Items filtered by date: ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ - მან ასე განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს".

რა ხდება სინამდვილეში - ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომდგენლებს. საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ანუ ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ ოპერატორს არ აქვს, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია, მე პირადად ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკურ შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარიამ მოიტყუა, იცრუა - არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, არამედ საერთოდ, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა.

სამართალდამცავები ამ თემას დეტალურად გამოიძიებენ. ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.

"ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას", აცხადებს მ. მდინარაძე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. როგორც ბ. ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

მისივე ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. 

"მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა", - ამბობს ბ. ყორშია "მთავარი არხის" ეთერში. 

წყარო: https://mtavari.tv/news/56603-sruli-jojokheti-gamoviaret-meore-sartulis

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება - საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამიტ გიულის სამინისტროს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გააცნო. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ქართველმა მინისტრმა თურქ კოლეგას დღეს იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. აბდულჰამიტ გიული საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირი მრავალ სფეროში წარმატებული პარტნიორობის საფუძველია.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიტ გიული  სამინისტროს 10-წლიანი განვითარების  გეგმითაც დაინტერესდა და უწყების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021-2024 წლებისთვის სამინისტროებს შორის პარტნიორობის  ერთობლივ პროგრამას განსაზღვრავს.  
მოგვიანებით, რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
აბდულჰამიტ გიულთმა რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოთქვა.

გამოქვეყნებულია სამართალი

15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ჩეხეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟი (Aleš Chmelař).
საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას და ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 
მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს და დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ მუშაობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩეხეთის დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას.  
სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების  სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიმართებით, კმაყოფილებით აღინიშნა უკვე არსებული მიღწევები და პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პოტენციალის სრულად ასათვისებლად. 
კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Czech Aid-ის ხაზით ხორციელდება და რომელთა მიზანია საქართველოს სხვადასხვა სექტორისა და მიმდინარე რეფორმების  მხარდაჭერა. ჩეხეთის მხარემ გამოხატა მზაობა კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
საგანგებოდ აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში და ჩეხეთის ხელშეწყობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა, რომ ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის.
კონსულტაციების ფარგლებში, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას დეტალურად გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაო, ინიციატივები და გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატზე, ასევე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტსა და ქართული მხარის მოლოდინებზე. აღინიშნა, რომ  2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხური მხარის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციაში. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება ევროკავშირში ჩეხეთში თავმჯდომარეობის ფარგლებში.
ასევე ხაზგასმული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 
ჩეხეთის მხარემ საგანგებოდ აღნიშნა ქართული მხარის წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ პარტნიორთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული  მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ  პარტნიორთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.
ორმხრივი კონსულტაციებისას ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 
შეხვედრისას ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება. 
მინისტრის მოადგილეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
კონსულტაციებისას მხარეებმა ასევე განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორთა აქტიური ძალისხმევა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად წარმოების პრაქტიკა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.  სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა „განახლებული მონაცემების საფუძველზე საზოგადოების და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომელიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომელიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს.“

პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ. როგორც მან აღნიშნა 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი  ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სია იყოს სრულყოფილი. „ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა,“ - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და  დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა.  

სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

გამოქვეყნებულია განათლება

რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა.
წვრთნების ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან - 1200-4000 მეტრიდან თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომებს (სტატიკური ხაზით ხტომებსა და პარაშუტის ხელით გახსნის ხტომებს). სწავლების პერიოდში მებრძოლები შეფასდნენ შუალედური და შემაჯამებელი ტესტირებებით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 
საპარაშუტე პროგრამა რუმინელ პარტნიორებთან ერთად უკვე მეორედ განხორციელდა. აღნიშნული წვრთნების ჩატარება ქართველ და რუმინელ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს შორის სამომავლოდაც იგეგმება.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური