Items filtered by date: სამშაბათი, 31 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

"ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ყველამ აღვნიშნეთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს, 26 მაისიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიციის და პოლიციელთა პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა სწორედ იდგა და დგას თითოეული თქვენგანის თავგანწირულ შრომაზე.

საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა - პოლიციელის პროფესიული ვალია, თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციელის პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი კოლეგების სიცოცხლე ეწირება. ყველამ ერთად პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი პოლიციელების ხსოვნას.

მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია.

დღეს აქ საქართველოს პოლიცია წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელით, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის დღეს".

 

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩვენი გუნდის ოთხმა წარმომადგენელმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აქედან სამ შემთხვევაში კი საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტში განუცხადეს.

სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) ფინალში ბულგარელ ერგიულან სებაჰტინს მოუგო და კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ასეთივე წარმატებას მიაღწია არტიუშ გომციანმა (60 კგ). მომავალი ჩემპიონი  გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ხოსე კუილეს ბროტონს გაუმკლავდა. მესამედ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ). საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს ფინალში მასპინძელ რაფაელ ჰოვანისიანთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩემპიონად გამოცხადდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ლაშა გურულს (67 კგ). ქართველი მოკრივე სერბეთის წარმომადგენელ ვახიდ აბასოვთან დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ამ ისტორიულ შედეგს ულოცავს ჩვენს მოკრივეებს, მათს მწვრთნელებს, კრივის ეროვნულ ფედერაციას, სპორტის გულშემატკივრებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1993 წელს აჩვენეს - მაშინ ბურსას (თურქეთი) რინგზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს პრეზიდენტი:

დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

სომხეთის პრეზიდენტი:

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები. 

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ვიეტნამში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 632 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი გაიხსნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ტურისტული მახასიათებლებით გამორჩეულ სონ-ლას პროვინციაში 632 მეტრი სიგრძის შუშის ხიდის გახსნის ცერემონიალს, როგორც ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები, ასევე გინესის წიგნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შუშის ხიდი სახელად „თეთრი დრაკონი“, რომლის შუშის ძირის სისქე 40 მილიმეტრია და აქვს 450 ადამიანის გადაზიდვის შესაძლებლობა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში.

ამის წინა რეკორდი, ჩინეთის პროვინცია გუანდონგის 526 მეტრი სიგრძის ხიდს ეკუთვნოდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური