Items filtered by date: ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს. მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ.

 ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს.

ამ მიზნით ნ. მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 

"ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება ბოლო დროინდელ მოვლენებთან შედარებით. ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ყველაფერს სახელს არქმევს. ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარო ვალზე შეთხზული ტყუილები. მთავარი პოლიტიკური განაცხადია. და რა არის ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად არ გვინდა რეფორმები.

სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩვენი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, გადავდგათ ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი!

გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად დაცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ". - თქვა ნიკა მელიამ. 

***

ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.

წყარო: https://formulanews.ge/News/55975?fbclid=IwAR3ysbdXB2n_IiPr7aPtN8bTofZc45Gq_OjTE30LUnHKfB6u1qVRjrtlOQk

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ გააგრძელონ ბირთვული მოლაპარაკებები, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და შეწყდა ივნისში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი მონაცემებით, ბდულაჰიანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში დასმულს შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წელში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი ბირთვულ შეთანხმების აღსადგენად დასავლეთთან მიმდინარე, მაგრამ ივნისში შეწყვეტილ მოლაპარაკებას, განაცხადა: "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მივესალმებით იმ მოლაპარაკებებს, რომლებშიც ირანის ხალხის ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ არ ვცდილობთ თავი დააღწიოთ მოლაპარაკებების მაგიდას და მე -13 მთავრობა მხოლოდ კონკრეტული მიღწევების შესაბამისად გააგრძელებს მოლაპარაკებებს, რომელიც დააკმაყოფილებს ირანისა და მისი ხალხის ინტერესებს.“

მან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე მინიშნებით, რომელშიც ისრაელის პრემიერ მინისტრთან ნაფტალი ბენეტთან თეთრ სახლში 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ "თუ დიპლომატიაში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, ჩვენ მზად ვართ სხვა ვარიანტებს მივმართოთ", განაცხადა: "ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ვუთხარი რომ არანაირი შედეგი არ იქნებათ, თუ ამერიკელები არ შეწყვეტენ ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველ ენას."

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, აბდულაჰიანმა უპასუხა: "მეორე მხარემ იცის, რომ ირანში ახალი მთავრობის ფორმირებას ორი ან სამი თვე დასჭირდება და შეუძლია თავისი გეგმები ამ მიმართულებით გააკეთოს. მოლაპარაკებების საკითხი ნამდვილად არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის დღის წესრიგში."

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ვითხოვთ შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი, სანამ საბოლოოდ არ შეექმნა საფრთხე შოვის კურორტის ერთიანი კონცეფციით განვითარებას, ამის შესახებ ნათქვამია შოვის კურორტის ინვესტორის და მმართველი კომპანიის განცხადებაში, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

"2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიცავს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც უკავშირდება თითოეული რეგიონის პოტენციალის სწორად გამოყენებას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნამდვილად დროული, ღირებული და ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა და სწორი მიდგომაა, რაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება პოზიტიურად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეალური მხარდაჭერის არსებობა და პრობლემების კოორდინირებული მართვა.

ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი ვერ ხდება თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრიაციო ზონაში შედიან, რითაც საფრთხე ექმნება ერთიან განაშენიანებას. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს.

ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ მოხდება კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება, ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი".

დამატებითი ინფორმაცია შოვის კურორტის შესახებ

2006 წელს ყაზახურმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი პანსიონატი „მამისონი", რომელიც კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა 2008 წლის ომისა და 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა და საქმიანობა 2016 წელს განახლდა.  უკვე ამ დროიდან ინვესტორისა და მმართველი კომპანიის მიერ განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა, რაც უკავშირდებოდა შოვის თანამედროვე ევროპულ სამთო კურორტად ფორმირებას. მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად მომზადდა შოვის კურორტის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა ავსტრიული კომპანიის მიერ; სლოვაკი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი ბალნეოლოგიური რესურსების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი ანალიზი, შეიქმნა კურორტის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ერნსტ ენდ იანგის" მონაწილეობით. შესაბამისად, არსებობს შოვის განვითარების გეგმა და ინვესტორის სურვილი, რომ დაიწყოს მშენებლობა და კურორტის აქტიური განვითარება მომზადებული გეგმების მიხედვით. ამ სურვილს კი ის ინვესტიცია მოწმობს, რაც დაიხარჯა კვლევებსა და განვითარების გეგმების მომზადებაზე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, წლებია პროექტი ფერხდება შემდეგი მიზეზების გამო:

  • შოვის კურორტის ინვესტორის მიერ მომზადებული კურორტის განვითარების გენგეგმა არ დამტკიცებულა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ ონის საკრებულოს მიერ. პროცესი ჭიანურდება, რაც აფერხებს ინვესტიციების განხორციელებას და კურორტის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების და საქმიანობის დაწყებას.
  • პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაცია, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, აღინიშნება კანონის დარღვევა, ეს კი ახალ პრობლემას წარმოშობს კურორტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების კუთხით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ შექმნილი ვითარება და ‘ხელი მოითბონ’ შოვის კურორტის განვითარებაზე.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე წლებია პრემიერ-მინისტრების და ეკონომიკის მინისტრების სახელზე ვაგზავნით წერილებს, სადაც ვითხოვთ, შეიქმნას უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, რათა მოხდეს შოვის კურორტის, როგორც ცალკე მდგომი და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის უფრო ეფექტიანად მართვა. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი მიდგომა თავიდან აგვაცილებს პროცესების გაჭიანურებას და კურორტის განვითარების საქმე აღარ შეფერხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტორი გააქტიურდება, დაიწყება მშენებლობა, რაც უკავშირდება ადგილობრივების დასაქმებას და შოვის კურორტი გაცილებით მეტ და მაღალშემოსავლიან ტურისტს მიიღებს ვიდრე დღეს, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურად როგორც შოვს, ასევე რაჭას და მთლიანად საქართველოს.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური