Items filtered by date: ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 18 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით იქმნება გარკვეული პლატფორმა, სადაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ  გარკვეულ საკითხებზე, რომელიც კითხვის ნიშნებს მოხსნის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სახელით დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა მოაწერა; როგორც მან განაცხადა აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ემსახურება. „დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ერთგვარ განმარტებას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამკვიდრდა და ემსახურება იმას,  რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. რაც მთავარია ემსახურება იმასაც, რომ მხარეებს ჰქონდეთ წინასწარ ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკანონმდებლო ჩანაწერის განმარტება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების იმ წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) თანამშრომლობით შეიმუშავა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას ბოლო რამდენიმე საერთო არჩევნებზე უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიან ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა.

დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასა და ცესკოს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საარჩევნო საკითხების, კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის და ცესკოში ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის შესახებ.

NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო.  2021 წელს მისია განსხვავებული ფორმით ტარდება. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები სოციალური დისტანციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმუშავებენ და გააანალიზებენ პროცესებს ისეთ საკვანძო საარჩევნო თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები 1988 წელს დაბადებული რ.მ. (საქართველოს მოქალაქე). ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

"30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს", - აღნიშნა მან.

კ. მურადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის, შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

გამოქვეყნებულია სამართალი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ინდონეზიაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 41 მსჯავრდებული დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამინისტროს ციხეების დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, რიკა აპრიანტის განცხადებით, მომხდარის შედეგად 39 პატიმარიც დაშავდა C ბლოკში გაჩენილ ხანძრის შედეგად, სადაც ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პატიმრები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი დროით 01:00 საათზე გაჩენილი ხანძარი მთლიანად ჩაქრა რა, ასობით ჯარისკაცი და პოლიცია გაგზავნეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის კონტროლის აღების მიზნით.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ინდონეზიის ციხეებში, სადაც შესაძლებლობებზე მეტია მსჯავრდებულების რაოდენობა, ხშირია არეულობის და გაქცევის ინციდენტები.

მთავრობის მიერ სექტემბერში გავრცელებული მონაცემებით, ციხეში, რომელიც 1225 პატიმარზეა გათვლილი, 2 000 პირი იხდიდა სასჯელს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. ვიზტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში .
კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

საგარეოს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ლიბერთი ბანკის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან მოქალაქეებს (3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება მიიღონ იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ისე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლისაშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია.

200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.

თუ მსესხებელს 1 ან 2 შვილი ჰყავს, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, კი თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური