Items filtered by date: ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის მთავრი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო.

საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ ხმის დათვლის საპილოტე პროექტს და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი წარმომადგენლობა ყურადღებით დააკვირდება  2 ოქტომბრის არჩევნებს და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სიახლის დანერგვის პროცესს, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნებისთვის გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ჩართულობა და დაკვირვება მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. იაპონიის ელჩთან მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლისა და ბოლო პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის  შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო  კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.  

„უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. ამის მაგალითია დღეს მომხდარი ფაქტი ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჟურნალისტების თანხლებით შეიჭრა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და ემუქრებოდა მას, მისი მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას და ბრალდებებს თავმჯდომარის მოადგილის მიმართაც.

კიდევ ერთხელ გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია „ნიშნავს“ პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ  პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თუ აქვთ რომელიმე საარჩევნო მოხელის მიკერძოებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ კანონით განსაზღვრული წესით  და ნუ გაავრცელებენ მედია საშუალებებით არასწორ ინფორმაციას, როგორც აღვნიშნეთ, მიუღებელია მათზე ზეწოლა და მუქარაც. რამაც მოქალაქეები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ასევე გამოიწვიოს მათში უნდობლობის განცდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და თავისუფლად მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სახელის გამოყენებით შექმნილ ინტერნეტგვერდებზე განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

უკვე მეორე დღეა, რაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი cesko.cf, რომელიც განთავსებული მასალების მიხედვით ფაქტობრივად არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ანალოგი. აღნიშნული გვერდი იყენებს არამხოლოდ ცესკოს ლოგოს, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს. ვებგვერდზე ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ აღნიშნული გამოკითხვა ასახავს არჩევნების რეალურ შედეგებს, რაც ცალსახად არის ტყუილი და ემსახურება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიმართა სოციალური ქსელის „ფეისბუქი“ ადმინისტრაციას აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ გვერდის  წაშლა.

ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე გვერდი, რომლის ტირაჟირებაც ხორციელდება პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მიერ და სადაც განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. სავარაუდოა,  რომ აღნიშნული გვერდების შექმნის მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს. ასეთი ტიპის გვერდად მოიაზრება მაგალითად cec.org.ge.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვებგვერდის cec.org.ge მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც საუბარია ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმების შესახებ, გაჟღერებულია არასწორი მოწოდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი სიაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დაინტერესდნენ ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებით, რომლებიც ამომრჩევლის დეზორიენტაციას იწვევს.

ამომრჩევლებს კი მივმართავთ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისას ყურადღებით დააკვირდნენ ინფორმაციის გავრცელების წყაროს.

არჩევნებს ატარებს და საზოგადოებას ამ არჩევნების უტყუარ შედეგებს აწვდის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ზემოაღნიშნულის მსგავსი აქტივობები არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და დეზორიენტაციის მცდელობა.

შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება“, - განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ლიბერთი ბანკის ახალი გუნდი და სტრატეგია დღეს, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ამის შესახებ ბანკის ადმინისტრაცია იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.
„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ - სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად დღეს ბანკის მენეჯმენტის ახალმა გუნდმა წარუდგინა საზოგადოებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება:
• მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა;
• უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა;
• ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება;
• ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას.
ლიბერთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვასილ ხოდელმა დააანონსა ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებში შეიქმნება CSR-ის სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით. ლიბერთი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს.
„დღეს, ლიბერთის ახალ გუნდთან ერთად წარვადგინეთ კომპანიის ახალი ხედვა და სტრატეგია. მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, გულისხმიერი და მზრუნველი - ეს არის ჩვენი - ლიბერთის გუნდის თითოეული წევრის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურება გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.
ლიბერთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური ბანკი და მსხვილი დამსაქმებელი კომპანია. ჩვენი გეგმებისა და დასახული მიზნების უკან სწორედ ის 5 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
ვფიქრობ, ჩვენი მიზანი - გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და მათი ბიზნესის ცხოვრება, მუდმივად შევთავაზოთ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები - შესაძლებლობას მოგვცემს განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი ლიბერთი’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.
აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს. არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ.
მკვლევართათვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში.
2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის სამეცნიერო ექსპედიციის წევრების მიერ, ძეგლზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები. სატესტო ჭრილის გაჭრისა და შესწავლის შედეგად, უძველესი ფაუნის ნაშთებთან ერთად, ძეგლზე უძველესი ჰომინიდების აქტივობის დამადასტურებელი, დმანისის მსგავსი არტეფაქტები გამოვლინდა.
2021 წლის 20 აგვისტოდან, ოროზმანის ძეგლის შესასწავლად, მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციის პირველი სეზონი ქართველი და ამერიკელი მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით.
ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ.

არქეოლოგიური სამუშაოების მხარდამჭერია პსპ და ჯიპიაი ჰოლდინგი.
ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბიძინაშვილი.

გამოქვეყნებულია კულტურა

ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის წარმოება. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის კომიტეტის ოფიციალური გაზეთის Jiefang Daily–ს თანახმად, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი C929 კონკურენციას გაუწევს Boeing 787 Dreamliner-ს.

თვითმფრინავის პროტოტიპი 2018 წლის ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ქვეყნის უდიდესი საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინეს.

თვითმფრინავის ძირითადი ვერსია, სახელწოდებით CR929-600, განკუთვნილია 12 ათას კილომეტრამდე 280 მგზავრის გადასაყვანად.

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი
მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური