Items filtered by date: სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა.

საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საპილოტე პროექტზე ისაუბრა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხმის დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

როგორც აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სიორიძემ დღეს განაცხადა: „გამომდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი, ოპოზიციის და პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად, ამ არჩევნებზე ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არა ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას კონკრეტულ შემთხვევებში. სამწუხაროდ ის რაც ჩვენ გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული. ამას ჰქონდა თავის ფინანსური, ლოგისტიკური, დროის დეფიციტის და სხვა მიზეზები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დავნერგეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით.

საარჩევნო ადმინისტრაციაში შემადგენლობის განახლებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შედეგად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტმატიკთან“, რომელიც გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვისა აშშ-დან ფილიპინებამდე. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ არა ერთ ან  2 უბანზე, არამედ მთლიან კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩაგვეტარებინა მოდიფიცირებულად და ბიულეტენები დაგვეთვალა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით.“

გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა იმ ბიულეტენის პროტოტიპი და შესაბამისი ჩარჩო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში იქნება გამოყენებული. მისივე განცხადებით, დაბეჭდილია საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის დატანილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი. გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს კრწანისის 31-ვე უბანზე მონიტორებზე გაშვებული იქნება ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხმის მიცემის პროცედურა.

„ამასთან მნიშნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს, რომელთა კონტიგენტი არის ამავე ოლქში და დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ კრწანისის რაიონში, #75 სკოლის შენობაში ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისაა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურის იმიტაცია თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს.“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი.

„ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული.  აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ.,  რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარ კანდიდატებს კრწანისის ოლქში, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, რათა პროცესი გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების ინფორმირება. იმიტომ რომ ჩემი აზრით, კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებლობა 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.     

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და პარლამენტის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დანით დაჭრეს.

კახა ოქრიაშვილი: „სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები.

მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას“, აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

Visa-ს ახალი კვლევები აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული შესაძლებლობები მცირე და მიკრო ბიზნესის კონკურენტუნარიანობისთვის პოსტ-პანდემიურ სამყაროში

მეწარმეობის რეკორდული ზრდის ფონზე გაჩნდება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მცირე საწარმოების ახალი კლასი

თბილისი, საქართველო - 2021 წლის 21 სექტემბერი Visa-მ (NYSE: V) დღეს გამოაცხადა, რომ  ხელი შეუწყო დაახლოებით 16 მილიონი მცირე და მიკრო საწარმოების ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას მსოფლიოს მასშტაბით, რაც  2020 წელს დასახული მრავალწლიანი მიზნის 30% -ზე მეტს შეადგენს, რაც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესისთვის ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას.  პანდემიის დაწყების დღიდან Visa-მ დაიწყო დუბაიდან კოლუმბიის ოლქამდე (DC)  სათემო პროგრამების განხორციელება, რათა დახმარება გაეწია მცირე საწარმოებისთვის განეხორციელებინათ ანგარიშსწორება ციფრულ ფორმატში  და მეტი წვდომა ჰქონოდათ ციფრულ ეკონომიკაზე. მცირე და მიკრო საწარმოებისთვის ციფრულ ფორმატზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობა ხაზგასმულია დღეს გამოქვეყნებულ  Visa Back to Business გლობალური კვლევის  მე-5 გამოცემაში, რომლის თანახმად, მომხმარებელთა 68%-ს შესაბამისად, COVID-19– მა სამუდამოდ შეცვალა ანგარიშსწორების გზები.

„პანდემიის 19-თვიანი მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ მცირე საწარმოებმა, რომელებიც ციფრულ კომერციას და ტრანსსასაზღვრო გაყიდვებს აწარმოებდნენ, უკეთესად გადაიტანეს პანდემია,”-თქვა მერი ქეი ბოუმანმა, Visa-ს პროდუქტის მომხმარებელთა და გაყიდვების პლატფორმის განყოფილების ხელმძღვანელმა. „მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ გარდაქმნა და გადარჩენა. ჩვენ ახლა ვხედავთ მეწარმეობის იმედისმომცემ ზრდას და, როდესაც 50 მილიონიანი მიზნისკენ მივდივართ, ჩვენ ვეხმარებით ახალი თაობის მეწარმეებს კარგად იყონ გათვითცნობიერებული ციფრულ ფორმატში.”

Visa Back to Business კვლევა: გლობალური ვითარების შესწავლა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული  პრეფერენციების შესახებ

Visa Back to Business გლობალური კვლევის პროცესში ჩატარდა მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელების და მათი მომხმარებლების შესწავლა გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. კვლევის ფარგლებში, ხუთტომეული გამოიცა და დაგროვებული დიდი მოცულობის მონაცემების საფუძველზე, ბოლო კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის, საზოგადოებისა და ტექნოლოგიების  ერთმანეთთან დაკავშირებაში მდგომარეობს:

  • მიკრო და მცირე საწარმოები ჯერ კიდევ მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული: პანდემიამ მკვეთრად გაზარდა მომხმარებელთა უკმაყოფილება და სიფრთხილე ანგარიშსწორებისას ნაღდ ფულთან შეხებასთან დაკავშირებით, და შესაბამისად, გაზარდა უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელების სურვილი[1]. მთელს მსოფლიოში მცირე და მიკრო საწარმოების სამოცდათოთხმეტი პროცენტი (74%) იმედოვნებს, რომ მომხმარებლები კვლავაც მიანიჭებენ უპირატესობას უკონტაქტო ანგარიშსწორებას მომავალში. ამასთან, ხუთიდან ორი (40%) მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ ინვესტიციად უკონტაქტო ანგარიშსწორებას ასახელებს, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
  • უკონტაქტო ანგარიშსწორება, როგორც კონკურენტული უპირატესობა: მაღაზიები, რომლებიც არ იღებენ უკონტაქტო ანგარიშსწორებას, შესაძლოა დადგნენ კლიენტების დაკარგვის რისკის წინაშე. ხუთიდან ორზე მეტმა (44%) მომხმარებელმა თქვა, რომ არ გააკეთებენ საყიდლებს მაღაზიაში, სადაც ანგარიშსწორების მხოლოდ ისეთ მეთოდებს სთავაზობენ, რომლებიც მოლარესთან ან საზიარო მოწყობილობასთან კონტაქტს მოითხოვს.
  • ონლაინ უსაფრთხოების პრიორიტეტი: ერთი წლის წინ, აშშ-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 17% –მა პირველად დაიწყო პროდუქციის ან მომსახურების ონლაინ გაყიდვა COVID-19–ის ეპიდემიის დროს და ახლა, 57% აპირებს იგივე პირობებით გაგრძელებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, რომელთაგან მთავარი იყო მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება (33%), ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ღირებულება (31%) და მომხმარებლებთან ნაკლები პირადი კავშირი (30%).
  • შესაძლებლობებს უკეთ იყენებსგაციფრულებული მცირე და საშუალო ბიზნესი: იმ დროს, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის 54%-ი აცხადებს, რომ გასული წელი მათი ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, 46%-ი მას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, განსხვავებით 38%-სგან 2020 წლის ნოემბერში. მათ შორის, ისინი, ვინც 2020 წელს განიხილავდა როგორც შესაძლებლობას, ყურადღებას ამახვილებდნენ ახალ პროდუქტებზე (37%) და გაყიდვების არხების გაფართოებაზე (34%), ხოლო 23%-მა კი სრულიად ახალი ბიზნესი დაიწყო.

ციფრულ ეკონომიკაზე წვდომის გახსნა

Visa აცნობიერებს რა, რომ კომერციის სფეროს უფრო ფართოდ ციფრულ ფორმატში გადაყვანამ შეიძლება უზარმაზარი სარგებელი მოუტანოს მცირე საწარმოებს,  კომპანია ცდილობს უზრუნველყოს მსოფლიოში ციფრული თანასწორობა და ინკლუზიურობა მისი მრავალწლიანი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის  ციფრულ მომსახურებას. მხოლოდ 2021 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში აშშ-ში, 3,4 მილიონი ახალი ბიზნეს-განაცხადი[2] შეივსო. Visa-ს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ როგორც არსებული, ისე  ახლადშექმნილი მცირე ბიზნესი აღიჭურვოს მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ციფრული მომავლის შესაბამისად.

ლონდონიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე, Visa-მ მიმართა რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესზე ათეულობით პროგრამის ფარგლებში, რომლებიც შემუშავებულია ადგილობრივი თემების საჭიროებების გათვალისწინებით. მათ შორის, Visa-მ,  1 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო ლოკალური გრანტების სახით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც უკიდურესად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად, განათავსა მცირე ბიზნესთან ქუჩაში მომუშავე ჯგუფები 900,000 საწარმოს მხარდასაჭერად 18 ლოკაციაზე და შეცვალა ანგარიშსწორების ფორმა 49 ლოკალურ ბაზარზე, კერძოდ უკონტაქტო გადახდებით ტელეფონის საშუალებით (Tap to Phone), რაც გამყიდველებს საშუალებას აძლევს აწარმოონ უკონტაქტო ანგარიშსწორება მარტივი მობილური აპლიკაციის საშუალებით. Visa-მ ასევე გააფართოვა გლობალური ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა მეწარმეებისთვის - პრაქტიკული ბიზნეს უნარ-ჩვევები,   რომელიც უფასო სასწავლო რესურსებს აწვდის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს და ხელს უწყობს მათი საწარმოებს ციფრულ ფორმატზე გადაყვანას. ეს ემყარება ფონდის Visa Foundation-ის მიერ დაკისრებულ 5-წლიან ვალდებულებას, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ფონდმა  2020 წელს აიღო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებული აქცენტით ქალების ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაზე.

Visa განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი როლის აღიარებას ადგილობრივ თემებსა და გლობალურ ეკონომიკაში, და დღეს ახალი ციფრული სერიის ინიციატივით გამოდის, რომელსაც „წვდომის ხმები" ეწოდება (“Voices of Access”), სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ უნიკალურ ისტორიებს და აძლევენ სხვებს საშუალებას დაინახონ ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები.

დამატებითი ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც Visa-მ ხელმისაწვდომი გახადა მცირე და მიკრო ბიზნესისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებ.გვერდებზე - Visa Small Business Hub და Visa Small Business COVID-19 support site.

მეთოდოლოგია: Visa Back to Business კვლევა 

“Visa Back to Business” კვლევა: მე-5 გამოცემა,  2021 წლის 15-28 ივნისის პერიოდში ჩაატარა კომპანიამ  Wakefield Research. კვლევა ჩატარდა 2,250 მცირე ბიზნესის მფლობელს შორის, რომლებსაც 100 -ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, და რომლებიც ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებენ. სამომხმარებლო ნაწილის ფარგლებში გამოკითხა 18+ ასაკის 1000 ზრდასრული აშშ-ში და 18+ ასაკის 500 ზრდასრული ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

Visa Inc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.



[1] წყარო: აშშ უკონტაქტო ონლაინ კვლევა, 2020 წლის აპრილი

[2] წყარო: აშშ აღწერის ბიურო, ბიზნესის ფორმირების სტატისტიკა

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) დაასრულა. კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
10-კვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სწავლება ორ ფაზად - მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.
სწავლება აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური