Items filtered by date: სამშაბათი, 03 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც განისაზღვრა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველოსა და ჩეხეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით. ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის გამოუყენებელი და შეუსწავლელი პოტენციალი, მჯერა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით.

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ დარგებში. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, მის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომისიის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ქართველმა მწერალმა, ივა ფეზუაშვილმა მოიპოვა წიგნისთვის, „ბუნკერი“. ჟიურიმ ასევე განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უკრაინელი მწერალი, ევგენია კუზნეცოვა წიგნისთვის, „ჰკითხეთ მიეჩკას“ და მწერლები ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და ირლანდიიდან.

2022 წლის ნომინანტები 14 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ.

ივა ფეზუაშვილი 1990 წელს დაიბადა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი „მხატვრული კინოს რეჟისურის“ მიმართულებით დაამთავრა. მან რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 2014 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სერიალის, „ტიფლისი“, სცენარისტად. იმავე წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი პირველი წიგნი, „ვცადე“ გამოსცა. 2020 წელს კი რომანმა, „ბუნკერი“, წინანდლის პრემია მოიპოვა.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია 2009 წლიდან მოყოლებული აჯილდოებს დამწყებ მწერლებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ პრემიით აღინიშნება გამორჩეული ახალი ლიტერატურული ტალანტები იმ 41 ქვეყნიდან, რომლებიც ევროკავშირის პროგრამაში, „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობს.

პრემია ევროპაში თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის გავრცელებას უწყობს ხელს და მისი მიზანი საზოგადოებებში უცხო ქვეყნების ნაწარმოებების მიმართ ინტერესის გაზრდაა. 

წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/evrokavshiris-2022-clis-literaturuli-premia-kharthvelma-mceralma-moipova/

 

გამოქვეყნებულია კულტურა

კონკურსის რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი 2022 წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სინქრონი და კადრები: 

https://we.tl/t-QUJbRpOo4t
https://we.tl/t-KY6OWNuaGY  

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: “ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია.
წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.
ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო  რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში. ”
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად. 
კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით,  ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და  მთლიანად რეგიონში.
 
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
 
• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა 
 
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე
 
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი
 
საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge)
ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი 
 
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო)
ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე
 
საუკეთესო დოკუმენტური ფოტორომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს
გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო)
ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი
 
კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): 
გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)
ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე
 
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.
 
გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://www.euprizejournalism.ge/
 
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის შესახებ :
155-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“.
 
საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმრომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:
 
-ნათია აბრამია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.  2006 წლიდან სხვადასხვა დროს ის იყო BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების რადიო, ტელე, ონლაინ და სოციალური  პლატფორმების რედაქტორი. 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ ნათია აბრამია იყო BBC-ის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს “ნიუსნაითის” გამომშვები პროდუსერი. ამჟამად მისი მოვალეობაა BBC-ის ოპერაციების და რესურსების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურობის გაზრდა. 
 
-ანა საჯაია ჟურნალისტი და ტელე-პროსიუდერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში - ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე. 2014 - 2018 წლებში იყო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი და რედაქტორი ვაშინგტონში, სადაც საქართველოს, ევრაზიის და ამერიკის პოლიტიკას აშუქებდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ვებ პლატფორმებზე. შეერთებულ შტატებში კარიერის გაგრძელებამდე, საქართველოში იყო ჟურნალ “ლიბერალის” ახალი ამბების და ვების რედაქტორი, რადიო “ცხელი შოკოლადის” მთავარი რედაქტორი და ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ის მმართველი რედაქტორი. საქართველოში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან: BBC, FRANCE 24 და TRANSITIONSONLINE.  პარალელურად ასწავლიდა ჟურნალისტიკის მიმართულებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში. არის რამდენიმე ჯილდოს - მათ შორის, ამერიკის ფედერალური მაუწყებლობის უმაღლესი - ოქროს მედლის მფლობელი.  არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი, ასევე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში ჩრდილოეთ დაკოტის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2007 - 2008 წლებში სწავლობდა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, როგორც ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი.
 
-ლია ჩახუნაშვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში  საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ლია ჩახუნაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. აქვს მეცნიერებთა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  
 
-გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 1999 – 2007 ჟურნალი “ამარტას” ფოტო რედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე “თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” თანადამფუძნებელი. ფოტოგრაფიის ისტორიის მოწვეული ლექტორი საქართველოს ორ უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი). 
 
ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. 
 
პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://www.euprizejournalism.ge/

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჰემოფილიის მკურნალობის შესაძლებლობა უფრო მეტ პაციენტს მიეცემა - პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა
იშვიათი დაავადებები, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ სასიკვდილო დიაგნოზად მიიჩნეოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი მართვადია, უფრო მეტიც, პაციენტების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი უმჯებესდება და გამოჯანმრთელების შანსიც იძლევა.
ერთ-ერთი იშვიათი დაავადება, რომლის მძიმე შედეგების თავიდან აცილება დღეს უკვე შესაძლებელია, ჰემოფილიაა. ესაა დიაგნოზი, რომლის მქონე ადამიანები ჯერ კიდევ 20 წლის წინ, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების არარსებობის გამო, შესაძლოა დაღუპულიყვნენ. საქართველოში არსებობდა ერთადერთი ცენტრი, თბილისში, სადაც მათ სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლოთ.
დღეს კი ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძვირადღირებული დაავადების სამკურნალო ახალი თაობის კანქვეშა პროფილაქტიკური მედიკამენტი სახლში აქვთ და მათი გაკეთება თავად შეუძლიათ. პროგრესი, რომელიც ამ კუთხით ბოლო წლებში მოხდა, უდიდესია. თუმცა ამ კუთხით გამოწვევები ისევ რჩება. მსოფლიო მედიცინაში არსებობს მიღწევები, რომელთა სრულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ათეულობით პაციენტის ცხოვრება კიდევ უფრო შემსუბუქდება. საბედნიეროდ, ქვეყანა ამ გამოცდილების გაზიარების გზას უკვე ადგას და სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურად არცთუ წელგამართულია, ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, რათა პაციენტებს სრულფასოვანი ცხოვრების მეტი შანსი მისცეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ჰემოფილიით 800 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დაავადება მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი.
მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს: სისხლჩაქცევები, გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ, განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება. სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება.
საქართველოში დღეს 477 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით არიან დაავადებულები. ჩვენს ქვეყანაში ჰემოფილიის სახელმწიფო პროგრამა 2000 წელს შეიქმნა, 2014 წლიდან დღემდე ჰემოფილიით დაავადებულთა სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამას ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.
პროფილაქტიკური მკურნალობა გულისხმობს სისხლდენისა და სისლხჩაქცევებისგან პაციენტის დაცვას, შესაბამისად, ეს ახალი თაობის კანქვეშა პროფილაქტიკური მედიკამენტით მკურნალობის შესაძლებლობა პაციენტების საზოგადოებაში სრული ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. სახელმწიფო პროგრამის დამსახურებით, პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან, ხდება მათი მართვა, თუმცა, სისხლდენის განვითარებისგან პაციენტების დიდი ნაწილი დაზღვეული ჯერ კიდევ არ არის, ახალი თაობის მედიკამენტით პროფილაქტიკური მკურნალობა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ირინე გობეჯიშვილის განცხადებით, ჰემოფილიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარზე მეტი იყო. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენს. აქედან ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, ჰემოტრანსფუზიას, ლაბორატორიულ კვლევებსა და ანალიზებს, ასევე ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. სტაციონარული მკურნალობა მოიცავს ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობას და ასევე ჰემოფილური ართრიტის შემთხვევაში სპეციფიკურ, ორთოპედიულ მკურნალობას.
საკმაოდ დიდია მედიკამენტების სპექტრი და ის 8-9 დასახელების პროდუქტს მოიცავს. ამ წამლების მისაღებად პაციენტი უნდა მივიდეს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, წარადგინოს „ფორმა 100“, ექიმის დანიშნულება და შემდეგ მიმართოს სტაციონარს, სადაც მედიკამენტები გაიცემა. აღნიშნული წამლები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების სამკურნალო, მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებულ ახალი თაობის მედიკამენტის „ჰემლიბრას“ , რომელიც ეფექტურობით და მოხმარების სიმარტივით (სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ის კეთდება არა ინტრავენურად, არამედ კანქვეშ კვირაში ერთხელ) წინა თაობის წამლებს უსწრებს, ირინე გობეჯიშვილი განმარტავს, რომ „ჰემლიბრაზე“ მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება - ამ ეტაპზე მას 7 პაციენტი იღებს, კიდევ 3 პაციენტი კი მასზე უახლოეს მომავალში გადავა.
აღნიშნულ მედიკამენტზე გადადიან მძიმე ფორმის ჰემოფილიის მქონე პაციენტები, რომლებიც მანამდე მედიკამენტ „ფეიბაზე“, ნოვოსევენსა“ და მერვე ფაქტორზე იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ხერხდებოდა დაავადების გაკონტორლება და პაციენტებს აღენიშნებოდათ ხშირი სისხლდენები. რის გამოც მოხდა მათი გადაყვანა ჰემლიბრაზე.
ირინა გობეჯიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ „ჰემლიბრას“ დაფინანსება სახელმწიფოს 2021 წელს 400 ათასი დოლარი დაუჯდა. მისივე განცხადებით, მედიკამენტი კონკრეტული ჩვენების მქონე პაციენტებს ენიშნებათ და ამიტომაც ამ პრეპარატის მოხმარება მასშტაბური არ არის. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტულ პაციენტს სწორედ ეს მედიკამენტი უნდა დაენიშნოს, მკურნალი ექიმი იღებს. გობეჯიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო პროგრამის მოცულობა გაიზრდოს მოთხოვნის შესაბამისად და პროფილაქტიკური მკურნალობის შესაძლებლობა უფრო მეტ პაციენტს მიეცეს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა და ზეწოლას.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედია-სივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.
კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 350 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა გამოყვანილია საომარი ტერიტორიებიდან ევაკუაციის დერეფნების მეშვეობით. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა: "ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ელემენტია. ეს ძალიან რთულია. თუმცა, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ მოვახერხეთ 350 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა საომარი ტერიტორიებიდან".

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაცია რუსულ მხარესთან რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა და დაამატა, რომ იმედოვნებს ევაკუაციისთვის ყველა პირობა ხვალ შესრულდება და მარიუპოლიდან კვლავ განხორციელდება ხალხის ევაკუაცია.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ობიექტებზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცია, იქ ვითარება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა, წყალი, საკვები და მედიკამენტები ამოიწურა და რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული ევაკუაციის ოპერაციის ფარგლებში პირველ ორ დღეში აზოვსტალის ფაბრიკაში მყოფი ასზე მეტი ქალი ბავშვი და მოხუცი იქნა ევაკუირებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი იბრძოლებენ ქალაქში დარჩენილი ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქისთვის, განურჩევლად მარიუპოლის ირგვლივ არსებული სამხედრო სიტუაციისა და რომ მარიუპოლში ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებული ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

მეორეს მხრივ, გაერომ გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაწყებული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის უკრაინის სპიკერმა სავიანო აბრეუმ თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მრავალი ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია, რომლებიც მარიუპოლის აზოვსტალის დაწესებულებაში დაახლოებით 2 თვეა ჩარჩენილი არიან, გაეროსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით ზაპორიზკაში გრძელდება.

აბრეუმ განაცხადა, რომ ევაკუაცია 29 აპრილს დაიწყო და ევაკუირებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევენ.

მან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არ გაამჟღავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ამ დრომდე.

აბრეუს თქმით, გაერო გახსნის უსაფრთხო გადასასვლელ დერეფანს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ მარიუპოლის გარეთ კონფლიქტური ზონის დატოვება და რომ ისინი ამ საკითხზე დიალოგს აწარმოებენ ყველა მხარესთან.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური