Items filtered by date: ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი  ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს.
შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის" კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. 
აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით.
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის  ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე რჩება, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართავ თხოვნით, ზემოაღნიშნული შესაძლო ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დროული ინფორმირება.

აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ტრენინგების მნიშვნელობაზე, რომელსაც ცესკო და სწავლების ცენტრი ატარებენ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. თქვენი ამ სწავლებაში აქტიური ჩართულობა კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი და ხმის მიცემისას ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას უზრუნველყოფს.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ.

ამომრჩევლების არჩევანი გადამწყვეტია - ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს და საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2021 წლის 4 სექტემბერს, ჩინეთში საქართველო საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ჩინეთის გლობალიზაციის ცენტრის (China Center for Globalization – CCG) მიერ ორგანიზებულ ფორუმში: 8th China Inbound-Outbound Forum 2021, რომლის გახსნის ცერემონიის დროს, სიტყვით გამოვიდა ქ. პეკინის ვიცე მერი, ქალბატონი იანგ ძინპაი (Yang Jinbai, Deputy Mayor of Beijing).
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების, ცნობილი ანალიტიკური-კვლევითი ცენტრების (think tanks) წარმომადგენლები, ხოლო საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულები იყვნენ, ჩინეთში საქართველოს, ირლანდიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ელჩები.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია. მან ისაუბრა ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
გარდა ამისა, ფორუმის მიმდინარეობის დროს, ელჩს ინტერვიუ ჩამოართვა ჩინეთის წამყვანმა მედია საშუალებებმა - “CGTN“-მა და “People`s Daily“-მ.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

კომპანია "სოკარი" წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ლოიალურ მომხმარებელს სხვა და სხვა აქციის სახით განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს და ენერჯი ბარათიც ამ პოლიტიკის ნაწილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და არაერთმა საშინაო თუ საგარეო ფაქტორმა საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. "ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალია მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საწვავის სიძვირით გამოწვეული ტვირთი ჩვენს, უკლებლივ ყველა მომხმარებელს", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
აქედან გამომდინარე დღეიდან, საწვავზე შეღავათიანი ფასით ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ენერჯი ბარათის მფლობელთათვის ამ ეტაპზე ექსკლუზიური ფასდაკლების სისტემა უქმდება, არსებული ფასდაკლება იმაზე მეტია, რაც აქამდე ენერჯი ბარათზე იყო; კერძოდ საწვავი გაიაფდა:
ნანო რეგულარზე -20 თეთრით,
ნანო პრემიუმზე -17 თეთრით,
ნანო სუპერზე -17 თეთრით,
ნანო დიზელზე -21 თეთრით და
ნანო ევრო დიზელზე -17 თეთრით
ამას გარდა, ენერჯი ბარათზე დაგროვების სისტემა ისევ ძალაშია. 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა, თუ დიზელზე, ბარათის მფლობელებს 3 თეთრი დაერიცხებათ; წინასწარ, აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში კი - 6.
გარდა ამისა, ძალაში რჩება არაერთი აქცია რომლითაც ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს მომავალშიც აუცილებლად გავანებივრებთ.
მეტი დეტალი იხილე აქ: https://bit.ly/2YAaluJ

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ ნ. ლომჯარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. "სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე", - აღნიშნა მან.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, სახალხო დამცველმა გამოიყენა ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა.
სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას. საბოლოოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პირველი პრიმა მუხლით აკრძალული ქმედება - ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
სახალხო დამცველი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო. ამის თაობაზე "TRT -ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. 
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების „JCET“ ფარგლებში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს სნაიპერის კურსს უტარებს.
6-კვირიანი მომზადების პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ავიაციის ჩართულობით ცეცხლის წარმოება, სამთო სროლები, ტაქტიკური მომზადება, კულმინაციური სწავლება და საცეცხლე მომზადება. სწავლების მიზანი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე სწავლების პარალელურად, რუმინეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საპარაშუტო მომზადების კურსს უტარებენ, რომელიც თავისუფალი ვარდნის სწავლებას მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები 3000-3500 მეტრიდან ხტომებს ახორციელებენ.

გამოქვეყნებულია სამხედრო

6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.
ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური