და ოლიგარქს სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს და რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტეს.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც ავსტრალიამ გადასცა უკრაინას, მოიცავდა უპილოტო საჰაერო ხომალდებს და 34 ჯავშანმანქანას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კი ავსტრალიამ უკრაინას მთლიანობაში 390 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახმარება გაუწია.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ.

საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.

ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - ნათქვამია ი. კობახიძის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

 თბილისის მერიის საფეხბურთო ცენტრ "იმედში" დასრულდა რიგით მეორე "რითეილ ასოციაციის თასის" გათამაშება. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ტურნირის ჩატარების მიზანი ტრადიციულია: აქტიური ცხოვრება გახდეს ნორმად, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს.

ნიკორა, გუდვილი, სპარი, ზღაპარი, სმარტი, დეილი, აგროჰაბი, უნივერსამი, მაგნიტი, კარფური ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გამოავლინეს ნახევარფინალისტები.

პლეიოფში ნიკორამ და გუდვილმა დაამარცხეს სპარის და ზღაპარის გუნდები და ფინალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალი დასრულდა  6:0 ნიკორას სასარგებლოდ, მრავალრიცხოვანი მაყურებელი სანახაობრივი და მაღალი დონის საფეხბურთო მატჩის მომსწრე გახდა.  ულამაზესი გოლები, ურთიერთპატივისცემა, ღირსეული თამაში - ფინალი ტურნირის მშვენებად იქცა და ნიკორამ ზედიზედ მეორედ აღმართა გარდამავალი თასი!!!

აუცლებლად აღსანიშნავია კომპანიების ინტერესის ზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით და აქტიურობა  კორპორატიული სპორტის მდგრად ტრენდად ჩამოყალიბების პროცესში.

გამოქვეყნებულია სპორტი

ლიბერთი, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას.

ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის ახალი სახელფასო მოდული დაინერგა,რომელიც ითვალისწინებს ხელფასების, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანაზოგის მარტივად მართვას.

ახალი მოდული, საგრძნობლად ამარტივებს სახელფასო გადარიცხვებს. ეს მოდული საპენსიო დანაზოგისა და საშემოსავლო გადასახედების ავტომატურად დაანგარიშების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ლიბერთის არასახელფასე კლიენტებისთვის ახალი თანამშრომლების დამატება, სიის დაკორექტირება, ნებისმიერ დროს თანამშრომლისთვის სტატუსის შეცვლა არის შესაძლებელი. ასევე ლიბერთის სახელფასო კლიენტებს შეუძლიათ იხილონ კომპანიის აქტიური თანამშრომლების სიაც.

ლიბერთი არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის მომავალშიც გააგრძელებს დისტანციურ არხებში მაქსიმალურად მარტივი და სრულყოფილი დისტანციური საბანკო სერვისების შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ბანკინგს ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით დანერგილი ყველა სიახლე ლიბერთის მომხმარებლებს, ნებისმიერ დროს, საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაუმჯობესებს.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა. 

მანამდე "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სუს-ის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა - თუ არ დაიშლებოდნენ, დააკავებდნენ. 

ადგილზე შეკრებილები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრისა და მინისტრების მისვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა.

წყარო: https://mtavari.tv/news/90986-mtavrobis-administratsiis-kveda-shesasvlelidan

გამოქვეყნებულია საზოგადოება

რუსეთის ელიტის, ნდობით აღჭურვილი პირების და ოლიგარქების (REPO) საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა 100-დღიანი მუშაობის პერიოდში რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების 30 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები გაყინა. გარდა ამისა, სპეციალურმა ჯგუფმა სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს ძვირადღირებული საქონელიც გაუყინა ან ჩამოართვა. ამ გზით აღნიშნული პირებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ. 

სპეციალური ჯგუფი აპრილის შუა რიცხვებში შეიქმნა, რათა მაქსიმალურად გაეძლიერებინა სანქციების გავლენა იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. REPO-ს ფარგლებში ევროკავშირი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან — კანადასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან — და ავსტრალიასთან თანამშრომლობს.

მჭიდრო ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, სპეციალური ჯგუფის წევრებმა: 

  • დაბლოკეს ან გაყინეს სანქცირებული რუსი მოქალაქეების ფინანსური ანგარიშების და ეკონომიკური რესურსების სახით არსებული 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
  • მიმოქცევიდან ამოიღეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები;
  • სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს, დაუყადაღეს ან დაუკავეს მათ კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი იახტები და სხვა ხომალდები;
  • სანქცირებულ რუს მოქალაქეებს ჩამოართვეს ან დაუყადაღეს კუთვნილებაში, სარგებლობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ძვირადღირებული უძრავი ქონება; 
  • შეზღუდეს რუსეთის წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, რაც რუსეთს უკრაინაში უსამართლო ომის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვას ურთულებს.

სპეციალური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ სანქცირებული რუსი მოქალაქეების აქტივების მონიტორინგს მომავალ თვეებშიც გააგრძელებენ და არ მისცემენ მათ ერთობლივად დაწესებული შემზღუდველი ზომების დარღვევის საშუალებას.

„ჩვენ კვლავ ვუზრდით რუსეთს მის მიერ წარმოებული ომის ფასს“, — აცხადებენ ისინი.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით ნაკლებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იღებენ გრიპის ვაქცინას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს

Nature World News-ის ახალი ამბების მიხედვით, აშშ-ში, ჰიუსტონის უნივერსიტეტის ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, გრიპის ვაქცინასა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის კავშირზე.

კვლევაში, 65 წელს გადაცილებული 935 ათასზე მეტი აცრილი და არავაქცინირებული ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგინდა, რომ დემენციასთან დაკავშირებული დაავადება დაფიქსირდა აცრილი სუბიექტების 5,1 პროცენტში და 8,5 პროცენტში, ვინც არ იყო ვაქცინირებული.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით შემცირდა მათთან, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ალცჰეიმერით.

ალცჰეიმერი განისაზღვრება, როგორც ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყოველდღიური აქტივობების დაქვეითება და შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითება, რასაც თან ახლავს ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები და ქცევითი ცვლილებები.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური