Items filtered by date: სამშაბათი, 02 მარტი 2021 - NEWSDAY GEORGIA

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან.

"ჩვენ მოვისმინეთ, მთავრობის მეთაურისგან ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე, რომ კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომ რაღაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი ჩვენი მხრიდან.

ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ სალაპარაკო საბაბს არ მისცემს",-აღნიშნა ზ. უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 2 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციით და პიკეტირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა "დესტრუქციული ქმედება" გააგრძელეს.

წყარო: https://mtavari.tv/news/34393-visaubret-aktsiis-pormis-shetsvlaze-opozitsiuri

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, დავინახეთ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს.
პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის განხილვის საგანი. პირველი საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გათავისუფლებას.
ჩემი პოზიცია იყო და მინდა საჯაროდ გავიმეორო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, ციხიდან გამოიყვანონ.
მეორე საკითხი შეეხებოდა მმართველი გუნდის სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, საითაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მათ შორის ეს ეხება როგორც ადგილობრივ არჩევნებს, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პირადად მე და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას", - ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ადმინისტრაციული ე.წ. სასაზღვრო ხაზის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის.
"მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია. მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, მე თითოეული მათგანი შეხვედრაზე მოვიწვიე, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა. ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული. დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის!", - აცხადებს შარლ მიშელი.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს"ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს. გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური