ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.
პროგრამაში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბრის პერიოდში, ონლაინ ფორმატში, წარიმართება.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და შსს აკადემიის პრორექტორი თეიმურაზ მაღრაძე.
სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრი, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგებს საარჩევნო კომისიების წევრებისთვისაც ახორციელებს.
განცხადება საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო სიახლეებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც მიმართულია მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ. ხსენებული სიახლეები და ინოვაციები შეჯერებული იქნა ჩართულ მხარეებს შორის ინტენსიური დიალოგის, დისკუსიების პროცესში, პრაქტიკულად სრული კონსენსუსის საფუძველზე.
„როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის იდეა, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად.
ინოვაციურობისა და სამოქალაქო ინიციატივებისადმი გახსნილობის სტრატეგიიდან გამომდინარე, ცესკომ გამოთქვა სრული მზაობა ამ ინიციატივისადმიც და გადადგა მთელი რიგი კონკრეტული ნაბიჯები ჯგუფის სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.
აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ თავად მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
ცესკოს ხელმძღვანელობამ იტვირთა გარკვეული მედიატორის ფუნქციაც მონაწილე მხარეებს შორის, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შესაბამის სამართლებრივ ბაზაში, ცესკოს კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი იქნა საჭირო ცვლილებები, რათა არ დაზარალებულიყო ჯგუფის გადაწყვეტილებისუნარიანობა მის შიგნით აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის დროსაც, თუმცა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი, ზოგიერთი მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტი, რამაც შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება.
ეს ნამდვილად დასანანია ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს ყველა სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი და რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი მტკიცე ნება, რომ მიუხედავად ცალკეული დესტრუქციული მცდელობებისა, წლევანდელი არჩევნები იყოს უპრეცედენტოდ ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებათნ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.
ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ყავს
ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაზე გაერთიანების გუნდთან ერთად ნატა ფედოსეევა იზრუნებს.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, კულტურული ურთიერთობის გააქტიურება და ინვესტიციების ზრდა წარმოადგენს.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები არიან: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია და GK Logistics. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.
ორგანიზაციის მისიაა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს არსებობის ხელშეწყობაა. გაერთიანებას აქვს ერთგვარი მედიატორის/კომუნიკატორის როლი როგორც ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე მათი საჯარო სტრუქტურებთან შუამდგომლობისას.
“საწყის ეტაპზე, დაგეგმილია შეხვედრების სერია, რომელიც ე.წ. მრგვალი მაგიდის ქუდის ქვეშ წარიმართება, კერძოდ, მრგვალი მაგიდა - ინვესტიციები, მრგვალი მაგიდა - ვაჭრობა და ა.შ. პროექტების სერია „მრგვალი მაგიდა“ სექტემბრის ბოლოს დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ. მოგვიანებით, ანალოგიური შეხვედრები ყაზახეთშიც იგეგმება,“ - აღნიშნავს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ნატა ფედოსეევა.