ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება.
სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.
China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა.
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ - შუშხუნა სასმელი და მყუდრო გარემო ქალაქის რუტინისგან თავის დასაღწევად
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ფრანგი მეღვინეების მიერ ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და ასევე შნაფსი და ჯინი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია გერმანელი შეფ მზარეულის მიერ შექმნილ სპეციალიზირებული მენიუების სეტებთან. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ულამაზესი ადგილია, მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებენ და რაც მთავარია ძალიან გემრიელი სიდრი აქვთ, რომლის პოპულარიზაციაც მგონია რომ ძალიან საჭიროა საქართველოში. კარგი ადგილია ქალაქის რუტინისგან თავის დასაღწევად, დისტანციურად მუშაობისთვის, ჯგუფური დასვენებისთვის და სხვა. საქართველოში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ამ სასმლის შესახებ, თუმცა უფრო ვრცლად გვესაუბრება „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ფრანგი მეღვინე და ტექნოლოგი ვინსენტ ჟულიენი.
- თქვენს შესახებ რომ მოგყიყვეთ. როგორ მოხდვით სიდრის წარმოების ინდუსტრიაში, სად ისწავლეთ და სად მიიღეთ გამოცდილება?
- პროფესიით მეღვინე ვარ. მეღვინეობა ბურგუნდიაში, საფრანგეთში ვისწავლე 2009/2010 წლებში. შემდეგ ვმუშაობდი საფრანგეთში, სხვადასხვა რეგიონში. ამის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და დაიწყო ჩემი მეღვინეობა. მე ვაწარმოებ ბუნებრივ შუშხუნა ღვინოს, რომლის დამზადების ტექნიკა საკმაოდ გავს სიდრის დამზადების პროცესს. სწორედ ამიტომ ბატონმა ზაალმა დახმარება მთხოვა.
- დამზადების დროს ტრადიციულ მეთოდებს იყენებთ თუ ინოვაციურს? არსებობს თუ არა რაიმე წესები, რომელსაც მიყვებით?
- ტრადიციული მეთოდი ნიშნავს ჯერ ღვინის დამზადებას, შემდეგ შაქრის, საფუარის დამატებას, როდესაც ღვინო იწყებს დუღილს. ამ მეთოდით თუ გინდა სიდრის დამზადება ეს ნიშნავს იმას, რომ ის იდუღებს თავისი შაქრით. ბატონი ზაალი საკმაოდ ინოვაციურია. აქ არ მზადდება სიდრი მხოლოდ ვაშლისგან. სიდრის დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ კივს, ტყემალს, ატამს, მოცვს და ა.შ სწორედ ეს ითვლება ინოვაციის ნაწილად.
- ყველაზე მეტად თქვენთვის რა პროცესი არის მიმზდიველი სიდრთან მიმართებაში?
- ნებისმიერი ხილი რაც გაქვს უნდა გაპრესო, შემდეგ ეს წვენი იწყებს დუღილს. ბოლოს უკვე რჩება შაქარი, რომელიც უნდა დავბოჭოთ. (კითხვა არასწორად გაიგო)
- რამდენი ხანია რაც თქვენ და ზაალი თანამშრომლობთ? და როგორ მოხდა თქვენი ერთმანეთთან გადაკვეთა?
- ერთი წელია. ჩვენ გვყავს ერთი საერთო ამერიკელი მეგობარი, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს. ბატონმა ზაალმა უთხრა ბატონ ჯონს, რომ სჭირდებოდა სპეციალისტი, რომელიც დაეხმარებოდა ამ პროცესების მართვაში. და სწორედ ასე აღმოვჩნდი აქ.
- სხვა ტექნოლოგებთან თუ გაქვთ კავშირი, ვინც უშუალოდ სიდრს ამზადებს? თუ ცვლით თქვენს გამოცდილებებს ერთმანეთში?
- დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. იმის მიუხედავად, რომ აქ ვარ მე, როგორც “კონსულტანტი” არაერთი ექსპერიმენტული რამ გავაკეთე. მაგალითად გავაკეთე მოცვის ღვინო, რომელთანაც შეხება არასდროს მქონია. სხვა ტექნოლოგებს რაც შეეხება, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და ვისაუბრეთ სიდრის ფესტივალზე, აქ, საქართველოში. სულ დაახლოებით 5-6 ადამიანია, ვინც ჩართულია ამ საქმეში.
- ყველაზე ძალიან რომელი სიდრი მოგწონთ?
- კივის, რადგან ძალიან რადიკალურია. საკმაოდ მჟავეა და არ აქვს მარტივი. რთული დასალევია, თუმცა მისი სპეციფიკურობა მომწონს ყველაზე ძალიან.
- როგორ შეიძლება სიდრის პოპულარიზაცია? რა ფაქტორებზე შეიძლება აქცენტის გაკეთება, რომ გაიზარდოს სიდრის მომხარებელი?
- უნდა ვისაუბროთ ამ სასმელზე ფართოდ, რადგან საქართველოში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ამ სასმლის შესახებ. რაც შეეხება ევროპას, საკმაოდ ათვისებულია. საფრანგეთში, ზაფხულში ხშირად სვამენ 1-2 ჭიქა სიდრს, არის იაფი. რაც შეეხება საქართველოს, არ იციან სიდრის ისტორია, რადგან არ არის პოპულარიზებული.
მოსკოვში თურქეთ-რუსეთი-სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თურქეთ-რუსეთი-სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელთან ჰაქან ფიდანთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.
აქარი და ფიდანი, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, სირიის თავდაცვის მინისტრს ალი მაჰმუდ აბასს და ორი ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე სირიის კრიზისი, ლტოლვილთა პრობლემა და სირიის ტერიტორიაზე არსებული ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ძალისხმევა განიხილეს.
შეხვედრის შედეგად, რომელიც კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა, შეთანხმდნენ, რომ სამმხრივი ფორმატის შეხვედრები გაგრძელება სირიაში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შენარჩუნებლად.
პრეზიდენტი - იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთო წარსულის გამო, ძალიან დიდ პატივს ვცემ იციან, რომ ჩემი კარი ღიაა და ყველასთვის
ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი. დღეს, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილი იყო, ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა (აქ არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე), გამივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს. მე იქ ჩავედი ამ ადამიანებისთვის და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართულნი შემოვარდნილიყვნენ სასახლეში, ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ.
ის ადამიანები, რომლებსაც მე ამ ყველაფრისა და საერთო წარსულის გამო, ძალიან დიდ პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში და იციან, რომ ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება მოითხოვოს შეხვერა და ეს ბოლო პერიოდშიც ამას მოწმობს, რომ ვხვდები ყველას და არამხოლოდ მათ, ვისთანაც ეს ბრძოლები მაქვს გავლილი და ასეც გავაგრძლებ.
ახლა მინდა დავუბრუნდე იმას, რისი თქმაც მინდოდა, თქვენი მეშვეობით გავაგრძელო ეს სათქმელი და ამისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
პირველ რიგში, ვიტყვი: ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანების მიერ ორგანიზებული, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადახვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს, (2007 წელს ვამბობ), რადგან ეს არის ის პერიოდი, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი და ყველაფერი ნათელი იყო.
ეს ადამიანები, რომლებიც დღეს კარიერით, თუ სხვადასხვა ფორმით მემუქრებიან და თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ მაშინ არსად არ იყვნენ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.
მე მაინტერესებს ეს ადამიანები სად იყვნენ 2007 წლის შემდეგ. მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს; მეორე იყო ,,ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ახლა პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და ახლა რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დადიან იქით-აქეთ.
ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადსხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალა, არამედ განაწესა ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.
ვის აწყობს ეს? რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, (როცა ვამბობ მოვარდნას - აქციაზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს აქ კიდევ მოვლენ.
რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ - ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ.
ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, თუ ვაჟკაცი ხარ - ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი - ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია და მანამდეც, ამაში ვცხოვრობდით; ერთი წლის მერე, ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე (და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე) ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს. ეს ბულინგი, (სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ), პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან ,,რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა.
მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს, ამ ქვეყანაში ისიც ეცოდინება, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის, ვერავინ ხედავს რომ ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა და ჩვენი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად ამას მიიღებს - აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, ყველას ზეწოლისა და სხვასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობების მიუხედავად.