Items filtered by date: კვირა, 22 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 21 მაისს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.

2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.

მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.

2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.

2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.
ქართული მხარის ინიციატივით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური