Items filtered by date: პარასკევი, 21 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

SOCAR-მა ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, ყველა ღია საწარმოო ობიექტზე, კერძოდ, ოფშორულ პლატფორმებზე მუშაობა შეზღუდა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ზღვაზე მომუშავე 82 თანამშრომელი ევაკუირებულია და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან.

ჰაერის ტემპერატურა ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულზე ღამით და დღისით 1-3°C იქნება. ატმოსფერული წნევა 758 მმ Hg-დან 761 mmHg-მდე გაიზრდება.

აზერბაიჯანის რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და დიდთოვლობა. 

წყარო: https://report.az/ru/energetika/socar-evakuiroval-82-sotrudnikov-s-morskih-platform/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონეთის მხარეს საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით პოლონეთის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობას, საქართველოს  სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მჭიდრო პრაქტიკულ თანამშრომლობას, საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის კავშირების მზარდ დინამიკას. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა  გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში  დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პოლონელი გენერალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია სამხედრო

ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 21 იანვარი 2022 12:34

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

„მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი და ორიენტირი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 19 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე... წლევანდელი ბრენდ პერსონა ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გახდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური