Items filtered by date: სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA
  1. 1.       COVID-მა ჩემი ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორ მოვიპოვო დაფინანსება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ევროკავშირი ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს დაფინანსებით და გარანტიებით უზრუნველყოფს, რათა მათ, თავიანთ მხრივ, სესხების გაცემა შეძლონ. კერძოდ, ამ გზით ადგილობრივ გამსესხებლებს შესაძლებლობა აქვთ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესთავაზონ უფრო ხელმისაწვდომი დაფინანსება — მაგალითად, დაბალ პროცენტიანი სესხები, სესხის ხანგრძლივი ვადა, დაბალი საგარანტიო მოთხოვნები და, ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის არა უცხოურ ვალუტაში, არამედ  ლარში გაცემის შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გთავაზობენ EU4Business ინიციატივის ფარგლებში მოქმედი ქართული ბანკები:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი", ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, თიბისი ლიზინგი.

აი, რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს  მცირე და საშუალო მეწარმეებმა აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა:

ნათია ხელაია, „ფუდ ალიანსის“ ფინანსური დირექტორია. მისმა კომპანიამ, რომელიც მაღალი ხარისხის გაყინულ პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, სესხი EU4Business-EBRD-ის ერთობლივი საკრედიტო ხაზიდან 15%-იანი ქეშბექის შესაძლებლობით მიიღო. შედეგად, საწარმომ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა შეისყიდა, რამაც კომპანიის ეფექტიანობა 50%-ით გაზარდა.

მიხეილ მელუამ დაფნის ფოთლის მწარმოებელი თავისი კომპანიის, Black Sea Laurus, საწარმოო პოტენციალის გაზრდა, თანამედროვე დანადგარების შეძენა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით შეძლო. შედეგად, Black Sea Laurus-მა დამატებით 8 მუდმივი და 100-მდე სეზონური სამუშაო ადგილი შექმნა და თავისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანა, რასაც წარმოებისა და შემოსავლების გაორმაგებაც მოჰყვა.

  1. 2.       როგორ მივიღო საბანკო სესხი? რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო?

ევროკავშირი სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო საწარმოებს განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად, ევროკავშირი შეღავათიანი სესხებით უზრუნველყოფს მიკროსაწარმოებს, დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს და ისეთ სფეროებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, როგორიცაა აგროკვება, წარმოება, მომსახურება და უძრავი ქონება.  არანაკლებ მიმზიდველი შესაძლებლობები არსებობს იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ევროკავშირთან ვაჭრობის გაზრდა და თავიანთი წარმოების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლება სურთ. ამასთან, ხელსაყრელი შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მცირე და საშუალო საწარმოებსაც, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.

თუ გსურთ, უფრო დაწვრილებით მიიღოთ ინფორმაცია ევროკავშირის პარტნიორი ბანკების მიერ შეთავაზებული პირობების შესახებ, ეწვიეთ EU4Business ვებსაიტს ან დაუკავშირდით პირდაპირ ბანკს. არ დაგავიწყდეთ, ახსენოთ პროგრამა. ეს ძალიან მარტივია!

  1. 3.       სესხების შესახებ მსმენია, მაგრამ გრანტებიც თუ არის მცირე ზომის კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი?

დიახ, ხელმისაწვდომია!

მაგალითად, საკვების წარმოების გაუმჯობესებისკენ და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენ მიმართულ ყველაზე ეფექტიან და მდგრად ადგილობრივ ინიციატივებს გრანტების მიღება UNDP-ის მიერ გახორციელებული ENPARD III პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

 1.4.       პანდემიამ დამანახა, რომ ჩემს ბიზნესს მდგრადი განვითარება წაადგება. როგორ მივიღო ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო ცოდნა, კონსულტაცია და უნარები?

იმისთვის, რომ თქვენი კომპანიის მსგავსმა მცირე და საშუალო საწარმოებმა ზრდა შეძლონ, ევროკავშირი მხარდაჭერას სთავაზობს ადგილობრივ ბიზნეს ასოციაციებსა და სააგენტოებს. გაეცანით ინფორმაციას ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ, აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება და პირდაპირ დაუკავშირდით ორგანიზაციას!

ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“, ფარგლებში, სანერგეების მფლობელებს შეუძლიათ, დაესწრონ ტრენინგებსა და სემინარებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ნერგების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

EU4Business პროექტი, „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“,  გასტრონომიული ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე ადგილობრივ ბიზნესებს დააინტერესებთ. ამ ინიციატივის ფარგლებში მათ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თანამშრომლობის და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შესახებ და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

ENPARD III პროექტი ფერმერებს, სასოფლო საქმიანობაში ჩართულ შინამეურნეობებს, კოოპერატივებსა და სოფლად მოღვაწე სხვა მცირე და საშუალო საწარმოებს გაუმჯობესებულ მომსახურებაზე და რესურსებზე წვდომით უზრუნველყოფს. ინიციატივა მათ ეხმარება, ისარგებლონ ფერმერთა საპილოტე აქტივობებით — მათ შორის, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციებით, ინფორმაციის გამავრცელებელი ღონისძიებებით და ტრენინგით.

თუ თქვენ ბიზნესს მშენებლობის, ტურიზმის ან ტანსაცმლის წარმოების სექტორში ფლობთ, შეიძლება დაგაინტერესოთ ევროკავშირის პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას კლასტერების განვითარების გზით უწყობს ხელს.

თუ კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარება გსურთ, EU4Business-ის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პროგრამა სწორედ თქვენთვისაა. ინიციატივის ფარგლებში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში არსებულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები დაარსდება.

ბიზნესებს, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ, სარგებელს მოუტანს „ქალები ბიზნესში“ საკონსულტაციო პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს. პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს მეწარმეები ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის საჭირო ნოუ-ჰაუთი. ეს მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ვებსაიტის შესაქმნელად საჭირო ცოდნა, ISO-ს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება თუ ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდა. პროგრამით შეთავაზებული დახმარება, როგორც წესი, ითვალისწინებს კვალიფიცირებულ ადგილობრივ კონსულტანტებთან მუშაობასაც, მომსახურების თვითღირებულების ნაწილი კი ანაზღაურდება.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვადასხვა  პროგრამა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების უკეთ ათვისების მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესებს კონსულტაციებსა და ბიზნესის განვითარების ახალ გზებსაც სთავაზობს. ეს პროგრამებია: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განხორციელებული EU4Business-ის ინიციატივა, DCFTA Initiative East, რომელიც აგროკვების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს უჭერს მხარს; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული EU4Business-ის DCFTA პროგრამა, რომელიც საწარმოებს DCFTA-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება; EU4Business-ის „ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დაფინანსების ფონდი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კვალიფიციური კაპიტალური საინვესტიციო პროექტების პოვნაში უწყობს ხელს.

თქვენ იმის შესაძლებლობაც გეძლევათ, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოთქვათ საკუთარი აზრი. ამ გზით თქვენ მთავრობას იმ საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარებით, რომლებიც თქვენი საწარმოს მსგავს მცირე და საშუალო ბიზნესზე ახდენს გავლენას. ეს რომ შეძლოთ, პირველ რიგში, გაეცანით იმ აქტივობებს, რომლებსაც  ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად უჭერს მხარს.

  1. 5.       ვფიქრობ, ევროკავშირში ექსპორტი ჩემს ბიზნესს აღდგენაში დაეხმარება. საიდან დავიწყო?

ეს მართლაც შესანიშნავი გზაა თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად! უფრო მეტიც — ჩვენ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები გვაქვს.

პროექტი, EU4Business: კომპანიების დაკავშირება, მხარს უჭერს იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებენ ექსპორტს. თქვენ აქ შეგიძლიათ, ტრენინგის, ქოუჩინგისა და ევროკავშირში არსებულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებით ისარგებლოთ.

EU4Business-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის Trade Helpdesk პროექტი დაგეხმარებათ, გამოავლინოთ ვაჭრობისას წარმოქმნილი დაბრკოლებები და უკეთ გაიაზროთ ის მარეგულირებელი და პროცედურული საკითხები, რომლებიც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას უკავშირდება. სულ მალე კი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმაც, სადაც შეძლებთ, გაეცნოთ სავაჭრო ინფორმაციას ტარიფების, არა-სატარიფო ზომების, გადასახადების, სავაჭრო სტატისტიკისა თუ სხვადასხვა პროცედურის შესახებ.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვადასხვა პროგრამა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების უკეთ ათვისების მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესებს კონსულტაციებსა და ბიზნესის განვითარების ახალ გზებსაც სთავაზობს. ეს პროგრამებია: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განხორციელებული  EU4Business-ის ინიციატივა, DCFTA Initiative East, რომელიც აგროკვების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს უჭერს მხარს; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული EU4Business-ის DCFTA პროგრამა, რომელიც საწარმოებს DCFTA-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება; EU4Business-ის „ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეში მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დაფინანსების ფონდი“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კვალიფიციური კაპიტალური საინვესტიციო პროექტების პოვნაში უწყობს ხელს.

  1. 6.       არიან ჩემნაირი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელთაც უკვე მიიღეს დახმარება?

მათი რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

2019-2020 წლებში საქართველოში EU4Business ინიციატივის საშუალებით 55,181-მამცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა. მათ შორის, 5,621-მა მეწარმემ ევროკავშირის მცირე და საშუალი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მიიღო სესხი, რომლის საერთო მოცულობაც €307.25მილიონს შეადგენს. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესმა 48,642-ზე მეტი საკონსულტაციო მომსახურებით ისარგებლა. ინიციატივის მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის მაჩვენებელი კი 2020 წელს 9.4%-ით გაიზარდა და მთლიანობაში, დაახლოებით, €69.86მილიონი შეადგინა. აღნიშნული მხარდაჭერის შედეგად მხოლოდ 2020 წელს 10,055ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აი, მცირე და საშუალო მეწარმეების წარმატების ისტორიებიც:

განო მელითაურმა EU4Business-ის მხარდაჭერით ისარგებლა და პანდემიის პირობებში შეიძინა ახალი საკერავი მოწყობილობა, რათა მის კომპანიას, „კომბინიზონას“ მუშაობა არ შეეწყვიტა. შედეგად, წარმოების შეფერხების ნაცვლად,  კომპანიამ  სახის ანტიბაქტერიული ნიღბებისა და დამცავი აღჭურვილობის შექმნა დაიწყო, მეტი ადამიანი დაასაქმა და დიდი ოდენობით ნიღბები უფასოდაც კი დაარიგა.

„აგრითრეიდის“ დამფუძნებლებმა, ბაია სალუქვაძემ და ლევან ბოლქვაძემ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ისა და EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს კალიბრაციის ახალი ხაზი, ვერტიკალური ლიფტი და კონვეიერი. „აგრითრეიდს“ ამჟამად კახური თხილი ექსპორტზე პირდაპირ ჩინეთში გააქვს, რაც, თავის მხრივ, ექსპორტის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებას უწყობს ხელს.

თუ გსურთ გაეცნოთ წარმატების სხვა ისტორიებსაც, დააწკაპუნეთ აქ და მიიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში მომუშავე იმ ქართული მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის მხარდაჭერით.

 მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ექსპერტ-ანალიტიკოსებს  შეხვდა.  გიორგი კალანდარიშვილმა დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია არჩევნების ორგანიზების კუთხით ახორციელებს; მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, კერძოდ ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის პროცესზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დელეგაციის წევრებს ინფორმაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდეს. კერძოდ საუბარი შეეხო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პილოტს, რომელიც თბილისში, კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება; ისინი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ მონიტორინგს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად. 
ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. 
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა. 
როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. 
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 917 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 152 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 766 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. კერძოდ განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია შესაძლოა არ  გაუუქმდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:

  • რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
  • რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
  • რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა პარტიამ.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური