96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისთვის ლეონის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა (134, 138, 140) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე წარმატებით გაუმკლავდა აკვრაში შეკვეთილ წონებსაც (166, 170, 177) და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა. თაბაგარმა ჩემპიონობა მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 317 კილოგრამით და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ერთი დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ ესართიას (89 კგ).
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ლეონის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა.
პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა
საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.
პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს
თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!
„რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ - - ნათქვამია ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების განცხადებაში.
ძუძუს კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მაცხოვრებელ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
• საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია.
• მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა
https://bit.ly/3bfGqOo
#ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პრესპას დიალოგის ფორუმზე" ვიდეო მიმართვა გააგზავნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს რუსული ბუნებრივი აირისგან და უნდა გაწყვიტოს ყველა კავშირი, რომელსაც რუსეთი ფულის საშოვნელად იყენებს.
ზელენსკიმ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოჰრიდში გამართულ „პრესპას დიალოგის ფორუმზე" ვიდეო მიმართვა გააგზავნა.
თემაზე „რა მოხდება უკრაინის ომის შემდეგ"? გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე გაგზავნილ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია და იგი სასიკეთოა მთელი ევროპისთვის.
მან განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს რუსული ბუნებრივი აირისგან და უნდა გაწყვიტოს ყველა კავშირი, რომელსაც რუსეთი ფულის საშოვნელად იყენებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ტოვებდა ეგრეთ წოდებულ ენერგიის სანდო მიმწოდებლის შთაბეჭდილებას და დაამატა: „მაგრამ რეალურად მან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მასზე დამოკიდებული გახადა. ახლა, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა ებრძოლა ევროპის ქვეყნების ოკუპაციისთვის, მან პირველ რიგში ეს ენერგო ჯაჭვი გამოიყენა“.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ და მის აგროინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა გამოიწვია დეფიციტი მსოფლიო სურსათის ბაზრის მნიშვნელოვან რეგიონულ სეგმენტებში.
"უკრაინული მარცვლეული აუცილებელია გლობალური სასურსათო სტაბილურობისთვის." - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ დაიწყოს გლობალური შიმშილი, რომელიც გამოიწვევს ახალ მიგრაციულ კრიზისს, რომელიც ევროპის ქვეყნებს შეეხება.