Items filtered by date: ოთხშაბათი, 11 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 10 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის  მნიშვნელოვანი წვლილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავების საქმეში.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიციებზე და კეთილმეზობლობაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰეიდარ ალიევმა ითამაშა დიდი როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში და მისი ეს ღვაწლი საქართველოში სათანადოდ არის დაფასებული.“- აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო დინამიური გახდება და ახალ განზომილებას შეიძენს.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

თურქეთის მხრიდან წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) Anka, რომელის ექსპორტი ყაზახეთშიც ხორციელდება, აწი ამ ქვეყანაში შექმნილ ობიექტზე ერთობლივად იწარმოება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, კომპანიამ ყაზახეთთან ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) Anka-ს, წარმოება, ყაზახეთში შექმნილ ობიექტზე ერთობლივად მოხდება.

ასე, რომ ყაზახეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ხსენებული უპილოტო საფრენი აპარატი, თურქეთის გარეთ იწარმოება.  

გამოქვეყნებულია სამხედრო

10 მაისი, 2022, თბილისი: დღეს, ლიბერთიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მრჩეველთა საბჭო წარადგინა საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების წინაშე.

ლიბერთიმ გასულ წელს, სტრატეგია ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ წარადგინა, კორპორაციული მდგრადობა კი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა.

CSR მრჩეველთა საბჭოს მთავარი მიზანია სტრატეგიის აღსრულების პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელება. საქართველოს საფინანსო სექტორში მსგავსი მოდელი უპრეცედენტოა - საბჭოს წევრები არიან იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები, რომელიც ბანკმა გრძელვადიანი CSR სტრატეგიის მიმართულებად აირჩია.

,,ახალი ლიბერთისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ლიბერთის, როგორც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის, მიზანია იყოს ადამიანებისთვის სასარგებლო და პოზიტიური ცვლილების მომტანი.

ამიტომ ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვირჩევთ განათლებას. ამ კონტექსტში კი, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება და განათლების ხელშეწყობა ის მიმართულებებია, რომელზეც ლიბერთის მიერ ინიცირებული CSR მრჩეველთა საბჭო აქტიურად იმუშავებს.”- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

,,ლიბერთი არის პირველი კომპანია ფინანსურ სექტორში, რომელმაც CSR მრჩეველთა საბჭო შექმნა. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა დროულად მოხდეს საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ლიბერთიმ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტები. განათლებაში ინვესტირება და ზოგადად განათლებაზე ზრუნვა ბიზნესის მხრიდან ნამდვილად მისაბაძია.” - ანა არგანაშვილი, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის’ აღმასრულებელი დირექტორი.

,,განათლებაში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, ,,ახალ ლიბერთის" სწორედ განათლების გაძლიერების კუთხით შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, როგორც CSR საბჭოს წევრი, ლიბერთის გუნდთან ერთად, მეც არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტში შევიტან წვლილს."- მაგდა მაღრაძე „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთის CSR მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაა:

o მაგდა მაღრაძე -„ ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

o ანა აბაშიძე -„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი

o ანა არგანაშვილი - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი

o ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

o ნინო ჩიხლაძე - ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

o თეა ლეშკაშელი - ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი

o ხატია ხატიაშვილი - ლიბერთის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი

o თამარ ზაქარიაძე - ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების და CSR მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვისას კვალიფიციური პროფესიონალების ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე საშუალებებსა და აღჭურვილობაზე წვდომა. ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს.
2 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა ააშენა, განაგრძობს ყველა საჭირო სივრცის, აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ცენტრის შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას.
აშშ-ის მისიისთვის პატივი იყო, ემასპინძლა ექსპერტებისთვის კიდურების ტრავმისა და ამპუტაციის ცენტრიდან, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ქირურგიის ოფისიდან, თავდაცვის ჯანდაცვაში ჩართულობისა და ლანდშტულის ტვინის ტრავმის რეგიონული სამედიცინო პროგრამიდან. აღნიშნული ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაოდ ჩამოვიდნენ, რათა ერთად იპოვონ საუკეთესო გზები მეომრების გამოსაჯანმრთელებლად.
 
წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში
გამოქვეყნებულია სამხედრო

გასულ კვირას პროგრამამ, EU4Youth, ომისშემდგომი აღდგენის თემაზე საქართველოში ვებინარი გამართა. ვებინარი უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის გამოსავლენად იყო ორგანიზებული და მისი მიზანი მოქმედი და პოტენციური სოციალური მეწარმეებისთვის გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ღონისძიება  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის, ფარგლებში განხორციელდა.

სოციალური მეწარმეობის ხანგრძლივმა ისტორიამ ცხადყო, რომ სოციალური საწარმოები, ჩვეულებრივ, არასტაბილურ, კრიზისულ სიტუაციებში ყალიბდება, რათა  დაზარალებული ადამიანების ცხოვრების და პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ომის გადატანა მოუწია. შედეგად, შიდა ქართლის რეგიონი — განსაკუთრებით კი, გორის მუნიციპალიტეტი — მძიმედ დაზარალდა. ასობით ადამიანს იძულებით მოუხდა სახლ-კარის დატოვება, რასაც მიგრაციის ტალღები და უმუშევრობის ზრდა მოჰყვა. პირადი ტრაგედიების და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, არაერთ იძულებით გადაადგილებულ პირს სოციალური ან გარემოს დაცვის მიზნით ბიზნესის ჩამოყალიბების უნარი აღმოაჩნდა. 

ვებინარი  Facebook-ის და Zoom-ის საშუალებით ჩატარდა. მას Zoom-ში 30-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო 800-ზე მეტმა ის Facebook Live-ის საშუალებით იხილა. შეხვედრა უკრაინულ ენაზე ითარგმნა და მას უკრაინის სოციალურ საწარმოებს იმ მიზნით გაუზიარებენ, რომ უკრაინელ ხალხს სხვა ადამიანების ცხოვრებისეული მაგალითების ჩვენებით გაუღვივოს მომავლის იმედი.

ვებინარის ფარგლებში ოთხმა სოციალურმა მეწარმემ გორის მუნიციპალიტეტიდან საკუთარი საწარმოების და გამოცდილების შესახებ ისაუბრა. სპიკერებმა სოციალური მეწარმეობის სფეროში შეუპოვრობის და გამძლეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

ნინო გიორგაძე, გორში მდებარე მდგრადი სამკერვალო საწარმოს, ლიმოს დამფუძნებელი (EU4Youth-SEED-ის ბენეფიციარი), ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, ვინც სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების სტრატეგია შეიმუშავა. ლიმოს ტანსაცმელს გამორჩეული დიზაინი აქვს და მისი პროდუქტები ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული. ამასთან, სამოსზე ამოქარგული გამოსახულებები ბავშვებში სოციალური და შემეცნებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. საწარმოს მთლიანი მოგება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ომით დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ქალების გაძლიერებას ხმარდება. კომპანიის ყველა თანამშრომელი 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია.

ქეთევან კვაჭანტირაძემ სოფელ კარალეთიდან მდგრადი სამკერვალო საწარმო, ბამანე დააარსა (EU4Youth-SEED ბენეფიციარი). ქეთევანს იქამდე სამკერვალო ჰქონდა, ახლა კი ის მონარჩენი ქსოვილებიდან ბავშვებისათვის საძილე ტომრებს კერავს. „ჩვენ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვასაქმებთ და საწარმოს გაფართოებას ვგეგმავთ, რათა კიდევ უფრო მეტი დავასაქმოთ“, — თქვა ქეთევანმა, — „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწარმო კარალეთში, რუსული ბაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ჩვენი მიზანი კარალეთის მსგავს სოფლებში მდგრადი თემების შექმნაა, რათა ისინი არ დაცარიელდნენ და ახალგაზრდებს ადგილობრივად ჰქონდეთ დასაქმების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება“.

ნანა ჩქარეულმა ტიხრული მინანქრის საწარმოდან, იკორთა, რომელიც 2012 წელს  წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „უკეთესი მომავლისათვის“, დააარსა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპოვნინა კომპანიამ თავის ბენეფიციარებს საკუთარი პროფესიული ცხოვრების განვითარების გზა. ამჟამად სამკაულების დამამზადებელ საწარმოში 10 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან 9 ქალია. კომპანია რეგიონის სამოქალაქო და ეკონომიკურ განვითარებას სხვა გზითაც უწყობს ხელს. კერძოდ, ის სამკაულების გაყიდვებიდან მიღებული მოგების რეინვესტირებას იმ ახალგაზრდებისა და ქალებისათვის განკუთვნილ პროგრამებში ახდენს, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ადამიანებისთვის განკუთვნილ დასახლებაში ცხოვრობენ.

არჩილ გობეჯიშვილი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელმაც სოციალური საწარმო, დადარი დააარსა. საწარმოში განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისგან შემდგარი ძლიერი და ერთიანი გუნდი მუშაობს. ისინი ხისგან  მაღალი ხარისხის ხელნაკეთ სათამაშოებს ამზადებენ. კომპანიის მთავარი სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და განსაკუთრებული ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ტრენინგი, დასაქმება და სრულყოფილად ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში.

უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გუშინ ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია სახელწოდებით „გზა მომავლისკენ“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობაზე.

გამოფენა ეძღვნება მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 99-ე დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის ამსახველი ისტორიული ფოტოები, აზერბაიჯანის საელჩოსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის აექივიდან. საზოგადოებამ პირველად იხილა უნიკალური ისტორიულ-მემორიალური ექსპონატები, პირადი ნივთები და ჰეიდარ ალიევის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაცემული საჩუქრები.

გამოფენის მიზანი ორი ლიდერის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტების ჩვენებაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, როდესაც ენერგომატარებლების ალტერნატიული დერეფნები სულ უფრო აქტუალური ხდება.

გამოფენა ედუარდ შევარდნაძის ოჯახისა და აზერბაიჯანის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევითაა ორგანიზებული. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებული გამოფენის პარტნიორია მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი თბილისში. აზერბაიჯანული კულტურის ამ კერის დაარსება 1982 წელს ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტო არქივის ხილვა დამთვალიერებელს 15 მაისამდე შეეძლება.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1918 წლის 28 მაისს, სწორედ თბილისში გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გასული საუკუნის 90-ან წლებში კი, როცა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგნენ სათავეში, ორ ქვეყანას შორის სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რამაც ჩვენი ქვეყნების სასიკეთო მომავლის გზა გაკვალა. ამ დროიდან იწყება ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის, როგორც თანამოაზრეების მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა, რაც შემდგომ მყარ მეგობრობაში გადაიზრდება და უდიდეს როლს შეასრულებს ამ ქვეყნების განვითარებაში, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მოპოვებაში.

აზებაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 1996 წლის მარტში შედგა. მაშინ ხელი მოეწერა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას. ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის თებერვალში, ედუარდ შევარდნაძის საპასუხო ოფიციალური ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში და გადაწყდა, რომ საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყებოდა.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტს დასავლეთის მიმართულებით, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესები, გეგმები ამოძრავებდა და ამიტომ ედუარდ შევარდნაძის მიმართ მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა. 1998 წლის თებერვალში შევარდნაძეზე ტერაქტიც განხორციელდა. თუმცა, შეთანხმება მიღწეული იყო და მას ვერაფერი შეცვლიდა. 

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი - შემდგომი ნავთობისა და გაზსადენების დიდი კასკადის პირველი მერცხალი, 1999 წლის 17 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა და დაიწყო აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ბრწყინვალედ გატარებული სანავთობო სტრატეგიის დიდი გამარჯვება იყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის ისტორიულ დოკუმენტს, 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულის სამიტზე ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა. სამიტზე საგანგებოდ ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელება - დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერების თანამშრომლობისა და მჭიდრო მეგობრობის ნაყოფია. ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩაფიქრებული პროექტების შესრულება დღესაც გრძელდება... გრძელდება აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული, პარტნიორული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობებიც, თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის დასტურია ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ისევე როგორც სხვა დიდი პროექტები.

ორი ლიდერის - ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მთავარი მიზანი მშვიდობიანი კავკასია იყო. აზერბაიჯანისა და საქართველოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის 25 წლიანი ფუნდამენტი დღესაც განსაზღვრავს ამ ქვეყნების გზას მომავლისკენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური