Items filtered by date: ორშაბათი, 19 ივლისი 2021 - NEWSDAY GEORGIA

რამდენიმე თვეში, სახელმწიფო პენსიების დარიგებაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. როგორც მთავრობამ დააანონსა, ჯერ სპეციალური უწყებათშორისი კომისია ჩამოყალიბდება,  რომელიც იმუშავებს საპენსიო მომსახურების პროგრამის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე, ხოლო ამის შემდეგ გამოცხადებს ახალი ტენდერის ვადებს და პირობებს.

პენსიების თემასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ამ საკითხის პოლიტიკურმა კონტექსტმა გამოიწვია, რაც უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა ყოველი არჩევნების წინ - საქართველოში მცხოვრები 900 ათასამდე პენსიონერი საკმაოდ აქტიურ ამომრჩევლად არის მიჩნეული და განსაკუთრებულად მიმზიდველ ელექტორატად გვევლინება პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ცხადია შეძლებისდაგვარად მათი გულის მოგებას ცდილობენ. 

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს მცდელობა კიდევ უფრო გაააქტიურეს ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. 

რა სურთ პენსიონერებს და რა სურთ პოლიტიკოსებს?

წლევანდელი წინააარჩევნო „სეზონის“ სიახლე არის ინიციატივა, რომ დღეს არსებული საპენსიო მომსახურების სქემა რადიკალურად შეიცვალოს და, ნაცვლად ერთი ბანკისა, პენსიების დარიგებას მოემსახუროს ბევრი ბანკი, ხოლო პენსიონერმა თავად აირჩიოს, სად სურს პენსიის აღება... 

კონკურენცია თითქმის ყოველთვის კარგია, გამართლებულია და ამჯერადაც, ერთი შეხედვით, ჟღერს, როგორც პენსიონერებისთვის უფრო უკეთესის შექმნის ლოგიკური შესაძლებლობა... 

თუმცა, ამ კონკრეტულ საკითხზე სწორი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია იმ ზედაპირული პოლიტიკური სპეკულაციების და ხმამაღალი განცხადებების საფუძველზე, რაც ჩვენ ბოლოხანს ვიხილეთ საპარლამეტო ფორმატში გამართულ პოლემიკა-კამათებისას, ასევე მცირე ოპოზიციური პარტიების მიერ ქუჩაში გამართულ პერფორმანსებზე. 

ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პენსიების დარიგების საკითხი ძალიან გააზრებულად, პენსიონერებისა და სახელმწიფოს რაციონალური და საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს და არა - პოლიტიკური კონიუქტურის და წინასაარჩევნო ინტერესების კვალობაზე. 

რამდენად შეიძლება ერთსა და იმავეს გულისხმობდეს ეს ორი რამ: პენსიონერების ინტერესები და ცალკეული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ინტერესები? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოდით, პენსიონერების საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების ოპტიმალური გზები განვიხილოთ სწორედ ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.

როგორ მუშაობს სისტემა დღეს?

დღეს პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ექსკლუზიურად ემსახურება ტენდერში გამარჯვებული ერთი კომერციული ბანკი - ლიბერთი. ის ახორციელებს უკლებლივ ყველა პენსიონერის მომსახურებას, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის - იმ ათასობით სოფელში, სადაც არც ერთი ბანკი და არც ერთი ბანკომატი არ ფუნქციონირებს. 

პენსიების დარიგებაში სახელმწიფო არაფერს უხდის ბანკს, ანუ ბანკი ყოველთვიურად უფასოდ არიგებს პენსიას. ამაში არც პენსიონერები იხდიან რაიმე საკომისიოს - ასეთია დღევანდელი მოდელი.

საინტერესო ფაქტია, რომ დღემდე, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ არც ერთ ტენდერში, სხვა რომელიმე ბანკი, ინტერესის გამოხატვის ეტაპის მიღმა, წინ არ წასულა, ანუ, წინა ტენდერებში არც ერთ სხვა ბანკს, პენსიების დარიგების უფლების მოსაპოვებლად, მონაწილეობა არ მიუღია.

ანალიტიკოსებისთვის, სპეციალისტებისთვის, უბრალოდ, ლოგიკურად მოფიქრალი ადამიანებისთვის, ეს ვითარება - როცა პენსიების გაცემის საქმეში, სახელმწიფოს ურჩევნია ერთ აგენტთან ჰქონდეს საქმე - მარტივად გასაგებია:  სახელმწიფოს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი, რომელიც სერვისს ახორციელებს სრულად და შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურით. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაძლო კრიზისის დროს, ამ აგენტმა ეფექტიანად განახორციელოს მართვა და მოახერხოს სერვისის უწყვეტობის და მისი ხარისხის შენარჩუნება - მაგალითად, ამ ამოცანის დიდი მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა კოვიდ პანდემიის გამო გამოცხადებული ხანგრძლივი „ლოქდაუნის“ დროს. 

ამ აგენტმა, გარდა მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა თუ რეგიონებისა, სერვისი სრულყოფილად უნდა მიაწოდოს უკლებლივ ყველა ბენეფიციარს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის. ცნობისთვის, საქართველოში, დღეს 1 300-ზე მეტი სოფელია, სადაც არც ერთი ბანკის სერვის-ცენტრი, ბანკომატი ან საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციონირებს, მათ შორის - არც დღეს სერვისის განმახორციელებელი „ლიბერთი ბანკის“. 

ამ სოფლებში, ჯამურად, 200 ათასამდე პენსიის მიმღები ჩვენი თანამოქალაქე, ანუ ჯამურად პენსიონერების დაახლოებით ერთი მეოთხედი ცხოვრობს. მომსახურე ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში, ამ პუნქტებში, „ხელით მიიტანოს“ და პენსია (ნაღდი ფულის სახით) და დაურიგოს ბენეფიციარებს. 

შესაბამისად, „ლიბერთი“, თავისი მოძრავი სერვისცენტრების მეშვეობით, ამ სოფლებშიც არიგებს პენსიას, ხოლო 30 ათასამდე პენსიონერთან ბინაზე მიაქვს პენსია.

რა მოხდება, თუკი პენსიების დარიგება რამდენიმე ბანკზე გადანაწილდება?

მოდით, კარგად გავაანალიზოთ, რა ვითარება შეიძლება მივიღოთ, თუკი საპენსიო ტენდერი დაიშლება და რამდენიმე ბანკს მოუხდება ამ სერვისის განხორციელება.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა კომერციული ბანკი და მათ შორის, „ლიბერთიც“, პირველ რიგში ინტერესს გამოხატავენ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში პენსიების დარიგებაზე.  

რაც შეეხება მაღალმთიან და ნაკლებად მჭიდრო დასახლებებს - ანუ, იმ 1300 სოფელში მცხოვრებ 200 ათას პენსიონერს, იქ, დიდი ალბათობით, უკვე აღარც „ლიბერთის“ ექნება კომერციული ინტერესი და, მით უფრო, არც სხვა ბანკებს, რომლებსაც „ლიბერთიზე“ ბევრად პატარა ქსელი აქვთ, რამდენადაც მხოლოდ ამ სეგმენტის მომსახურება, ისიც უფასოდ, გაუმართლებელი ხარჯი იქნება ნებისმიერი ბანკისთვის. 

შესაბამისად, სერიოზულად დადგება იმის საფრთხე, რომ ეს 200 ათასი პენსიონერი მომსახურების გარეშე დარჩეს, ან ამ სოფლებში პენსიის დარიგების სერვისის ფასის გადახდა თავად პენსიონერებს მოუწიოთ საკუთარი პენსიიდან, როგორც ეს ადრე, ბევრი წლის წინ იყო. 

ამაზე, ცხადია, დღეს პენსიონერების ინტერესების ხმამაღლა „დამცველ“ პოლიტიკოსებს საუბარი არც სურთ და არც აწყობთ, მაგრამ მათემატიკას ვერავინ გაექცევა და საბოლოდ, ვიღაცას მაინც მოუწევს ფულის გადახდა იმაში, რაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველაზე ცუდი კი ის იქნება, თუკი ამ ხარჯის გადახდა ისევ პენსიონერებს დააწვება ტვირთად.

როგორც დავინახეთ, ტენდერის, „დაშლის“ და საპენსიო მომსახურების სხვადასხვა ბანკზე გადანაწილების შემთხვევაში, სერვისი, მთლიანობაში, ბევრად გაძვირდება - ან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ან, რაც კიდევ უფრო უარესია, პენსიონერებისთვის.

გარდა ამისა, გაცილებით გართულდება ამ პროცესის ადმინისტრირებაც, რაც ერთი მომსახურე ბანკის შემთხვევაში მთლიანად ამ ბანკის მიერ ხორციელდება. „დაშლის“ შედეგად ადმინისტრირების ტვირთი ძირითადად გადავა სახელმწიფოზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროცესთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუროკრატიის, საბუთბრუნვისა თუ ბუღალტერიის მოცულობა და შესაბამისად ხარჯიც.

მაშინ ისმის კითხვა: რას მოიგებს პენსიონერი საპენსიო სქემაში რამდენიმე ბანკის მონაწილეობის შემთხვევაში? ტენდერის „დაშლის“ ინიციტორი პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ამით პენსიონერს მიეცემა ბანკის არჩევის შესაძლებლობა, ანუ ბანკებს მოუწევთ ერთმანეთთან კონკურენცია და ეს აიძულებთ მათ, შეძლებისდაგვარად კარგი პირობები შესთავაზონ პენსიონერებს, მათ შორის, სესხის პირობებზეც.

აქ საინტერესო ისაა, რომ დღევანდელი მოდელი არ ისედაც არ უზღუდავს პენსიონერს ბანკის არჩევის საშუალებას, როგორც პენსიის, ისე სესხის აღების მხრივ. ნებისმიერ პენსიონერს დღესაც შეუძლია, დააფიქსიროს „ლიბერთი ბანკში“ მოთხოვნა და ყოველთვიურად, „ლიბერთიში“ მის ანგარიშზე ჩარიცხული პენსია გადაირიცხოს მისსავე ანგარიშზე სხვა ბანკში, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე, ანუ უფასოდ.

ანალოგიურად, დღესაც ნებისმიერ პენსიონერს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს სესხი სხვა ნებისმიერ ბანკში, თუკი ის დააკმაყოფილებს იმ ბანკის სასესხო პირობებს. დღევანდელი მონაცემებით, ლიბერთის მსესხებელი პენსიონერების 20%-ზე მეტი ასევე სარგებლობს სესხებით სხვადასხვა ბანკებში.

შესაბამისად, ტენდერის „დაშლის“ ინიციატორი პოლიტიკოსების ერთადერთი მკაფიო არგუმენტი, რომ დღეს პენსიონერს შეზღუდული აქვს ბანკის არჩევის თავისუფლება და სხვა ბანკში სესხის მიღების შესაძლებლობა, არ შეესაბამება სიმართლეს და განპირობებულია ისევ და ისევ პენსიების თემის გააქტიურების რეალური პოლიტიკური კონტექსტით - წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, საიდანაც რეალურად დაიწყო პენსიების საბანკო მომსახურების ტენდერის დაშლაზე საუბარი.  

საბოლოო ჯამში, ამ მარტივი ანალიზის საფუძველზეც კი, თუკი ავწონ-დავწონით საპენსიო მოდელის რამდენიმე ბანკზე დაშლის დადებით და უარყოფით შესაძლო შედეგებს, მარტივად დავასკვნით, რომ საპენსიო ტენდერის  დაშლით ყველაზე მეტად ალბათ მოიგებენ და წინასაარჩევნო ტაქტიკურ წარმატებას იზეიმებენ ამ ინიციატივის ავტორი პოლიტიკოსები. 

თუმცა, დიდად ვერაფერს მოიგებს და, უფრო მეტი ალბათობით, დაზარალდება კიდეც ამ საკითხის მთავარი მხარე - მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე პენსიონერი. ეს გადაწყვეტილება დამატებით სირთულეებს შექმნის სახელმწიფო აპარატისთვის და დამატებით ხარჯებად დააწვება ბიუჯეტსაც, რომელსაც ნამდვილად არ ულხინს... 

საინტერესოა, ტენდერის ბედის გადამწყვეტი კომისია როგორ გაანალიზებს და რა ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას ახალ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით. ამ თემის აშკარა ძლიერი პოლიტიკური ასპექტის, პენსიებით წინასაარჩევნო სპეკულაციებისა და აჟიოტაჟის ფონზე არ იქნება მარტივი ეკონომიკურად და სოციალურად დასაბუთებული, სწორი გადაწყვეტილების მიღება - სწორედ ეს იქნება ამ კომისიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც.

სანდრო მდივანი

წყარო:http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=3&id_artc=132604&fbclid=IwAR2yK--H6dhdeSy3VygMXNlMAzv_eTslAthcr8OBcGAJYcJzIaLWpJat79Q

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფება. 
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს და ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. 
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგად, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული დიალოგის პროცესში და საქართველო იყოს პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. 
პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის. 
პრემიერმა შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. 
საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და პრეზიდენტ მიშელს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროკავშირიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. 
პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ მიშელის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის ჩართულობით, თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

სესიის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ გაიმართა, მიმდინარე წელს იგი ჰიბრიდული ფორმატში ტარდება, 2019 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვივნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

მათი მონაცემებით, ბათუმში ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური