Items filtered by date: ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021 - NEWSDAY GEORGIA

გლობალური პანდემიის (კოვიდ-19) მიუხედავად, ჩინურ-ქართული ურთიერთობები სულ უფრო წარმატებით ვითარდება. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩინეთის ელჩთან.

თქვენო აღმატებულებავ, გასულ თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის წარმოშობის წყაროს დასადგენად კვლევების მეორე ეტაპის ჩატარების შესახებ განაცხადა. როგორი არის ჩინეთის პოზიცია ამ საკითხზე?

ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. ჩინეთმა პრევენციისა და კონტროლის გამოცდილება საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად გაუზიარა, შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყო ეპიდსაწინააღმდეგო დახმარება, იგი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინების კუთხით ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობა წამოიწყო მსოფლიოში, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებაში. ამასთანავე, ჩინეთი ყოველთვის მეცნიერულ მიდგომას იჩენს და წყაროს დასადგენად გლობალურ სამეცნიერო კვლევაში აქტიურად არის ჩართული. ჩინეთმა ორჯერ მოიწვია ჯანმო-ს ექსპერტები  ვირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით კვლევების ჩასატარებლად. მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიში ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, რომელიც მეცნიერულად ასკვნის, რომ „ლაბორატორიული გაჟონვა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“ და  მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გასცემს, მათ შორის, გლობალური მასშტაბით ადრეული შემთხვევების ძიების გაგრძელების თაობაზე.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ ვირუსის წყაროს მიკვლევა მეცნიერული საკითხია და მის პოლიტიზებას მტკიცედ ეწინააღმდეგება. ზოგიერთი ქვეყანა არაეფექტური ეპიდსაწინააღმდეგო ძალისხმევის გამო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ვირუსის წყაროს მიკვლევის საკითხზე პოლიტიკურ მანიპულირებას ეწევა, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობის საერთო სურათზე. ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებულია, ამიტომ მათ ყველა მხარემ, მათ შორის ჯანმომ პატივი უნდა სცეს და განახორციელოს. ჯანმო-ს სამდივნოს მიერ შემოთავაზებული კოვიდ-19-ის წყაროს მოკვლევის მეორე ეტაპის სამუშაო გეგმა ანგარიშის დასკვნებს არ ასრულებს და არც წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას გამოხატავს, ამიტომ შემდეგი ეტაპის სამუშაოების დაწყების საფუძვლად არ უნდა იყოს მიჩნეული. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამდივნომ ამომწურავი კონსულტაცია უნდა გაიაროს წევრ სახელმწიფოებთან გლობალური სამუშაო გეგმის თაობაზე, რაც მოიცავს შემდგომ მექანიზმებს, პატივი უნდა სცეს წევრი ქვეყნების მოსაზრებებს და დაინტერესებულ ქვეყანაში ჩასატარებელი სამუშაო გეგმა უნდა განისაზღვროს ამ ქვეყანასთან კონსულტაციით, მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს თანამშრომლობა. ჩინეთის გონივრულ პოზიციას აქტიურად გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა. 70-მდე ქვეყანამ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს წერილებით და განცხადებებით მიმართა. ისინი ვირუსის წყაროს მოკვლევის საკითხის პოლიტიზებას ეწინააღმდეგებიან და ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიშის შენარჩუნების აუცილებლობას ხაზს უსვამენ. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა წყაროს დადგენის მეცნიერულ კვლევას და მომავალშიც გააგრძელებს მასში მონაწილეობას. ჩინეთი მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან გლობალური სამეცნიერო კვლევის აქტიურად განსახორციელებლად, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის მიერ ეპიდემიაზე საბოლოო გამარჯვებაში.

ჩინეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინელი სპორტსმენების გამოსვლას? პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის როგორ მიმდინარეობს სამზადისი?

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც ისტორიული შედეგი აჩვენა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. ქართველმა სპორტსმენებმა ქართული ძალა და ნიჭი მთელ მსოფლიოს დაანახეს. ჩვენ მთელი გულით გვიხარია მათი ბრწყინვალე გამოსვლა. რაც შეეხება ჩინეთის ოლიმპიურ გუნდს, 38 ოქროს, 32 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედლით, იგი მეორე ადგილზე გავიდა. ჩინელმა სპორტსმენებmა ეპიდემიით გამოწვეული სიძნელეები დაძლიეს, მაღალი საბრძოლო სული გამოავლინეს, შეჯიბრის დონე გააუმჯობესეს და არაერთ სახეობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამავდროულად, მათ მთელი მსოფლიოს სპორტსმენებთან მეგობრობა კიდევ უფრო გაამყარეს და ოლიმპიური სულისკვეთება გამოავლინეს.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნამდე, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მომდევნო 6 თვის მანძილზე, ოლიმპიადა ოფიციალურად "პეკინის დროზე" გადავა. პეკინი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს. იგი მსოფლიოში პირველი ქალაქი იქნება, რომელმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის "ჩიტის ბუდის" (ოლიმპიური სტადიონი პეკინში) და სხვა სპორტული დარბაზების და სტადიონების  მშენებლობა და განახლება გეგმის მიხედვით მიდის და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სატესტო ღონისძიებები ჩატარდება. ყველასთვის საყურადღებო გახსნისა და დახურვის ცერემონიების შემოქმედებითი გეგმები დახვეწის პროცესშია, მსახიობების შერჩევა, რეპეტიციები და ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოები თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ოლიმპიადის მთავარი გმირები - ჩინელი და სხვა ქვეყნების სპორტსმენები პეკინის ზამთრის ოლიმპიადისათვის ასევე აქტიურად ემზადებიან. იმედი გვაქვს, ისინი საუკეთესო მდგომარეობაში გავლენ საასპარეზო მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი გლობალური ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა, ჩინეთი მთელი ძალით ემზადება, რათა მსოფლიოს მარტივი, უსაფრთხო და საინტერესო ოლიმპიური თამაშები აჩუქოს. ზამთრის სპორტი ქართველ ხალხს ძალიან უყვარს. ჩვენ მივესალმებით და ველით ქართველ სპორტსმენებს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, რათა პეკინში სრულად წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და ახალ შედეგებს მიაღწიონ.

ჩინეთის ეკონომიკური მონაცემები ამ წლის პირველი ნახევრისათვის გამოქვეყნდა. რას ფიქრობთ ჩინეთისა და გლობალური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე?

ეს წელი ჩინეთის" მე-14 ხუთწლედის" პირველი წელია. ჩინეთის, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის,  ეკონომიკური მონაცემები საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლის პირველ ნახევარში 53,216.7 მილიარდი იუენი იყო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2 წლის საშუალო ზრდის მაჩვენებლმა 5.3% შეადგინა. საქონლის იმპორტისა და ექსპორტის საერთო ღირებულება 27.1% -ით გაიზარდა , ხოლო ორი წლის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 10% -ზე მეტი შეადგინა. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად აღდგენას განაგრძობს. ჩინეთის ეკონომიკური განვითარება სტაბილურ გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ეს არა მხოლოდ ჩინეთის მდგრადი ეკონომიკური ზრდისადმი გარე სამყაროს ნდობას ზრდის, არამედ გლობალური ეკონომიკის აღდგენასაც აქტიურად უწყობს ხელს. ამავდროულად, სხვა ქვეყნების მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 12,8% შეადგინა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეპიდვითარება ისევ იცვლება, მრავალი არასტაბილური და გაურკვეველი ფაქტორია, ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ არის საკმარისად სტაბილური და ბევრი სირთულე ემუქრება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეპიდემიის ეფექტური პრევენცია და კონტროლი ეკონომიკური განვითარების მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩინეთი ყოველთვის სხვა ქვეყნებისთვის განვითარების შესაძლებლობებისა და შედეგების გაზიარებას უჭერს მხარს, გლობალური ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას აქტიურად უწყობს ხელს, ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებს, მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ხელს უწყობს "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, ადამიანთა საზოგადოება საბოლოოდ დაამარცხებს ეპიდემიას და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევს.

საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა. რას ურჩევდით საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე?

დღეისათვის კოვიდ-19-ით გამოწვეული ეპიდმდგომარეობა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხარისხით არის გაუარესებული. მუტირებული შტამები, მაგალითად "დელტა" შტამი, უფრო გადამდებია, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მხრივ ახალი გამოცდის წინაშე აყენებს ქვეყნებს. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ეპიდშემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა, რაზეც მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და გასაკონტროლებლად მძლავრი ზომები გაატარა. შედეგად, ეპიდვითარება უკვე ეფექტურ კონტროლს ექვემდებარება. ჩინეთის მთავრობა ასევე აქტიურად უწყობს ხელს ვაქცინაციას. დღეისათვის 1.86 მილიარდი დოზა არის გამოყენებული, აქედან 770 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული. ამასთანავე, ჩინეთმა ვაქცინის 800 მილიონზე მეტი დოზა სხვა ქვეყნებს მიაწოდა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, პაციენტთა სამკურნალოდ სამედიცინო რესურსების სრულ მობილიზებას ახდენს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის ჩინეთთან, ვაქცინების კუთხით თანამშრომლობას ქტიურად ახორციელებს. ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხალხის უმეტესობა  მთავრობის მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ზომებით კმაყოფილია. ამჟამად საქართველო ეპიდემიის მეოთხე ტალღის კრიტიკულ ეტაპზეა. საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები შემოიღო, მათ შორის არის პრევენციისა და კონტროლის გაძლიერება, შეკრებების შეზღუდვა და ვაქცინაციის დაჩქარება. ჩინეთის გამოცდილებით, მხოლოდ ფართო საზოგადოების მხრიდან აქტიური თანამშრომლობით, პრევენციული ზომების ყოველდღიურად მკაცრად დაცვით და აქტიური ვაქცინაციით არის შესაძლებელი ვირუსის გადაცემის ჯაჭვის ეფექტურად შეწყვეტა და ეპიდვითარებაზე საბოლოო კონტროლის მოპოვება. ჩინეთი მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობა, რათა რაც შეიძლება მალე ერთად დავამარცხოთ ეპიდემია.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური