Items filtered by date: სამშაბათი, 27 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

2021 წლის 26 ივლისს, რომში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიური მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე მანლიო დი სტეფანო.
შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა; ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის და აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების საკითხს, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას. 
კონსულტაციების ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
კონსულტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ იტალიელ დიპლომატთან საუბრისას ხაზი გაუსვა 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას,  ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების, დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების საკითხებს და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებს. მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ამ კონტექსტში ქართული მხარის მოლოდინები და ყურადღება გაამახვილა იტალიური მხარის პოზიციის არსებით მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე.
ასევე, თეიმურაზ ჯანჯალიამ მანლიო დი სტეფანოსთან საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი  საქართველოს ალიანსში სრულფასოვანი წევრობის სურვილს და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ფარგლებში არსებული ღირებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 
ამასთან, იტალიელ კოლეგას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.
მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური