ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა და 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ცესკოს სხდომებზე გადაწყვეტილებები მაღალი ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღება, რაც საარჩევნო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხია. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ შორის ვიდეოფიქსაციასა და კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტზე, რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა 27 სექტემბერს დისტანციურად გაიმართა.
საუბნო საარჩევნო კომისიებზე დღეს მორიგი ზეწოლა განხორციელდა
არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს სრული დატვირთვით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს; ჩვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.
დღეს საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე (ორივე უბანი განთავსებულია ერთ სკოლაში), კანონდარღვევით შეიჭრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი; ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის მოშლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხეც, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარტიის წარმომადგენელმა გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის გამოც ოლქის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ოლქის თავმჯდომარეს ასევე უწოდებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საპატრულო პოლიციას სთხოვდნენ მარკირების სითხის ამოღებას. პარალელურად, სოციალურ ქსელში “facebook”-ი ვრცელდებოდა დისკრედიტაციული დეზინფორმაცია ზემოაღნიშნულ ორ უბანზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელისშეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა. დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით. აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს.
ეს არის არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს პროფესიული სტანდარტებით, საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად და გამჭვირვალედ, თუმცა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება. არჩევნებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება და ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას.
აზერბაიჯანელები ქალაქ შუშას ქვეყნის კულტურულ დედაქალაქს უწოდებენ
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა
გერმანიაში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ -დემოკრატიულმა პარტია SPD-მ ხმების 25,7 პროცენტი მიიღო, ხოლო ქრისტიანული ერთობის პარტიებმა (CDU/CSU) 24,1 პროცენტი. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, ქვეყნის ფედერალურმა საარჩევნო საბჭომაც გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების დროებითი არაოფიციალური შედეგები და შესაბამისად SPD-მ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს და, სავარაუდოდ, მორიგი კანცლერიც იგი გახდება, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25,7 პროცენტი მიიღო. ქრისტიანული კავშირის (CDU/CSU) პარტიებმა, რომლებმაც ქრისტიან -დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარე არმინ ლაშკეტი ხელმძღვანელობს, ხმების 24.1 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა. მოკლედ, ამ არაოფიციალური შედეგების მიხედვით, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა ასე განაწილდა:
სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD - 206,
ქრისტიანული ერთობის პარტიები CDU/CSU - 196,
მწვანეთა პარტია - 118,
FDP - 92,
AfD - 83,
მემარცხენე პარტია - 39.
SPD– ს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა გამარჯვების სიტყვაში თქვა: "შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებს სურთ ჩემი ქვეყნის ახალ კანცლერად ხილვა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წლის ბოლომდე შევქმნა ახალი მთავრობა."
ქარისტიანული კავშირის პარტიებმა CDU/CSU- მ, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე დაბალი ხმების რაოდენობა მიიღო. მისმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა თქვა, რომ ის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.