Items filtered by date: პარასკევი, 27 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც გართიანების საქმიანობის, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს, საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება წარმოადგენდა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზიტენცია თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. შექმნილი დოკუმენტი 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. კვახაძემ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზიტენციის წარდგენისას აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის.

"იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ შეიძლება საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება, ვფიქრობთ, რომ საჭიროა დავინახოთ ჯერ ეს პოტენციალი, მაგალითად ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტის გაფართოების ნაწილში. ასევე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო გახდეს ჰაბი და ეკონომიკური პარტნიორობა ამ თვალსაზრისით გამოიყენოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა რეგიონული პოტენციალის გაანალიზება. იმისათვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის პროფილი კარგად იყოს შესწავლილი, ზოგადი მონაცემები არ არის საკმარისი," – განაცხადა ირინა კვახაძემ.

კვლევის მიხდვით, საქართველოში ტურისტების შემოსვლის მიხედვით, ყაზახეთი ყველაზე მზარდი ქვეყნების ხუთეულშია. 2019 წლამდე აღნიშნულის მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 26%-მდე იზრდებოდა. ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ 2 ავიაკომპანია, Air Astana და SCAT-ი დაფრინავდა 3 ქალაქიდან. 2021-ში დაემატა FlyArystan 5 ქალაქიდან, შესაბამისად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რომ უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა ავიდეს 0.5 მლნ-მდე, რაც ყაზახეთის გამსვლელი ტურიზმის 5%-ია. 

„სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია ტურიზმის ბიუჯეტში ყაზახეთი არაა გათვალისწინებული. ამასთან, ჩვენ შეიძლება ყაზახეთიდან გავზარდოთ ტურისტების ნაკადი, მაგრამ შემდეგ ინფრასტრუქტურის ან სხვა სერვისებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ისევ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რანგში დაგვტოვოს. ახლა მნიშვნელოვანია ყაზახი ტურისტების პროფილის ზუსტი შეცნობა, იმის გაგება თუ რა სჭირდება ყაზახ ტურისტს. ეს უკვე სამომავლო პოლიტიკაა, უნდა დავგეგმოთ ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომელიც 3-4 წელში ტურისტთა ნაკადს შესაბამის ინფრასტრუქტურას დაახვედრებს," – განაცხადა ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა.

ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც კიდევ უფრო გაარღმავებს ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გაერთიანების ხელმძღვანელმა რამდენიმე რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შემდგომ შესრულებას საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, მნშვნელოვანია პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს აღმასრულებელ ორგანოებსა და კერძო სექტორშიც.

„პროდუქციის მცირე მოცულობიდან გამომდინარე საქართველოც და ყაზახეთიც, ძირითადად, ნედლეულის ექსპორტს ახორციელებენ. სტაბილური ვაჭრობით საქართველოდან მხოლოდ ღვინო და არაალკოჰოლური სასმელები, ხოლო ყაზახეთიდან -მადნეული ხასიათდება, რაც სხვა პროდუქტების დაბალი კონკურენტუნარიანობის ან არასაკმარისად გააზრებული სავაჭრო მოდელის პირდაპირი მაჩვენებელია, როგორიცაა ხორბალი ყაზახეთიდან ან საკონსერვო ნაწარმი საქართველოდან. ასევე გასათვალისიწინებელია, რომ ყაზახეთის არც ერთი ძირითადი საექსპორტო კატეგორიის სტაბილური ექსპორტი არ ხორციელდება საქართველოს გავლით. ამავე დროს, საქართველოს მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 1-2% მოდის შუა აზიის 77მლნ მოსახლეობის მქონე ბაზარზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, პროდუქტების ცალკეული კატეგორიების ექსპორტის მოცულობის სტაბილური ზრდა (საკონსერვო, საკონდიტრო, წყლები, ლიმონათი, ხილი და ბოსტნეული, ღვინო), ასევე იმპორტის დივერსიფიკაცია და რისკების პრევენცია, კერძოდ, ხორბალის, გაზის, სასუქების, ნავთობ-პროდუქტების იმპორტირებისას. ამ მიმართულებით, აუცილებელია შემუშავდეს ორ ქვეყანას შორის და მათი გავლით ვაჭრობის ხელშეწყობის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელება და აღსრულების მონიტორინგი ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისი კომისიის ფორმატში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა ჯახუტაშვილმა. მისივე თქმით აუცილებელია გარკვეული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ტურიზმის მიმართულებითაც. რაც შესაძლებლობას იძლევა ყაზახი ტურისტი საქართველოს ეკონომიკის მრავალჯერადი კონტრიბუტორად ჩამოყალიდეს და სურვილი გაუჩნდეთ გახდეს ქართული კულტურისა და პროდუქტის მომხმარებელი ყაზახეთში. რაც შეეხება რეკომენდაციებს ინვესტიციების კუთხით, ჯახუტაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მხრიდან ცხადად უნდა ჩამოყალიბდეს საინვესტიციო საჭიროებები სექტორების მიხედვით (ტურისტული, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურა რეგიონების მიხედვით) და უზრუნველყოფილი იყოს, რაც შეიძლება მეტი სრულად დამუშავებული საინვესტიციო პროექტი, რომელიც სრულყოფილი იქნება როგორც წინა მოსამზადებელი ეტაპებით, ასევე ფინანსური ინვესტიციის საჭიროებით.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარებ დავით სონღულაშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ფლაგმანი უწოდა, ამასთან, სამაგალითოდ შეაფასა მისი საქმიანობა, მიზნები და ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარებ წარმოადგინა. ასევე განაცხადა, რომ საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის.

"შესაძლებლობები ნამდვილად დიდია, განსაკუთრებით დღევანდელ მოცემულობაში, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და ამაში ნომერი პირველი ამოცანა, ჩემი აზრით, არის რომ იყოს მაქსიმალური კოორდინირება როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე. ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების მიგნებები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, დიდი სამუშაოებია ჩატარებული. ჩვენი მხრიდან დავგეგმავთ თუ როგორ განვავრცოთ, ვიმსჯელოთ ამ საკითზებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები. კომიტეტი მზადაა მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ქართულ-ყაზახური ურთიერთობების განვითარებას," – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა

კომიტეტის მოსმენაზე ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს და მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები.

ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისში, 2022 წლის 28 მაისს, უკრაინული საქველმოქმედო ფესტივალი „გულიდან გულამდე“ გაიმართება. ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და "ვიშივანკას" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დღეა.
ღონისძიება უკრაინული დიასპორის ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საქართველოში უკრაინის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ჩვენი ღონისძიება - ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს უზარმაზარი ყოვლისმომცველი დახმარებისთვის. ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ!
ღონისძიება 13:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
- 13:00 საათიდან - ბაზრობა იწყება;
- 15:00 საათიდან 20 საათამდე - მასტერკლასები და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის;
- 17 საათზე - ოფიციალური ნაწილი და საკონცერტო პროგრამა
კონცერტის დიდ ნაწილს უკრაინელი მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც უკრაინის ომის გამო საქართველოში იმყოფებიან.
საკონცერტო პროგრამის ფარგლებში გაიმართება აუქციონიც.
იღბლიანებს შეეძლებათ შეიძინონ ნაქარგი მაისურები, Kyiv Cake და სხვა მრავალი უკრაინული პროდუქტი.
შემოსული თანხები მიზნად ისახავს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის საბავშვო ცენტრის გახსნას. კერძოდ, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.
ღონისძიება 9 აპრილს პარკში გაიმართება.

გამოქვეყნებულია კულტურა

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ საწწინააღმდეგო ვაქცინებს და ანტივირუსულ საშუალებებს შეიძენს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა პრესას განუცხადა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინის ვარიანტ Imvanex-ს, რომელიც წარმოებულია დანიური კომპანია Bavarian Nordic-ს მიერ და დამტკიცებულია ევროპული მედიკამენტების სააგენტოს მიერ, ევროკავშირში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებისთვის გამოსაყენებლად შეიძენენ.

ესპანელმა მინისტრმა არ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ასაკობრივ და პაციენტთა ჯგუფებში იქნება გამოყენებული ვაქცინა.

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე ქვეყანა ამჟამად ესპანეთია.

სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 59 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ექიმი-ნევროლოგები და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ
29 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“ (მის. რესპუბლიკის მოედანი #1) გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრის მიზანს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების სიმძიმის ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ღონისძიებას, რომელიც დაავადების საინფორმაციო კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის ფარგლებში ეწყობა, დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები თბილისიდან, რეგიონებიდან და წამყვანი ექიმი-ნევროლოგები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს, იმსჯელებენ მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან, დისკრიმინაცია სახელმწიფოს მხრიდან და პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული სრულიად გაუმართლებელია. 
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. 2021 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციამ ყურადღება მიიქცია, თუმცა ჯანდავის სამინსიტროში ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე ამჯერადაც არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ამ ფონზე პაციენტებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ. 
ცნობისათვის, 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. დღეს რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

25 მაისს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალი წესები, რომლებიც ევროჯასტს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს და შეინახოს ძირითად საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებები – იქნება ეს ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები თუ გენოციდი.

ევროკავშირმა ახალი წესების შემოღება უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა. უკრაინიდან მოწოდებული უამრავი ანგარიში მიუთითებს რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ამავე დროს, უკრაინას არ შეუძლია, რომ თავის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას უსაფრთხოდ შეინახოს ამ დანაშაულთა მტკიცებულებები.

ახალი წესები ევროჯასტს საშუალებას მისცემს:

  • შეინახოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, მათ შორის სატელიტური გამოსახულებები, ფოტოები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, დნმ-ის პროფილები და თითის ანაბეჭდები.
  • დაამუშაოს და გააანალიზოს მტკიცებულებები ევროპოლთან თანამშრომლობით და გაუზიაროს ინფორმაცია შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოებს, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. 

ევროპარლამენტი და საბჭო ახალი წესების დამამტკიცებელ დოკუმენტს 30 მაისს მოაწერენ ხელს, შემდეგ კი ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. წესები ძალაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას

საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „Anadolu Ajansı“-ს.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას.

მან განაცხადა, რომ საქართველოს პირველი საელჩო ანკარაში 1921 წელს გაიხსნა და პირველი ელჩი, სიმონ მდივანი, იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით 1921 წლის 8 თებერვალს რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქს.

ელჩის თქმით, ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წელს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვეს.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ზარაფხანის გენერალური სამმართველოს თანამშრომლობით სამახსოვრო მონეტა მოიჭრება.

ელჩმა განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველო 1921 წელს დაიპყრო, ქართველი ხალხის ეროვნული ბრძოლის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 მაისს გამოაცხადა და საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს აღდგა, 1992 წლის 30 ივლისს კი ხელი მოეწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ორმხრივად საელჩოების გახსნის გადაწყვეტილებით, 1994 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ანკარაში და გენერალური საკონსულო ტრაპიზონში, ხოლო 1998 წელს ფუნქციონირება დაიწყო სტამბოლში გენერალურმა საკონსულომ. „საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა არის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე და იგი ასევე წარმატებით ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“. - თქვა მან.

საქართველოს ელჩმა ასევე დასძინა: „როგორც 30 წლის წინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის საფუძველი ეყრებოდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, მოვალეობას ვასრულებდი ტრაპიზონში, როგორც საქართველოს პირველი გენერალური კონსული, დღესაც ვამაყობ, როგორც საქართველოს ელჩი თურქეთში, რომ ჩართული ვარ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების პრეცესში“.

ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით 2016 წელს შეიქმნა სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი საბჭო (YDSK) და მისი პირველი შეხვედრა 2016 წლის 19 ივლისს პრემიერ-მინისტრის დონეზე ანკარაში გაიმართა  და ხელი მოეწერა ანკარის დეკლარაციას.

მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტებით გაძლიერდა ურთიერთობები. „თურქეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ძალისხმევას“. - თქვა ელჩმა.

სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„2007 წლიდან თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს თურქეთში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ის მიზნად ისახავს, რომ 2022 წელში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“.  - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო რეგიონში შექმნილი ყველა სირთულის მიუხედავად, სარფის სასაზღვრო კარმა გააგრძელა მნიშვნელოვანი როლის შესრულება და 2022 წლის 19 თებერვალს  807 ტრაილერის გავლით ახალი რეკორდი დამყარდა.

თურქეთშ საქართველოს ელჩმა, დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის 2021 წლიდან ამოქმედდა „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ინდუსტრიული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.

მან ასევე განაცხადა, რომ ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები ქართული წარმოების პროდუქციის თურქეთის ბაზარზე გატანის თაობაზე.

კულტურა და ტურისტული ურთიერთობები

ელჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თურქ და ქართველ ხალხს შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად თანამშრომლობის განვითარებას და რომ თურქეთის ქართული წარმოშობის მილიონობით მოქალაქე „ხიდის“ როლს ასრულებს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაში.

მისი თქმით, ორი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში და თურქეთში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლიათ და თურქეთიდან საქართველოში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ტურისტების ყველაზე დიდ რაოდენობას კი 2019 წელს მიაღწიეს.

ელჩმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში ტურიზმის შემცირება მოხდა, თუმცა მისი გაუმჯობესება დაიწყო. „საქართველოს ტურიზმის სექტორს საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. 2019 წელს ტურისტების რაოდენობამ 9,5 მილიონს მიაღწია. საქართველოში მსოფლიოს 46 წერტილიდან 30 ავიაკომპანია დაფრინავს“.

გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის ავიახაზებთან ერთად სხვა თურქული ავიაკომპანიებიც დაასახელა და თქვა, რომ კვირაში 53 ავიარეისი სრულდება თურქეთიდან საქართველოში.

თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა

ელჩმა ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი ეფექტურად თანამშრომლობენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი (TANAP), ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP) და ბაქო-თბილისი-ერზურუმის (BTE) ბუნებრივი აირის გაზსადენი.

მან ასევე დასძინა, რომ ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ აზერბაიჯანთან ძლიერი თანამშრომლობის პლატფორმას და ხელს უწყობენ რეგიონში სტაბილურობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

„მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩამოყალიბდა სამმხრივი დიალოგის მექანიზმი თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა, შემდეგ პრეზიდენტების, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიების თავმჯდომარეების, თავდაცვის მინისტრების და შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელების დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით კი ხელი მოეწერა „ტრაპიზონის დეკლარაციას“. ამ დეკლარაციის ფარგლებში განსაკუთრებით ეკონომიკური მექანიზმების გაძლიერების მიზნით იდგმება სხვადასხვა ნაბიჯები, როგორიცაა სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების მოწყობა“. -განაცხადა ელჩმა.

"თურქეთის მადლობელი ვართ"

თურქეთშ საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთმა და საქართველომ ასევე ინტენსიურად ითანამშრომლეს კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და 2022 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება თურქეთიდან მაღალი ხარისხის და GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე შეტანის შესახებ.

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა: „ეპიდემიამ მთელ მსოფლიოსთან ერთად ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის სოლიდარობამ და დახმარებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ჩვენს მეგობრობასა და მეზობლობასთან ერთად რამდენად ძლიერია ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა. თურქეთი საქართველოს სამედიცინო და საველე აღჭურვილობით დაეხმარა და მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის“.

 

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2022/05/26/t-urk-et-sak-art-velos-diplomatiuri-urt-iert-obebis-ag-dgenis-30-e-clist-avi-1833034

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.

26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.

26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში - და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება - ერთიანობას.

ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:

1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.

3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.

4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.

ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.

დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!

ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და  ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს.

დღეს 26 მაისს  ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!

მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.

ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.

მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი „ევროპელები ვართ“! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ  მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს!“

გაუმარჯოს საქართველოს!

გთავაზობთ ვიდეოს: 

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური