ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში კელი დეგნანმა გახსნა
ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კელი დეგნანმა გახსნა.
როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, წლებია ამერიკის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა საქართველოში.
„ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ამერიკიდან. ერთად მსჯელობენ და საუბრობენ ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის ასევე, საქართველოსთვის“ - აღნიშნა ელჩმა.
უნივერსიტეტის რექტორის დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაღალ დონეს ადასტურებს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალი ხარისხი და ამერიკის საელჩოს მუდმივი თანადგომა უნივერსიტეტის და ამ პროგრამების მიმართ.
როგორც სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ შიოშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ოთხი სესია მუშაობდა, რომელზეც გახილეს პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქალთა უფლებების, განათლების, ხელოვნებისა და ეკონომიკის საკითხები.
„მეცნიერებთან ერთად სესიებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი პროგრესული და წარმატებული სტუდენტები, მათ შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და ჩაერთონ დისკუსიებში“.- აღნიშნა თამარ შიოშვილმა.
კონფერენციის გახსნის ღონისძიება თბილისს ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.
ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში 36 ქართველი და უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა. 2022 წლის რიგით მე-13 კონფერენცია ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.
ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის პოლიტიკას - ჩინეთის ოფიციალური პირი
პეკინი, 17 ოქტომბერი (სინხუა) – ჩინეთი სტაბილურად და ყოვლისმომცველად გააფართოვებს გახსნილობის პოლიტიკას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გლობალიზაციას, რათა გახდეს უფრო ღია, ინკლუზიური, დაბალანსებული და ყველასთვის მომგებიანი სახელმწიფო, განაცხადა ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჟაო ჩენსინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გაუგებრობაა ახალი განვითარების არქიტექტონიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნული ეკონომიკის შიდა მიმოქცევას და გულისხმობს ორმაგი მიმოქცევის ურთიერთსტიმულირებას - შიდა და საერთაშორისო.
არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ შიდა ეკონომიკაზე ფოკუსირებით ჩინეთი საგრძნობლად შეამცირებს მის გარე ღიაობას ან თუნდაც გახდება „თვითკმარი ეკონომიკა“, დასძინა მან.
ეკონომიკური გლობალიზაცია, ოფიციალური პირის თქმით, შეუქცევად ტენდენციად იქცა. ჩინეთი უკვე ღრმად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო სისტემაში, ხოლო ჩინეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ინდუსტრიები ძალზე ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია.
16 ოქტომბერს, პეკინში გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესი. ყრილობას 2 379 მილონი დელეგატიდან ესწრება 2 310 მილიონი დელეგატი და აგრეთვე ჩინეთის კომპარტიის მე-20 კონგრესის სპეციალურად მოწვეული სტუმარები.
საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია
2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.
უკრაინის პარლამენტის უმაღლესმა რადამ იჩქერია „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად“ აღიარა
უკრაინის პარლამენტის უმაღლესმა რადამ იჩქერია „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად“ აღიარა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
უმაღლესი რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იაროსლავ ჟელეზნიაკმა „ტელეგრამი“-თწერილობითი განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარებას და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობას“.
ჟელეზნიაკმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ დადგენილებას ხმა 287-მა დეპუტატმა მისცა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ კავკასიაში 1991 წელს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა. რეგიონი, რომელშიც რუსეთი შევიდა 1999-2000 წლებში ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციას შეუერთეს, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა.
კახეთის მთავარი მოვლენა "გურჯაანის ღვინის ფესტივალი" 22 ოქტომბერს გაიმართება
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 22 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა უცვლელია, ასევე უცვლელია ჩატარების ადგილი ისევ მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი, ისევ ახტალის პარკი.
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას.
წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალზე თქვენს განწყობაზე დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, ასევე დიდებული მუსიკოსები იზრუნებენ. გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო,
ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,
სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 22 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.
მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკამ მკვეთრად გამოხატული აღდგენის ტენდენცია აჩვენა
პეკინი, 17 ოქტომბერი (სინხუა) --მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკამ მკვეთრად გამოხატული აღდგენის ტენდენცია აჩვენა. ამის შესახებ ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჟაო ჩენსინმა განაცხადა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე ჟაო ჩენსინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა გადალახა წინააღმდეგობები და მისმა ეკონომიკამ, როგორც ადრე აღმასვლა დაიწყო. "ჩინელი ხალხი გააგრძელებს თავდაუზოგავად შრომას და ქვეყნის ეკონომიკაც კიდევ უფრო სწრაფად დაიწყებს მატებას", - დასძინა ჟაო ჩენსინმა.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 16 ოქტომბერს, პეკინში გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესი. ყრილობას 2 379 მილონი დელეგატიდან ესწრება 2 310 მილიონი დელეგატი და აგრეთვე ჩინეთის კომპარტიის მე-20 კონგრესის სპეციალურად მოწვეული სტუმარები.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს
სწავლება “კავკასიის არწივი 2022„-ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე დააკვირდა.
საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით, AN-2- ის ტიპის საფრენი აპარატიდან დაშვების ელემენტები განახორციელეს.
„კავკასიის არწივი 2022“-ის სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტრო
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" გამოაცხადა
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებას და აცხადებს რუსეთის რეჟიმს, ტერორისტულ რეჟიმად, რომლის ქმედებები ერთობლივად უნდა იქნას მოგერიებული და რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის დამფინანსებლად“.
განცხადებაში საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.
ამრიგად, ლიეტუვისა და ლატვიის შემდეგ, ესტონეთი გახდა ბალტიისპირეთის მესამე ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
რეზოლუციას მხარი 101 დეპუტატიდან 88-მ დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 10-მა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა.