აჭარაში მცხოვრებმა 24 ქალმა გასტროტურიზმის კურსი გაიარა
მაღალმთიანი აჭარის მკვიდრ 24 ქალს გასტრონომიული ტურიზმის კურსი ჩაუტარდა.
პროექტის, „ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება მთიან აჭარაში ქალების მიერ მართული გასტროტურიზმის ხელშეწყობის გზით“, მხარდამჭერები ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იყვნენ. პროექტი განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN). ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს.
კურსი მოიცავდა ინტერაქტიურ ტრენინგს, სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
კურსის დასასრულს მონაწილეებმა კონკურსზე საპილოტე იდეები წარადგინეს. ექვს საუკეთესო პროექტს საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გრანტები გადაეცა.
დამატებითი ინფორმაცია
სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს
ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.
სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
„შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.
ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.
აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზ. ჰასანოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებულია!
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია - ალჟირში გათამაშებული მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ეგვიპტელ, იტალიელ, ფრანგ და კორეელ მოწინააღმდეგეებს ექვსი შეხვედრა მოუგო, ფინალში კი 15-13 დაამარცხა იტალიელი ლუიჯი სამელე და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მეოთხედ მოახერხა მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მოპოვება.
მას გარდა, წლეულს ბაზაძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!
შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
ლიბერთის და მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტში ჩართულ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების (Business Excellence Trainings/BET) ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცეს.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) პროექტი არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia)
პროექტის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი ბანკი, პროექტს ასევე მხარს უჭერს ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
ლიბერთი ასევე უშუალოდ ჩაერთო RDYE პროექტის სასწავლო აქტივობებში და პროექტის ფინანსური განათლების სასწავლო მოდული შექმნა, რომელსაც გადამზადებულ ტრენერებთან ერთად ლიბერთის თანამშრომლები უძღვებიან.
ფინალში გადასული ბიზნეს იდეის ავტორები კი ლიბერთი ბანკისგან დამატებით მათ პროექტზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
RDYE პროექტი 42 თვის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბერიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოს ოთხი რეგიონის, 18 მუნიციპალიტეტში, განხორციელდება და მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
BET ტრენინგის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ ბიზნეს გეგმებს და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას (80/20) მიიღებენ.
RDYE პროექტის ბოლოს, საერთო ჯამში, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი 1500 -მდე ახალგაზრდა გაივლის ორდღიან საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს, ხოლო მათ შორის 200 ახალგაზრდა ინტენსიური გადამზადების BET პროგრამის მონაწილე გახდება.
,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარების საქმიანობაში. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია ახალგაზრდებს დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
“რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდამჭერი და ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია სექტორთაშორისი თანამშრომლობა. კერძო სექტორის მონაწილეობა და რესურსების კონსოლიდაცია ყოველთვის ზრდის ინტერვენციის ხარისხს. პროექტის განხორციელების პროცესმაც ცხადყო, რომ სინერგიაზე დაფუძნებული მიდგომებით იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა და მდგრადი შედეგები.” - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის შესახებ
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსის შესახებ
,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.
"ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.
გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.