Items filtered by date: ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებული ქსოვილები გადასცა. ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია იუწყება.

აღნიშნული ქსოვილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შეიქმნა იმ ქსოვილის ფრაგმენტის მიხედვით, რომელიც ლაგოდეხში, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ყორღანულ სამარხში აღმოჩნდა 2012 წელს (ექსპედიციის ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე). ექსპერიმენტული არქეოლოგია არის არქეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს პრეისტორიული ხანის არტეფაქტების ფუნქციას, მათი დამზადების ტექნიკასა და პროცესს. ექსპერიმენტული არქეოლოგია ხელს უწყობს თეორიების შემოწმებას.

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ეწყობა კონფერენციები, გამოფენები, იბეჭდება პუბლიკაციები. 2018-2019 წლებში ფრანკფურტის არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყო მასშტაბური გამოფენა „ოქრო და ღვინო – საქართველოს უძველესი საგანძური“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ანანაურის N3 ყორღანში აღმოჩენილი ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ქსოვილის ფრაგმენტებიც, რომელთა კონსერვაციაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

ასეთი ძველი ეპოქის ქსოვილის ნიმუშები ძალიან იშვიათი მონაპოვარია. სწორედ, გერმანიაში გამოფენის მზადებისას დაიბადა იდეა, უძველესი ტექნიკა-ტექნოლოგიის სრული დაცვით დამზადებულიყო ქსოვილის ანალოგი. ამავე გამოფენისათვის შეიქმნა ასევე ანიმაცია, რომელიც წარმოაჩენს ყორღანული სამარხის დეტალურ რეკონსტრუქციას. ეს ვიზუალური მასალა ხელმისაწვდომია დამთვალიერებლისათვის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე. მას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქცია აქვს - ფართო საზოგადოებას აცნობს უძველესი ეპოქების ყოფა-ცხოვრების თუ დაკრძალვის წესებს.

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა გრძელდება. ორივე ინსტიტუცია შეისწავლის პრეისტორიული ეპოქის დიდ გამოგონებებს, იქნება ეს ქსოვილის წარმოება, ადრეული მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ბორბალი თუ სხვა. ამ სამეცნიერო პროექტების მხარდამჭერები არიან გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები.

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.

ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან. წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit უკვე მეათედ უმასპინძლებს, რომელიც 5 ლოკაციაზე ჩატარდება.

გამოქვეყნებულია სამხედრო

„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - ინდივიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებს

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაცინეტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები პაციენტები და მათი მხარდაჭერები შეიკრიბნენ და ერთმანეთს გაუზიარეს ემოციები, პრობლემები თუ რამდენად რთულია დაავადებასთან ერთად ცხოვრება. ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენეს დაავადების მკურნალობის დაფინანსების აუცილებლობა. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით მოეწყო და მიზნად ისახავდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“აუცილებელია, ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ხელეწიფებათ მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა. ბიოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ხმა მიაწვდინონ შესაბამის ორგანოებსა და სტრუქტურებს, რომ მის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. სწორედ, ეს მედიკამენტია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამისთვის აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერა თუნდაც თანადაფინანსების სახით და აშ. იმისთვის რომ ჩვენ, პაციენტებმა შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე,“ - აღნიშნავს ნინო ჩხეტია. პაციენტი, რომელიც დაავადებასთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს და მდგომარეობა დღითიდღე იცვლება. 

“რევმატოიდული ართრიტი და საერთოდ სახსრების დაავადებები ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. თუ მკურნალობა მიზანმიმართულად არ არის ჩატარებული სავალალო მდგომარეობამდე მივყევართ. ფაქტობრივად, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის პირები ხდებიან. აქედან გამომდინარე, დროულად დაწყებული მკურნალობა ეფექტურ შედეგს იძლევა, დღევანდელი დღე მისასალმებელია, რადგან ყველა თემის აქტუალიზაცია შედეგის და იმედის მომცემია, აქტიურობას და საზოგადოების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე,მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია,სახელმწიფო პასუხისმგებელია და რევმატოიდულ ართრიტის მკურნალობის ხელშეწყობაზე,” – განმარტავს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მაკა იოსელიანი.

ღონისძიების დასასრულს პაციენტებმა თაბაშირით საკუთარი დაზიანებული ხელების ყალიბებს შექმნეს. ეს იქნება ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება. პაციენტების სურვილია სახელმწიფოს მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ "ყველაფერი ჩვენს ხელშია" და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ართრიტი – არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.
რევმატოიდული ართრიტი, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ხასიათდება სახსრების ქრონიკული ანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი,  ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური