Items filtered by date: პარასკევი, 03 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), აგრძელებს რა აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიურ მისიებთან, მათ პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე აქტივობების თაობაზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალურად გაიგო თუ რა ღონისძიებებს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე კენჭისყრის დღეს უბანზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. კარლ ჰარცელმა გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციის საქმიანობაში მხარდაჭერაც გამოუცხადა.

„ბატონ ჰარცელს განსაკუთრებით აინტერესებდა კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა ზომებს იღებს საარჩევნო ადმინისტრაცია იმისთვის რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ პროცესში და განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებიც,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცესკოში გამართულ შეხვედრაში, ევროკავშირის ელჩთან და ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ელჩის მოადგილე ჟულიენ კრამსიც მონაწილეობდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება. საქართველოს ცესკო პირველიასაარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ასეთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.  

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა პირადად დაათვალიერეს უშუალოდ ინფორმაციის დაცულობის ცენტრი.

„გასულ წელს, ისევე როგორც ამ არჩევნებზე გამოვლინდა დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ეს არის ის საკითხი, რასაც ამომრჩეველი საერთო ჯამში მიჰყავს არასწორ აღქმებამდე და ამომრჩეველს უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე საარჩევნო პროცესის მიმართ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის ინფორმაცია და რეალობა, რომელიც საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს მთავარ პარტნიორთან, IFES-თან ერთად, რომელიც ამ პროექტს USAID-თან ერთად ახორციელებს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავამუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ზუსტად მოახდენს ერთი მხრივ ამ ინფორმაციის დაცვას და მეორე მხრივ მომავალში დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას.

საუბარია ფაქტების კონსტატაციაზე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე. ჩვენ დავამონიტორინგებთ ყველა იმ ძირითად საშუალებას, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. მოვახდენთ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში სწორი ფაქტების მიწოდებას საზოგადოებისთვის. შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისთვის სარწმუნო და მისაღები. მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს საარჩევნო  პროცესის და ინსტიტუციის დაზიანება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ.

 

ცენტრმა მუშაობა 16 აგვისტოდან დაიწყო და მისი მონიტორების მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პერიოდულად მომზადდება ანგარიშები, რომლის შესახებაც ეცნობება საზოგადოებას. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიშიც.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიხსნა. ეს უკვე მეორე არჩევნებია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე თანამშრომლობს. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი პილოტის რეჟიმში ცესკოში, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზეც მოქმედებდა.  

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

 გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით (Covid-19) 86 ადამიანი გარდაიცვალა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge

მათივე მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. გიორგი კალანდარიშვილი მათ ინფორმაციას მიაწვდის ცესკოში ახალი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის გახსნასთან  დაკავშირებით.

 

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი #138

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული  მსოფლიო ეკონომიკური  კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით,  ან რამე მიზეზით  ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ  გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი  ევროკავშირის სესხის მიღებაზე  მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული  75 მილიონ ევროიანი  (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი.  გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა  ძნელად გასაგებია!

ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი  დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!

ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის  ხვალინდელ  რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.

დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. 

ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე.

როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას  საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს  2024 წელს  კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!

ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ  არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ  მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური