Items filtered by date: სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

საპილოტე პროექტი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში,  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, ამომრჩეველთა ინფორმირება, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია ასახული.

აღნიშნული საკითხებისა და არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს დეტალურად ისაუბრა.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმიანობები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს შევთავაზოთ თავისუფალი, სამართლიანი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო  საარჩევნო გარემო“, -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების 35 წარმომადგენელი ესწრებოდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა 3 საჩივარი (წარმდგენები: „ISFED“-ი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ელენე ხოშტარია - დროა“) ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და რამაც საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია  საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში კი უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“  შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.  ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა იყო ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის გიორგი სიორიძის და სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მზადების პროცესზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კაბინების განახლების საკითხზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მათი დიზაინი შეიცვალა, ამომრჩევლის ხმის ფარულობა კვლავ დაცულია.  მისივე განცხადებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე კენჭისყრის დღეს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად იყოს დაცული, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

„საარჩევნო ადმინისტრაცია ამუშავებს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის ერთიანი სიების ფორმირებას, შესაბამისად ჩვენთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მხრივ შესაბამისი გარანტიების შეთავაზება, რა მიმართულებითაც ჩვენ არაერთ საქმიანობას ვახორციელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციებს გათვალისწინება იმისთვის, რომ ეს დაცულობის ხარისხი კიდევ უფრო მეტად იყოს გაზრდილი.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, მისი უწყება აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან როგორც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ისე სამართლებრივ ნაწილშიც.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლობა არის  არსებითად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს, ვინაიდან ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი. არჩევნების დღეს გვეყოლება გამოყოფილი ერთი პირი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი როგორც ამომრჩეველთან, ისე საარჩევნო ადმინისტრაციასთან,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სახელმწიფო ინსპექტორის იურიდიული სამსახურის უფროსი ლანა ღუნაშვილი ესწრებოდნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

29 სექტემბერს, 13:00 საათზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. მედიის წარმომადგენლების დასწრება თავისუფალია (სასტუმრო „რუმს თბილისი“, მის: ჭოველიძის #10).

შეხვედრის  მიზანია თემის ირგვლივ სამუშაო ფორმატში მსჯელობა, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა. ღონისძიებაზე ასევე მოხდება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგების განხილვა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

ადგილზე ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული კოვიდრეგულციებიდან გამომდინარე შეხვედრის პანელი შედგება წინასწარ განსაზღვრული სტუმრებისგან.

ღონისძიების პანელისტები არიან:

Policy and Management Consulting Group - PMCG, ოთარ ანთია,

Policy and Management Consulting Group - PMCG  ვანო ვაშაყმაძე

Kazakh-Georgian Economic Union, გიორგი ჯახუტაშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, თამარ კორიაული

Air Astana, კამილა ჟაილაუბაევა

Silk Road Group, გიორგი მარრი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance, შალვა ხეცურიანი

Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე, ბაჩანა შელია

Check-in Travel, ია გედევანიშვილი

Spend 4 Seasons in Georgia, ქეთა გოლეთიანი

WeHost, ნიკა ანჯაფარიძე

ონლაინ მონაწილეობის მიღება შეუძლია აღნიშნული ბაზრის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.  ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

https://bit.ly/3AL659M

Webinar ID: 861 9422 2167

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა.  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების  დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და  GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას ასევე შეუერთნდნენ ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“.  მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ამოცანაა: იზრუნოს კონკრეტული ინდუსტრიული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებზე, უზრუნველყოს მათი ინტერესების ადვოკატირება სახელმწიფოსთან, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას, დააკავშიროს წევრები ლოკალურ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობას, დაეხმაროს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილეები გიორგი სიორიძე და გიორგი შარაბიძე ესწრებოდნენ. 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის. საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის საკითხს და იმ ცვლილებებს, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა არჩევნების პროცესში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის და მათ მიერ გამოცემული რეკომენდაციების მნიშვნელობას.

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ წარმომადგენლები ხმის დათვლის პროცესის ვიდეო გადაღების და შემდგომ ამ მასალის ინტერნეტ პლატფორმაზე განთავსების საკითხითაც დაინტერესდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე ინფორმაცია მიაწოდა საპილოტე პროექტზე, რომელიც კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

ბათუმის პორტში ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.
ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.
 

გამოქვეყნებულია სამხედრო

ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთ ვირჯინიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთძრავიანი Beechcraft C23-ის ტიპის თვითმფრინავი, ფეიეტვილის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული, რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.   

საერთაშორისო სწავლების მიზანი ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებების დახვეწაა.  

მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. 

Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური