Items filtered by date: ორშაბათი, 01 მარტი 2021 - NEWSDAY GEORGIA
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.
  • სესხი აძლიერებს, COVID--19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად, „ევროპის გუნდის“ მიერ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.
  • მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საქართველოს ბიზნეს სუბიექტების დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოყო.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, და ლიბერთი ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სესხის საერთო ოდენობამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული საგანდებო პირობებით გაცემული კრედიტების ოდენობამ 90 მილიონ ევროს გადააჭარბა.
 
იმ დროს, როდესაც COVID-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.
 
სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაესწრო.
 
ვიდეო მასალა იხილეთ აქ: https://we.tl/t-HjPiBizZZK
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა: „ევროპის გუნდი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებენ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს. მოხარული ვართ, რომ ვრჩებით საქართველოს სანდო მოკავშირედ და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მთავარ წყაროდ”.
 
ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს და ევროკავშირს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომლებიც ისინი ლიბერთი ბანკის მიერ იჩენენ. დიდი მადლობა სესხის ოდენობის გაზრდისათვის. ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს. კორონა ვირუსმა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს  ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება. 10 მილიონი ლარის ექვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა
 
სესხი იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსება გაიცეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და გაიზარდოს სესხების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. სესხის მოცულობის გაზრდა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოსვლას COVID-19-ით შექმნილი კრიზისიდან.
 
ევროკავშირის ბანკის ეს ინვესტიცია ნაწილია ევროპის საინვესტიციო ბანკის იმ ფართო ინიციატივისა, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას, მცირე ადგილობრივი ბანკების მხარდაჭერის გზით. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450,000 ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ლიბერთი ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფაღთოებაში დაეხმარება.
 
„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება
 
ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  
 
საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი  კიდევ უფრო მიმზიდველია COVID-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.
 
საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის განკუთვნილ საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 290 მილიონ ევროს აღემატება, რაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
 
დამატებითი ინფორმაცია
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:
ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:
ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს 2007 წლიდან უწყობს. დღემდე ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში უზრუნველყოფილი დახმარება 1.85 მილიარდს შეადგენს. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს დახმარება აღმოუჩინა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები (1 მილიარდი ევრო),  მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოები (290 მილიონი ევრო), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგეტიკული პროექტები (23.5 მილიონი ევრო). COVI0044-19-ის კრიზისის დასაძლევად 2020 წელს ბანკმა საქართველოს 170 მილიონი ევრო გამოუყო.
 
საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას და რისკების გაზიარებას. ამჟამად, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის საგარანტიო პორტფელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების 382.9 მილიონი ევროს მოცულობის სესხებს მოიცავს.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. პროექტების დასაფინანსებლად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მიერ დაფინანსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში.
 
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე: https://www.eib.org/en/publications/the-european-investment-bank-in-georgia

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრაზე გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი, როგორ შეიძლება, ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლება, განვითარდეს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ, ევროკავშირს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტპატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, რათა დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული, დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შეიძლება, იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე, ჩვენ როგორ ვხედავთ გამოსავალს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

მე შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის ხელისუფლებაზეც. ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ შეუძლებელია, მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს, ამ დროს კი, საუბრობდეს დიალოგზე. ეს არის თავისთავად აბსურდული მოცემულობა. ეს მათ ესმით ძალიან კარგად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წყარო: https://1tv.ge/news/salome-samadashvili-evrokavshiri-ganakhorcielebs-yvela-shesadzlo-gzit-zewolas-rata-krizisi-daidzlios/

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსთან“ პარტნიორობით.

„ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის 10 წლის განმავლობაში, 2011 წლიდან დღემდე, ორგანიზაცია 942.593 ლარით 600-მდე ბენეფიციარს დაეხმარა. შედეგად ასობით მზრუნველობამოკლებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და მრავალ წარმატებულ კარიერას აშენებს. ამას უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

2020 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ბენეფიციარისთვის აქტუალური იყო: 

 

ძირითადი გამოწვევები:

COVID-19-ის პირობებში გაიზარდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობა, იმის გამო, რომ მათ ოჯახის წევრების გარეშე უწევთ ცხოვრება და შესაბამისად, მათთვის სოციალური იზოლაცია გაცილებით რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ამასთან, პანდემიის შედეგად, ახალგაზრდებმა დაკარგეს სამსახური, ზოგიერთ მათგანს კი გაურთულდა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა მოცემულ ეტაპზე, უმთავრესი სირთულეები გადალახულია და „ფონდო ნატახტარი“ და „ჩვენი სახლი-საქართველო“ აგრძელებს მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), 85 ქვეყნისთვის 170 მილიონი დოზა კოვიდ -19 ვაქცინის უზრუნველსაყოფად, შეთანხმება გააფორმა AstraZeneca–სთან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების პროგრამის, COVAX-ის ფარგლებში, Kovid-19 ვაქცინის მოწოდებაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი მათ ორგანიზაციასა და AstraZeneca-ს შორის და ხელმოწერილი ამ კონტრაქტის თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიოს 85 ქვეყანას მთლიანობაში 170 მილიონ დოზა AstaZeneca-ს ვაქცინას მიაწოდებს.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა

საქართველოს პრეზიდენტი: მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და მაშინაც ძალიან კარგი საუბარი გვქონდა.

დღეს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს თავისი ევროპული, დემოკრატიული გზა და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. 

როგორც არასოდეს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, რომ (ის რაც იყო და არის) საქართველო - როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ, ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. 

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე.

ჩვენ საუბრისას (და როგორც შეამჩნიეთ ეს საუბარი გაგვიგრძელდა) ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას უნდა ეს და სხვა არაფერი. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერაა მოთხოვნილი.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ურთიერთობა მყარი და მუდმივია!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური