Items filtered by date: ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა. 
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. 
გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. 
ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე დაესწრო. 
„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო! მადლობა თქვენი ქვეყნის სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და - რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი", - განაცხადა ატულ ხარემ. 
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი“-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით. 

„ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრაი განვითარების მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.  

„რამდენიმე საინვესტიციო ფონდთან მივაღწიეთ შეთანხმებას კონკრეტულ სექტორებში, რომ საქართველოში გამოუშვებენ კონსულტანტებს, სამუშაო ჯგუფებს, ასევე წინასწარ მოხდება მემორანდუმების გაცვლა და მუშაობას დავიწყებთ ცალკეულ პროექტებზე. კერძოდ, ეს შეეხება განახლებად ენერგიას - განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვთ აქაურ ინვესტორებს და მსხვილ საინვესტიციო ფონდებს მზის ენერგიის გამოყენებაში. ეს ასევე შეეხება უძრავ ქონებას, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელთაც მათ ვთავაზობთ და ამ კუთხითაც დაიწყება თანამშრომლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა. 
პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტი და პრეზიდენტ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 
საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 
საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. 
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.  
მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საქართველოსა და თურქეთის საიმედო პარტნიორობის კარგი მაგალითია. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი, რომლის ფარგლებშიც მხარეები სხვადასხვა სექტორის მიხედვით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. 
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მას მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა, ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური