Items filtered by date: ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2022 09:58
კოტე მახარაძის მემორიალური მე-3 საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებული ყაზახეთის ნაკრები გახდა
27-30 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა კოტე მახარაძის მემორიალურ მე-3 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 8 მედიანაკრებმა იასპარეზა. ტურნირი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, "საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის" და "სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის" პარტნიორობით იყო ორგანიზებული და "ინტერაკადემია Georgia" - ს მოედნებზე გაიმართა.
საქართველოს მედიანაკრებმა ქვეჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო(ყაზახეთი 2-თან 3:1, რუმინეთთან 5:0, აზერბაიჯანთან 4:1), ნახევარფინალში სომხეთის მედინაკრებს სძლია 1: 0 და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტი შეხვედრა "ყაზახეთი 1" - თან გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი იღბალი სტუმართა მხარეზე იყო და კოტე მახარაძის მე-3 მემორიალური საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებული ყაზახეთის ჟურნალისტთა ნაკრები გახდა. წინასწარ შეთანხმებული რეგლამენტით, მატჩი მესამე ადგილისთვის იმ გასაგები მოტივით არ გათამაშდა, რომ მასში მონაწილეობის უფლება სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმა მოიპოვეს. ორივე ეს გუდი მესამეადგილოსნად გამოცხადდა. ტურნირის 2021 წლის გამარჯვებულმა, მოლდოვამ წელს არადამაჯერებლად იასპარეზა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. 

გამარჯვებულები, პრიზიორები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები დააჯილდოვეს "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის რექტორმა დავით კერესელიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის ხელმძღვანელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ბოლოთაშვილმა.
2023 წელს ტურნირი გაფართოებული გეოგრაფიით, მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობით და ახალი ფორმატით ჩატარდება.
გამოქვეყნებულია
სპორტი