Items filtered by date: სამშაბათი, 11 იანვარი 2022 - NEWSDAY GEORGIA

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გუშინ თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა რუსეთისგან მომავალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან აცილების საკითხების განხილვას. 

ექსპერტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება და შედგეს ზეპარტიული კონსენსუსი საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს საგანგებო, ერთობლივი, განცხადება-მანიფესტი.

განცხადების თანახმად:

საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ:

მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.
ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ნათქვამია ექსპერტების და აქტივისტების მიერ მიღებულ განცხადებაში.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა-ერევანის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ნორმალიზაციის ფარგლებში, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა სერდარ ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური